იაპონიის ქალაქ ოსაკაში სტარტი აიღო ტრადიციულმა საგაზაფხულო ტურნირმა სუმოში, რომელშიც ქართველი სეკიტორები – ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე და თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ ჩაებნენ.
ტოჩინოშინი, რომელიც ჰარუ ბაშოში დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, ოძეკი ტერუნოფუჯის გაეჯიბრა და იორიკირით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველისა და მონღოლის შერკინება ძალიან დაძაბული გამოდგა და 50 წამამდე გასტანა. ლევანის მომდევნო მეტოქე დასავლეთის სეკივაკე ტოიონოშიმა იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც მინიმალური ანგარიშით მარცხდება – 7:8.
წარმატებული სტარტი ჰქონდა გაგამარუს, რომელიც ტურნირს აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით შეხვდა. ჯუღელმა დასავლეთის მე-9 მაეგაშირა სადანოუმი ოშიდაშით დაჯაბნა, ხვალ კი, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში პირველად დაუპირისპირდება აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა იჩინოჯოს.
აღსანიშნავია, რომ ოსაკას ბაშოს პირველ დღეს სენსაციური ფინიში ჰქონდა. წააგო ერთბაშად ორმა იოკოძუნამ: 69-ე დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ კარიერაში პირველად წაიფორხილა კომუსუბი ტაკარაფუჯისთან, ხოლო 71-ე იოკოძუნა კაკურიუ სეკივაკე ტოიონოშიმასთან დამარცხდა.
ჰარუ ბაშოს პირველი დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა 3:45-დან, ტოჩინოშინის – 7:37-დან