15, 17 და 20 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩების გამართვა უწევს - ჯგუფურ ეტაპს, რომელშიც ქართველ ჭაბუკებთან ერთად, მათი რუსი, იტალიელი და ბოსნიელი თანატოლები მონაწილეობენ, თბილისი მასპინძლობს. მატჩები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მოედნებზე გაიმართება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და “ზესტაფონს” შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ტურნირის მიმდინარეობისას, სტუმართა გუნდები სწორედ ზესტაფონელთა თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ბაზის მინდვრებზე ივარჯიშებენ.
17-წლამდელთა მოახლოვებული ტურნირის მონაწილე პირველი გუნდი, რომელმაც "ზესტაფონის" თბილისური ბაზა "დააგემოვნა", რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრები გახლდათ - ჩრდილოელები, რომლებთანაც ცალკე შეთანხმებაც კი შედგა, 7-13 მარტს, იმერელთა სპორტული კომპლექსის მწვანე საფარზე ტურნირის წინა შეკრება გაიარეს. უშუალოდ ელიტრაუნდის მსვლელობისას კი, რუსებთან ერთად, ბაზაზე მათი იტალიელი და ბოსნიელი თანატოლებიც ივარჯიშებენ.
სიამოვნებით უნდა ავღნიშნოთ, რომ მთელი ამ შეკრების მანძილზე რუსეთის 17-წლამდელების დამრიგებელი სერგეი მატვეევი არ მალავდა კმაყოფილებას ზესტაფონელთა ბაზაზე მოედნების საფარის ხარისხისა და სავარჯიშო პირობების გამო.