ფეხბურთი

0:41 | 13.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე პრემიერლიგას დაუბრუნდა, ქეცბაია სერიას აგრძელებს (+VIDEO)

იტალიის სერია ა-ში “ემპოლიმ” შინ 1:1 დაასრულა მატჩი “სამპდორიასთან”. ლევან მჭედლიძემ ბოლო 35 წუთი ითამაშა. წინა შეხვედრის მსგავსად, საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა. მჭედლიძის გუნდი მეათე ადგილზეა.
კვიპროსზე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აპოელ-მა შინ 2:1 აჯობა “ომონიას” და სამქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ქეცბაიას გუნდი მიჯრით იგებს თამაშებს. “ანორთოსისმა” კი შინ 0:1 წააგო აეკ ლარნაკასთან და მეხუთე პოზიციაზეა. დამარცხებულთა შორის ირაკლი მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშა.
ბოლო 11 მატჩში 11 მოგება – ასეთია აპოელ-ის შედეგი ჩემპიონატში.
რუსეთის პრემიერლიგაში “როსტოვმა” ცსკა-ს 2:0 მოუგო და პირველ ადგილზეა. ნიკა კაჭარავა როსტოველთა სათადარიგოთა სკამზე იყო, მაგრამ მინდორზე არ შეუყვანიათ. ისე, რუსეთში “როსტოვის” ასეთ გამოსვლას “ლესტერის” პრემიერლიგურ ზღაპარს ადარებენ. იმედია, კაჭარავასაც მიეცემა სათამაშო დრო და ვინ იცის, რუსეთის ჩემპიონიც გახდეს.
მოსკოვის “სპარტაკმა” შინ 2:1 აჯობა “ამკარს” და მესამე საფეხურზეა. ჯანო ანანიძემაც ითამაშა, კერძოდ, 65-ე წუთზე შევიდა მინდორზე. ჯანომ რუსულ პრემიერლიგაში 29 აგვისტოს შემდეგ პირველად ითამაშა... მან ერთ საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა და “სპორტ-ექსპრესისგან” ნორმალური შეფასება (6,0) მიიღო. “ამკარში” ბოლო ნახევარი საათი გაისარჯა გიორგი ჯიქია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.
თურქეთში “რიზესფორმა” შინ 1:2 წააგო “ბეშიქთაშთან” და მე-13 პოზიციაზეა. რიზელთა შორის ნიკა ძალამიძეც გამოჩნდა, მე-60 წუთზე შეიყვანეს მინდორზე. ნიკას აქამდე მცირე დრო ეძლეოდა სათამაშოდ და იმედია, პრაქტიკა მიეცემა.
უკრაინაში ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” 4:0 აჯობა “ჩერნომორეცს” და მესამე პოზიცია გაიმყარა. ლიპარტიამ პირველ ტაიმში ითამაშა და შესვენებისას შეცვალეს, როცა ჯერ 0:0 იყო. “ჩერნომორეცში” დავით ხოჭოლავა და გიორგი გადრანი არ გამოჩენილან. ხოჭოლავას ტრავმა აწუხებს.

0.144581