საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა აჭარის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ბათუმის "დინამოს" მომავალი სტადიონის პროექტს გაეცნო. ასევე, დაათვალიერა კლუბის მშენებარე ბაზა და შეხვდა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს.
worldsport.ge ნიკა ჯღარკავას გაესაუბრა:
- სტადიონის პროექტზე გვითხარით და კიდევ, როდის დაიწყება სამუშაოები?
- მე და ფედერაციის ლიცენზირების განყოფილების უფროსი ბაქარ ჟორდანია ვიყავით ჩასულები. შევხვდით თურქული კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც გაგვაცნეს მშენებლობის დეტალები და წარმოგვიდგინეს პროექტი. ტევადობა 20-21 ათასი იქნება, ნამდვილი საფეხბურთო. ჩვენც გარკვეული კორექტივები შევიტანეთ პროექტში, რაზეც თანხმობა განაცხადეს ავტორებმა.
- თურქეთში რომელ კლუბს აქვს მსგავსი სტადიონი?
- ეს არის, მაგალითად, მიახლოებით "მერსინის" სტადიონის მსგავსი პროექტი. 2018 წელს ბათუმში უკვე მზად იქნება სარბიელი. ძალიან კარგ ადგილას აშენდება, ღია სივრცეში.
- ბაზას რაც შეეხება, მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ ბათუმის "დინამოს" დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა ადრე გვითხრა, იქ ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობაც შეიძლებაო.
- ასეა. ანგისას ტერიტორიაზე შენდება და წლის ბოლომდე მზად იქნება. ალბათ, მომდევნო სეზონიდან სწორედ იქ ითამაშებს ბათუმის "დინამო". ისე, აჭარაში სხვა პროექტებიც დაიწყება, რაც ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისგან დავინახეთ მონდომება და ეს ძალიან კარგია.