ავტოსპორტი

21:42 | 10.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში აპრილში დაიწყება

გაზაფხულთან ერთად, საქართველოში რბოლების სეზონიც გაიღვიძებს. წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის ახალი სეზონი აპრილში, რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე აიღებს სტარტს და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. წინა სეზონების მსგავსად, ამჯერადაც კალენდარში შვიდი ეტაპი შევიდა და ყველა მათგანი რუსთავის ავტოდრომზე ჩატარდება.

გარდა ამისა, იგეგმება საერთაშორისო რბოლებში მონაწილეობა. ამ მხრივ, ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის, თუმცა წინასწარი ვარაუდით, ქართველი პილოტები ორ გასვლით ეტაპზე იასპარეზებენ, რომელთაგან ერთი ისტანბულში გაიმართება, მეორე კი - რიგაში.

საქართველოს ჩემპიონატში რბოლები ისევ ოთხ კლასში - ფორმულა ალფაში, ლეჯენდსში, ტურინგ ლაითსა (ჰონდა) და კომპაქტში (ბეემვე) ჩატარდება. ოღონდ ტურინგ ლაითს და კომპაქტ კლასს ერთობლივი რბოლები ექნებათ, რაც მათ მიმართ ინტერესს გააძლიერებს.

მოკლედ გავეცნოთ დასახელებულ კლასებს:

ფორმულა ალფა

ამ კლასში რბოლები ღიაბორბლიანი ერთადგილიანი სარბოლო ავტომობილებით ტარდება, რომლებიც „ალფა რომეოს“ წარმოების 2.0-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავებითაა აღჭურვილი. ძრავს თითოეულ ცილინდრზე ორი სანთელი ემსახურება. ის 160 ცხენის ძალას (6200 ბრ/წთ-ზე) და 187 ნიუტონმეტრს (3500 ბრ/წთ-ზე) ავითარებს. გადაცემათა კოლოფი „ჰიულენდის“ წარმოების, 5-საფეხურიანი მექანიკურია.

შოთა აფხაზავას კომპანია „არტლაინ ინჯინირინგის“ წარმოების ავტომობილი, ფოლადის ოთხკუთხა მილებით შეკრულ სივრცულ სტრუქტურაზეა აგებული. ძარა შუშაბოჭკოვანი კომპოზიტით არის დამზადებული. მას აქვს „საქსის“ ამორტიზატორები და „ბრემბოს“ მუხრუჭები. ბორბლები OZ-ის წარმოებისაა, საბურავები - „ჰენკუკის“. წონა 550 კილოგრამი. ბოლიდს ადგილიდან ასის აკრეფა 3.7 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია.

2015 წლის სეზონის ჩემპიონი: მევლუდ მელაძე

ლეჯენდსი

ამ კლასში ყველაზე საინტერესო რბოლები იმართება ხოლმე. მათში ამერიკული წარმოების, რეტრო სტილის სარბოლო ავტომობილებით მონაწილეობენ. ეს არის 1930-იანი წლების პოპულარული ავტომობილების 5/8 მასშტაბის რეპლიკები, რომლებიც მარტივ სივრცულ სტრუქტურაზეა აწყობილი. მათ განსხვავებული ძარები აქვთ, რომლებიც ნასქარ-ის სერიის რბოლების მონაწილე ავტომობილებს შეესაბამება.

ლეჯენდსის ავტომობილებს, სიმძლავრის და წონის უკეთესი ფარდობა აქვს, ვიდრე „პორშე 911-ს“. ძრავი „იამაჰას“ წარმოებისაა, ოთხტაქტიანი. მისი მუშა მოცულობაა 1250 კუბური სანტიმეტრი, სიმძლავრე 140 ცხენის ძალა (10 500 ბრ/წთ-ზე), ტრანსმისია 5-საფეხურიანი, სეკვენტალური. ავტომობილს ასამდე ასაჩქარებლად 4.0 წამზე ნაკლები ჰყოფნის.

2015 წლის სეზონის ჩემპიონი: არჩილ ბიძინაშვილი

ტურინგ ლაითი

ეს არის „ჰონდას“ მონო კლასი, რომელშიც იაპონური კომპანიის წარმოების მოდელები დაიშვება. ძრავი 1.4 და 1.5-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი, 95 ცხენის ძალით. გადაცემათა კოლოფი მექანიკური (სტანდარტული). ეს ყველაზე ხელმისაწვდომი კლასია - ავტომობილის შეძენას, სარბოლოდ მომზადებას და ერთ სეზონზე მონაწილეობას, დაახლოებით 5 000 დოლარი ჰყოფნის. მართალია, ძრავი დიდი სიმძლავრით არ გამოირჩევა, მაგრამ ავტომობილების სიმსუბუქის წყალობით, საკმაოდ სოლიდური საშუალო სიჩქარის მიღწევაა შესაძლებელი. რაც მთავარია, ეს კლასი ახალბედებისთვის საუკეთესო ვარიანტია.

2015 წლის სეზონის ჩემპიონი: დავით მენთეშაშვილი

კომპაქტ კლასი

ეს საქართველოს ჩემპიონატში ახალი კლასია და პირველად გასულ სეზონში გამოჩნდა. ამის მიუხედავად, თავიდანვე პოპულარული გახდა, რასაც ის ფაქტი განაპირობებს, რომ მასში „ბეემვეს“ წარმოების ავტომობილები მონაწილეობს. შესაბამისად, ესეც მონო კლასია. მასში ბავარიული კომპანიის მოდელი 318 Ti დაიშვება. ძრავი 1.8-ლიტრიანი, სიმძლავრე 138 ცხენის ძალა. გადაცემათა კოლოფი მექანიკური, საბურავები საგზაო, არასპორტული.

2015 წლის სეზონის ჩემპიონი: ვანო მძელური

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში

2016 წლის კალენდარი

23-24 აპრილი - 1-ლი ეტაპი, რუსთავი

21-22 მაისი - მე-2 ეტაპი, რუსთავი

11-13 ივნისი - მე-3 ეტაპი, რუსთავი

16-17 ივლისი - მე-4 ეტაპი, რუსთავი

3-4 სექტემბერი - მე-5 ეტაპი, რუსთავი

15-16 ოქტომბერი - მე-6 ეტაპი, რუსთავი

29-30 ოქტომბერი - მე-7 ეტაპი, რუსთავი

http://rim.ge

0.085927