ავტოსპორტი

21:21 | 9.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენს „ტორო როსოდან“ წასვლა სურს

„სკუდერია ტორო როსოს“ მრბოლი მაქს ფერსტაპენი ამბობს, რომ შესაძლოა, 2017 წელს „ტორო როსოში“ დარჩეს, თუმცა აღიარებს, რომ კარიერული წინსვლისთვის ტოპ გუნდში გადასვლაა სასურველი. საყოველთაო აღიარებით, ჰოლანდიელ მრბოლს, ვინც ფ1-ში 17 წლის ასაკში გამოჩნდა, დიდი მომავალი აქვს. და მისი გადაბირება რამდენიმე დიდ გუნდს სურს.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ „ტორო როსოში“ მისი მესამე სეზონიც გაატაროს, ის პასუხობს: „შესაძლოა ასეც მოხდეს, მაგრამ ეს ჩემს გეგმებში არაა. მე წინსვლა მჭირდება. რა თქმა უნდა, შესანიშნავია, რომ „ტორო როსოში“ ვარ - ეს კარგი ოჯახივითაა. მაგრამ რაღაც მომენტში, იმის დრო დგება, რომ რბოლების მოგება უნდა დაიწყო. ამისათვის მუდმივი წინსვლა, საუკეთესო გუნდში ყოფნაა საჭირო“.

ფერსტაპენი დასძენს, რომ ამჟამად არანაირ ზეწოლას არ გრძნობს და მისი მთავარი მიზანი, მეტი გამოცდილების დაგროვებაა. რა იქნება ამის შემდეგ, მხოლოდ მომავალი სეზონის ბოლოსკენ გამოიკვეთება. და სწორედ მაშინ გაირკვევა, „ტორო როსოში“ დარჩება, თუ სხვაგან გააგრძელებს კარიერას. უნდა ითქვას, რომ იტალიური გუნდი ახალი სეზონისთვის კარგად არის მომზადებული და მისგან და მისი ახალგაზრდა პილოტებისგან, ბევრი სიურპრიზებს ელის.

რაც შეეხება იმ გუნდებს, რომლებსაც ფერსტაპენის გადაბირება სურთ, მათგან ყველაზე გამორჩეული „ფერარია“. ამ ხმების შესახებ თავად პილოტმაც იცის და ეს მას სიამოვნებს: „ძალიან კარგია, რომ ასეთ რამეს ამბობენ. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა შენს მომავალს ასეთ გუნდს უკავშირებენ. თუნდაც, ამის რეალური საფუძველი არ არსებობდეს. მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ხდება. მე კი ბედნიერი ვარ იმით, რომ აქ ვარ“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108358