მოკლედ ასე, გაცილებით მაღალმა კლასმა ბოლომდე თავისი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის “რეალი” და გერმანული “ვოლფსბურგი” გავიდნენ. აღნიშნულმა გუნდებმა მერვედფინალში ორივე თამაში მოიგეს და თავიანთ მეტოქეებზე მაღლა რომ იდგნენ, ყველას დაანახეს.
“რეალმა” “რომას” მეორე შეხვედრაც ისეთ სტილში მოუგო, როგორც პირველი თამაშში, იტალიელებს ცდა და მონდომება არც საპასუხო მატჩში დაუკლიათ, მაგრამ კლასმა აღმართი დახნა. რაღა თქმა უნდა, არც “ჯალოროსია” დაბალი დონის გუნდი და ეს დღევანდელმა მატჩმა სრულად ცხადჰყო, თუმცა “რეალი” სხვა სიმაღლეზეა.
აკი ამბობდა კიდეც თამაშამდე ლუჩანო სპალეტი პირველებმა თუ გავიტანეთ, ბევრი რამ შეიცვლებაო და ვინ იცის, “რომას” ბოძებულ შანსთაგან ერთი მაინც რომ გამოეყენებინა, მერე როგორ განვითარდებოდა მოვლენები. სამაგიეროდ, როცა “სამეფო კლუბმა” ანგარიში გახსნა ყველა კითხვას საბოლოოდ გაეცა პასუხი. ისე, როდესაც “რეალთან” ორბურთიანი ჩამორჩენა გაქვს აღმოსაფხვრელი და მეკარესთან პირისპირ სამჯერ დარჩები, ერთი მაინც უნდა გაიტანო. ეგ კი არა, იტალიური გუნდის შემტევებმა ბურთი კარსაც ვერ დაუმიზნეს... პირველ ტაიმში ჯერ ედინ ჯეკო გაისარჯა საშინლად და მოჰამედ სალაჰისა და სტეფან ელ შაარავის შრომა წყალში ჩაყარა, მერე თვითონ სალაჰმა გააცუდა. აღსანიშნავია, რომ პირველ 45 წუთში სპალეტის გუნდი გაცილებით ახლოს იყო ანგარიშის გახსნასთან, ვიდრე მეტოქე.
მეორე ნახევარი კი მადრიდელთა დიდი უპირატესობით დაიწყო და თითქოს ვოიცეხ შჩესნის კარში გოლი მწიფდებოდა, როცა “რომა” კინაღამ დაწინაურდა. ჯეკომ ბოლომდე იბრძოლა და სალაჰი კეილორ ნავასს პირისპირ შეატოვა, მაგრამ ეგვიპტელმა ვერც ამ ეპიზოდში ივარგა. მიუხედავად ამისა, “რომას” ყურები არ ჩამოუყრია და გოლის გატანას ისევ მედგრად ცდილობდა. ალესანდრო ფლორენციმ სერხიო რმაოსი ბავშვით მოატყუა, თუმცა ნავასმა დიდებულად ითამაშა. ამ ეპიზოდს კუთხური მოჰყვა, ხოლო სტანდარტს კოსტას მანოლასი აგვირგვინებდა კარში დარტყმით, როცა ჯეკოს პასი მიიღო, მაგრამ კოსტა რიკელმა კიპერმა თავისი მაღალი ოსტატობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა და თავისიანები დიდი უსიამოვნებისგან იხსნა. ეს იყო და ეს... მერე “სამეფო გუნდმა” 4 წუთიან ინტერვალში ორი გოლი გაიტანა და ყველაფერს წერტილი დაუსვა. ჯერ ლუკას ვასკესის ჩინებული თამაში კრიშიტიანუ რონალდუმ ერთი შეხებით დააგვირგვინა, მერე კი პორტუგალიელის გადაცემა ხამეს როდრიგესმა შეირგო – 2:0. დარჩენილ დროში ფაქტი იყო, რომ არაფერი შეიცვლებოდა და “რომაც” ბედს შეეგუა. ერთადერთი რაც საინტერესო მოხდა, მოედანზე ფრანჩესკო ტოტის შესვლა გახლდათ. ვინ იცის, იქნებ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოჯერ ითამაშა, მას კი “სანტიაგო ბერნაბეუს” პუბლიკა მქუხარე აპოლიდესმენტებით შეხვდა. ასეა, მადრიდში ლეგენდებს სცნობენ...
საბოლოო ჯამში, “რომამ” ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ საკუთარ თავს ვერ გადაახტა, რადგან “რეალი” გაცილებით მაღალი კლასის გუნდია. “ჯალოროსის” კი აწი ერთი საზრუნავი ექნება – იტალიის ჩემპიონატი.
“რეალი” – “რომა” 2:0 (0:0) (მიმოხილვა)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
მაყურებელი: 70 000
“რეალი” (4-3-3): ნავასი; დანილო, პეპე, რამოსე, მარსელო; კროოსი, მოდრიჩი (ხესე 76), კაზემირო (კოვაჩიჩი 84); ხამესი, რონალდუ, ბეილი (ვასკესი 61)
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, ძუკანოვიჩი, დინიე; პიანიჩი (ვაინკე 46), კეიტა (მაიკონი 86); სალაჰი, პეროტი, ელ შაარავი (ტოტი 74); ჯეკო
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
გოლები: 1:0 რონალდუ (64), 2:0 ხამესი (68)
გაფრთხილება: დანილო (37) – ძუკანოვიჩი (76)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 38 (11) – 11 (4) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 11:7 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: სჟიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)
თავის ისტორიაში პირველად მეოთხედფინალში ითამაშებს გერმანიის ვიცე-ჩემპიონი “ვოლფსბურგი”, რომელმაც ბელგიურ “გენტს” მეორე თამაშიც მოუგო. გადამწყვეტი მომენტი 74-ე წუთზე დადგა, როდესაც იულიან დრაქსლერმა ბელგიელთა დაცვა დაშალა და ანდრე შურლეს ახლო მანძილიდან გაატანინა. საერთოდ, დრაქსლერმა დიდი როლი ითამაშა “მგლების” მომდევნო ეტაპზე გასვლაში – ახალგაზრდა შემტევი ორივე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე იყო. “გენტზე” კი საყვედური ვის ეთქმის? – ჰეინ ვანჰაზბრუკის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სადებიუტო სეზონში გავიდა და თავი არც იქ შეურცხვენია.
“ვოლფსბურგი” – “გენტი” 1:0 (0:0) (მიმოხილვა)
ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”
მაყურებელი: 23 457
“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): კასტეელსი; ტრეში, კნოხე, დანტე, როდრიგესი; ლუის გუსტავო, გუილავოჯი; შურლე (შაფერი 89), არნოლდი (ვიეირინია 83), დრაქსლერი (კალიჯური 78); კრუსე
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
“გენტი” (3-5-2): სელსი; ნილსენი, გერსონი, ასარე; რაფინია (ფოკეტი 78), ნეტო, კუმსი, მატონი (საიეფი 68), დეიაგერე; მილიჩევიჩი, სიმონი (კულიბალი 70)
მწვრთნელი: ჰეინ ვანჰაეზბრუკი
გოლი: 1:0 შურლე (74)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (5) – 7 (2) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 2:3
მსაჯი: დამირ სკომინა