რუსეთში აგორებულ დოპინგ-სკანდალს ბოლო არ უჩანს. თითქოს, ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს მარია შარაპოვას გუშინდელი სკანდალური განცხადება არ ეყოფოდათ, დღეს მას კიდევ 2 ცნობილი სპორტსმენი მიჰყვა.
უფრო სწორად რომ ვთქვათ, ერთ-ერთ მათგანს განმეორებითმა სინჯმაც სავალალო განაჩენი გამოუტანა. საუბარია ძალოსან ალეკსეი ლოვჩევზე, რომელმაც გასულ წლის ნოემბერში აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სასწაული შედეგები დააფიქსირა და ოქროს მედალი რეკორდების ცვენით მოიგო.
რუსი მძიმეწონოსანის საოცარმა შედეგებმა ეჭვები მაშინვე გამოიწვია და როგორც აღმოჩნდა, ისინი უსაფუძვლო სულაც არ ყოფილა. ლოვჩევს ჩემპიონობა დეკემბერშივე ჩამოართვეს, როდესაც სინჯების შედეგებით, მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი იპამორელინი აღმოაჩნდა.
ცხადია, რუსებმა ჩვეული ისტერია მოაწყვეს და დამატებითი გამოკვლევა მოითხოვეს, რომელიც ამ დღეებში კანადის ქალაქ მონრეალის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაში ჩატარდა და ჰოი, “საოცრებავ” – რუსი სპორტსმენისთვის აღებულმა B სინჯმაც დოპინგის კვალი აჩვენა.
შეგახსენებთ, რომ ლოვჩევის ჩავარდნით ყველაზე მეტად ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ იხეირა, რომელიც დაფიქსირებული შედეგებით, მსოფლიო პირველობაზე მე-2 იყო, აღნიშნული სკანდალის კვალად კი, ყველაზე პრესტიჟულ წონაში ჩემპიონად გამოცხადდა.
და უცბადვე მორიგი “სენსაციური” სიახლე: დოპინგის მიღება დაუდასტურდა ციგურებით სირბილში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ პაველ კულიჟნიკოვს. რუს სპორტსმენს სისხლში უკვე საქვეყნოდ ცნობილი პრეპარატი მილდრონატი აღმოუჩინეს, რის გამოც ის უკვე ჩამოაშორეს 11-13 მარტს ჰოლანდიურ ჰერენვენში დაგეგმილ მსოფლიო თასის ფინალუტ ეტაპს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ კულიჟნიკოვს მეტილგეკსანამინის მიღება დაუმტკიცდა და 2012-2014 წლებში იძულებითი უქმობა უკვე მოუწია. ამდენად, დოპინგის ხელმეორედ მიღების გამო, რუს სპორტსმენს სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება.