ჩოგბურთი

15:10 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვას სპონსორებმა ზურგი აქციეს
ეს მხოლოდ პირველი მერცხლებია – რუსეთში უარეს ამბებს ელიან

მარია შარაპოვას საქმის წინასწარი განხილვა 23 მარტს ლონდონში ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ რუსი ჩოგბურთელი დოპინგის მიღებაში ამხილეს, რის გამოც მას ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

შარაპოვას წინასწარი დისკვალიფიკაცია 12 მარტს იწყება, თუმცა, უკვე ცხადია, რომ რუსი ვარსკვლავის კარიერას ვეღარაფერი იხსნის. სკანდალური სიახლე სულ ახალი გამხაურებული იყო, როდესაც მარიასთან კონტრაქტის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო “ნაიკმა”.

სახელოვანი ამერიკული კომპანიას შარაპოვასთან 8-წლიანი და 70 მილიონდოლარიანი ხელშეკრულება აკავშირებდა, რომელსაც ვადა 2018 წელს გასდიოდა, თუმცა, მაშას პრეს-კონფერენციამ ყველაფერი შეცვალა.

“მარიას გარშემო შექმნილი ვითარებით იმედგაცრუებულები და გაოცებულნი ვართ. გადავწყვიტეთ, საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე, შარაპოვასთან ურთიერთობები შევაჩეროთ. ახლა, მოვლენათა განვითარებას დავაკვირდებით”, - ნათქვამია “ნაიკის” განცხადებაში.

მცირე ხანში სპეციალური პრეს-რელიზი გაავრცელა შვეიცარიული საათების მწარმოებელმა კომპანია “ტაგ ჰეუერმა”, რომელსაც რუს ჩოგბურთელთან გასული კონტრაქტი 2015 წლის დეკემბერში ამოეწურა და ახალი ხელშეკრულება სწორედ უახლოეს პერიოდში უნდა გაფორმებულიყო, თუმცა, შვეიცარიელებმა გადაწყვეტილება შეცვალეს.

ცნობისთვის, პრეპარატმა მილდრონატმა, რომელიც აკრძალული მედიკამენტების სიაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევიდა, ბოლო პერიოდში არაერთი სახელოვანი სპორტსმენის კარიერა შეიწირა.

შარაპოვამდე, დოპინგზე ჩავარდნენ უკრაინელი ბიატლონისტები ოლგა აბრამოვა და არტიომ ტიშჩენკო, რუსი ველომბროლელი ედუარდ ვორგანოვი და ფიგურულად მოციგურავე ეკატერინა ბობროვა, ეთიოპელი და შვედი მორბენლები – ენდეშოუ ნეგესე და აბება არაგვეაი და 6 ქართველი მოჭიდავე.

სათქმელია, რომ დოპინგ-ამბებთან დაკავშირებით სენსაციური სიახლეებს ისევ რუსეთიდან ელიან, რაც ძიუდოში 2004 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა, აწ კი სახელმწიფო დუმის დეპუტატის დმიტრი ნოსოვის განცხადებამ გაამყარა: “შარაპოვა და ბობროვა – ისინი დოპინგ-სკანდალების მხრივ პირველი მერცხლები არიან. რაოდენ სამწუხაროც, არ უნდა იყოს, ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ კიდევ ბევრი რამ გველის”.

0.114596