ფეხბურთი

14:48 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალოს “ხეტაფეს” ყოფილი მწვრთნელი დამოძღვრავს

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარ “საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი, ესპანელი პაბლო ფრანკო მარტინი ჩაიბარებს. როგორც თბილისური გუნდის პრესსამსახურმა გვითხრა, ეს გადაწყვეტილი ამბავია და პირინელი სპეციალისტთან ბოლო დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს. “საბურთალო” ახალ თავკაცს დიდი ალბათობით, ოთხშაბათს, ანაც ხუთშაბათს წარადგენს.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მარტინი დედაქალაქურ გუნდთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. უახლოეს ხანებში კი ასევე ესპანეთიდან ფიზმომზადების მწვრთნელსაც ჩამოიყვანს, ეს ინფორმაცია აქამდეც ცნობილი გახლდათ. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ “საბურთალოს” სპორტულ დირექტორად ლეგენდარული ესპანელი მცველის, ფერნანდო იეროს ძმა, მანოლო დაინიშნა, რომელიც კლუბში მუშაობას უკვე შეუდგა. მისი კონტრაქტი ორწლიანია და ესპანელები თბილისურ გუნდში სწორედ ერთი სისტემით დარჩებიან.

რაც შეეხება, საბურთალოელთა ყოფილ მწვრთნელ გია ჭიაბრიშვილს, იგი მუშაობას საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში განაგრძობს.

შეგახსენებთ, “საბურთალო” უმაღლეს ლიგაში პირველად ასპარეზობს და პირველი წრე კარგად ჩაატარა, თუმცა ზამთრის პაუზის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა: მეორე წრის ოთხ თამაში გუნდს მხოლოდ ქულა აქვს მოპოვებული და ბოლო სამი შეხვედრა საერთოდ დიდი ანგარიშებით წააგო – “ჩიხურასთან” 0:5, “დინამო თბილისთან” 0:4 და “სამტრედიასთან” 2:8...

რაც შეეხება ესპანელ სპეციალისტს, 35 წლის მარტინის კარიერაში ბოლოს ესპანური პრიმერადივიზიონი ბინადარი “ხეტაფე” იყო. მადრიდში იგი ჯერ მეორე გუნდს ავარჯიშებდა, ხოლო შემდეგ მთავარს – 2014-2015 წლების სეზონში თებერვლიდან სეზონის ბოლომდე.

0.132449