ორკვირიანი პაუზის შემდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგა ორი მატჩით ბრუნდება და შესაბამისად, პირველი ორი მეოთხედფინალისტის ვინაობაც გაირკვევა.
დღის ცენტრალური შეხვედრა უდაოდ მადრიდში გაიმართება, სადაც ადგილობრივი “რეალი” იტალიურ “რომას” დაუხვდება და ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნებას ეცდება. წყვილში ცალსახა ფავორიტი სწორედ “სამეფო კლუბია”, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეტოქე დიდებულ ფორმაშია და იტალიის ჩემპიონატში ერთი-მეორის მიყოლებით იგებს თამაშებს. თავად განსაჯეთ, “ჯალოროსის” ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს მოპოვებული. თავის მხრივ, “რეალი” ბოლო პერიოდში ვერ ბრწყინავდა და ზინედინ ზიდანს კრიტიკა არ მოჰკლებია. ამასთან, კრიშტიანუ რონალდუმ “ატლეტიკოსთან” წაგების მერე თანაგუნდელებზე არცთუ თბილად ისაუბრა, მაგრამ ლა ლიგის ბოლო ტურში ყველაფერი დალაგდა – “რეალმა” ვიგოს “სელტა” შინ 7:1 გაანადგურა, ხოლო რონალდუმ საუცხოოდ ითამაშა და პოკერი შეასრულა. საერთოდ, “სამეფო კლუბისთვის” ჩემპიონთა ლიგა სეზონის იმედია: მადრიდელები სამეფო თასს კარგა ხანია დაემშვიდობნენ, ლა ლიგაში კი მათი ჩემპიონობა თითქმის სასწაულის სფეროს განეკუთვნება. მოკლედ, ზიდანს მთელი აქცენტის გაკეთება ლიგაზე მართებს.
“რომამ” კი პარასკევს სერია A-ში უშუალო კონკურენტ “ფიორენტინას” თავბედი აწყევლინა და 4:1 მოუგო. რომაელთაგან განსაკუთრებით სახიფათონი მოჰამედ სალაჰი და სტეფან ელ შაარავი არიან. ორივე ზემოხსენებული შემტევი ჩინებულ ფორმაში იმყოფება.
და მაინც, “რომასთვის” “რეალთან” “სანტიაგო ბერბაბეუზე” თანაც, ორბურთიანი სხვაობით მოგება ძალიან რთული უნდა იყოს. ისე კი, იტალიელებს მადრიდში მოგებული აქვთ: 2007-2008 წლების სეზონში ამავე ეტაპზე “ჯალოროსიმ” მეტოქეს 2:1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მანამდე, იგივე “რომას” 2002-2003 წლების სეზონში გაეკეთებინა, როცა “გალაქტიკოსს” ფრანჩესკო ტოტის გოლით მოუგო. დღეს ტოტი თადარიგში იქნება.
რაც შეეხება დანაკლისს: მადრიდელთაგან კარიმ ბენზემას თამაში გამორიცხულია, სამაგიეროდ გუნდს პირველი თამაშისგან განსხვავებით გარეთ ბეილი უბრუნდება. ლუჩანო სპალეტის კი დღეს დანიელე დე როსისა და ანტონიო რუდიგერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ორივე “მგლების” სასტარტო შემადგენლობის წევრები არიან და მათი შეცვლა ადვილი არ უნდა იყოს. ამასთან, საეჭვოა რაჯა ნაინგოლანის თამაშიც.
დღევანდელ მატჩში მასპინძელთაგან ფრთხილად კაზემირო და სერხიო რამოსი უნდა იყვნენ, რომელთაც ყვითელი ბარათები აქვთ. შესაბამისად, მეოთხედფინალის გამოტოვება შესაძლოა მოუწიოთ. იტალიელთაგან იგივე საფრთხის წინაშე დე როსი და ნაინგოლანია, თუმცა მათი თამაში “ბერნაბეუზე” როგორც ზემოთ ვთქვით, თითქმის გამორიცხულია.
ზინედინ ზიდანი (“რეალის” მთავარი მწვრთნელი): “რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ, მაგრამ მანამდე მხოლოდ ამ რთულ თამაშზე უნდა ვიფიქროთ. “რომა” ძალიან კარგი გუნდია. მათ ძლიერი შეტევის ხაზი ჰყავთ.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ისაა, რომელსაც მოცემულ მომენტში ვატარებთ. ტყუილია, თითქოს “რომას” შანსი არ ჰქონდეს, ამიტომ ყურადღებით თამაში გვამრთებს, განსაკუთრებით დაცვაში”.
ლუჩანო სპალეტი (“რომას” მთავარი მწრთნელი): “რაღა თქმა უნდა, “რეალი” უპირატესობას ფლობს, მაგრამ ჩვენი მიზანია პირველი გოლი გავიტანოთ, რადგან შესაძლოა, ერთმა გოლმა ბევრი რამ შეცვალოს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ და ჩვენს მომენტებს რეალიზებას გავუკეთებთ.
ბოლოს “სანტიაგო ბერნაბეუზე”? – მომწონს იმ დღის გახსენება, თუმცა მაშინ დღევანდელთან შედარებით განსხვავებული სიტუაცია იყო. “რომა” სხვანაირ ფეხბურთს აჩვენებდა, რომელიც შეტევაზე იყო აქცენტირებული. ეს, ის გუნდი გახლდათ, რომელიც წლების განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშობდა. დღევანდელი “რომა” კი, იმ სიმაღლეზე მხოლოდ 9 თამაშია”.
სავარაუდო შემადგენლობები:
“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო; მოდრიჩი, კროოსი, ისკო; ხამესი, რონალდუ, ბეილი
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, ძუკანოვიჩი, დინიე; კეიტა, პიანიჩი; სალაჰი, პეროტი, ელ შაარავი; ჯეკო
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
მსაჯი: სჟიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)
დღის მეორე მატჩში გერმანული “ვოლფსბურგი” ბელგიის ჩემპიონ “გენტს” მასპინძლობს და ისტორიაში პირველად მეოთხედფინალში გასვლის დიდებული შანსი გააჩნია. გერმანულმა გუნდმა სამი კვირის წინ ბელგიაში 3:2 მოიგო. შესაძლო იყო, დიტერ ჰეკინგის შეგირდებს გაცილებით დიდი უპირატესობა ჰქონოდათ, თუმცა იმ შეხვედრის ბოლო წუთებში ყურადღება მოადუნეს და ორი გოლი გაუშვეს. ისე კი, “გენტზე” ცუდი არ ითქმის: მისთვის სადებიუტო სალიგო სეზონში ჰეინ ვანჰაეზბრუკის გუნდმა ჯგუფური ეტაპი გადალახა, რაც უდიდესი წარმატებაა.
“ვოლფბურგი” ბოლო ტურებში არასტაბილურად თამაშობს და ცოტა გამოფხიზლება მართებს, თორემ დიდი შანსია, გასიად ევროტურნირებს მიღმა თუ არა, ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩეს. “გენტს” რაც შეეხება, ბელგიის პრო ლიგაში ჩემპიონობისთვის გააფთრებით იბრძვის და ლიდერ “ბრიუგეს” ორი ქულით ჩამორჩება. თუმცა, ვანჰაეზბრუკის გუნდი ბოლო დროს არადამაჯერებელია. მაგალითად, ბოლო ტურში შინ გასავარდნ ზონაში მყოფ “ლეუვენს” ვერ მოუგო (1:1). და მაინც, ბელგიელთა თავკაცს “ვოლკსვაგენ არენაზე” სასწაულის მოხდენის ეიმედება.
“ვოლფსბურგს” დღეს ნალდო, იუნგი, ბას დოტი და დიეგო ბენალიო დააკლდება, ხოლო დრაქსლერისა და მაქს კრუსეს თამაში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. “გენტი” კი თავის მხრივ, მიტროვიჩსა და ვანდენბუსხეს მოისაკლისებს, ხოლო ვან დერ ბრუგენსა და ვიხეიმის თამაში საეჭვოა.
დღევანდელ თამაში გაფრთხილების მიღების შემთხვევაში მეოთხედფინალი გაუცდებათ ასარეს, დეპოიტრეს, ფოკეტსს, საიეფსა და კუმსს ბელგიელთა მხრიდან, ხოლო გერმანელთაგან ასეთ მდგომარეობაში დანიელ კალიჯურია. შესაბამისად, მათ ფრთხილი თამაში მართებთ.
დიტერ ჰეკინგი (“ვოლფსბრუგის” მთავარი მწვრთნელი): “როგორც პირველ თამაშამდე ვამბოდი, საჭირო იყო ორი თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება. ერთის ასე თამაში მოვახერხეთ, ახლა საჭიროა მეორეშიც იგივე გავაკეთოთ. ჩვენ უპირატესობა გვაქვს, მაგრამ მომდევნო ეტაპის საგზური ჯერ კიდევ არ მოგვიპოვებია, “გენტი” ყველაფერს გაიღებს თავისი მიზნების განსახორციელებლად.
მეოთხედფინალში გასვლა ჩვენი გუნდისთვის ისტორიული შედეგი იქნება, თუმცა იგივე მდგომარეობა აქვს “გენტსაც”. იქამდე კი, სათამაშო ერთი თამაში გვაქვს და ჯერ მეოთხეფინალზე ფიქრი არ შეიძლება”.
ჰეინ ვანჰაეზბრუკი (“გენტის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ პირველ შეხვედრაში ბევრი შეცდომა დავუშვით და ამჯერად ეს უნდა გამოვასწოროთ. “ვოლფსბურგი” ძალიან, ძალიან ძლიერი გუნდია. განსაკუთრებით, სახლში, თავისი გულშემატკივრების თვალწინ.
ფეხბურთში სასწაულები ხდება და დღეს იმედიანად ვართ განწყობილნი. პირველ გოლს თუ გავიტანთ, მერე რა მოხდება? – მაგრამ თუ “ვოლფსბურგი” დაწინაურდება, თითქმის უშანსოდ ვიქნებით. ამიტომაც მთელი თამაში ყურადღებით უნდა ვიყოთ”.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): კასტეელსი; ტრეში, კონხე, დანტე, როდრიგესი; გუილავოჯი, ლუის გუსტავო; შურლე, არნოლდი, დრაქსლერი (ვიეირინია); კრუსე (კალიჯური)
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
“გენტი” (3-2-3-2): სელსი; ასარე, გერსონი, ნილსენი; კუმსი, ნეტო; დეიაგერე, მილიჩევიჩი, ფოკეტი; სიმონი, დეპოიტრე
მწვრთნელი: ჰეინ ვანჰაეზბრუკი
მსაჯი: დამირ სკომინა