ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ბრაზილიის ქალაქ კურიტიბაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე კვალიფიკაცია დასძლია და ძირითად ბადეში გააღწია, სადაც პირდაპირ იყო დაშვებული სოფო შაფათავა.
კვალიფიკაციაში პირველ ნომრად განთესილ გორგოძეს მიზნის მისაღწევად 2 მატჩის მოგება ეყო. ეკატერინემ ბრაზილიელ ჩოგბურთელებს აჯობა: ჯერ კატლეენ ბიონგ პერსეგონიას 6:2, 6:1 სძლია, შემდეგ კი მე-3 რეიტინგის მქონე ნატალი კურატას 6:3, 6:0 მოუგო.
ძირითად ბადეში გორგოძის მეტოქე ასევე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ჩილელი ფერნანდ ბრიტო იქნება, ამდენად, ქართველ ჩოგბურთელს წინსვლის კარგი შანსი აქვს.
თავის მხრივ, ამერიკელ უსუე მაიტანე არკონადას დაუპირისპირდება საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა, რომელსაც მე-6 განთესვა გააჩნია.
წყვილთა ტურნირში შაფათავა და გორგოძე უმთავრეს ფავორიტებად მიიჩნევიან და ძალებს იტალიელ მარტინა გარეგაროსთან და უნგრელ რეკა-ლუკა იანისთან მოსინჯავენ.
ისიც ვთქვათ, რომ საკვალიფიკაციო ბადის დასკვნით შეხვედრაში დამარცხდა სოფო ქვაცაბაია. მე-8 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი უკრაინელ სოფია კოვალეცთან (14) 2:6, 3:6 დამარცხდა.