ტურინის “იუვენტუსის” დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი სერია A-ს 2014-2015 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ლივორნოელ სპეციალისტს აღნიშნული აღიარება იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მიანიჭა. ალეგრიმ 27 ხმა დააგროვა და დიდი უპირატესობთ აჯობა მეორე ადგილზე გასულ რომის “ლაციოს” მწვრთნელ სტეფანო პიოლის (7 ხმა). მესამე პოზიციაზე ამჟამად “ნაპოლის”, შარშანდელ სეზონში კი, “ემპოლის” თავკაცი მაურიციო სარი გავიდა – 4 ხმა.
განსაკუთრებული მწვრთნელის პრიზი გადაეცა ჯანი დე ბიაზის, რომელმაც ალბანეთის ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. ხოლო სერია B-ს გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელად რობერტო სტელონე დასახელდა, ვინც “ფროზინონე” იტალიის მთავარ საფეხბურთო ლიგაში აღაზევა.