დასრულდა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის (პრეზიდენტი ვალერი მანაგაძე) ეგიდით მიმდინარე დასავლეთ საქართველოს თასის გათამაშება ფეხბურთში. ტურნირი, რომელშიც უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობის, პირველი და მეორე ლიგის 10 გუნდი მონაწილეობდა, 1 თებერვალს დაიწყო.
ისინი ორ ქვეჯგუფად იყვნენ გაყოფილნი და ერთმანეთს წრიული სისტემით ერთ წრედ ეჯიბრებოდნენ. ჯგუფებში პირველ მეორე ადგილზე გასული გუნდები ჯვარედინი სისტემით ნახევარფინალში ხვდებოდნენ, რომლის გამარჯვებულები ნეიტრალურ მინდორზე ურთიერთდაპირისპირებაში თასის მფლობელს გამოავლენდნენ.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ნახევარფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
,,სამეგრელო“ ჩხოროწყუ – ,,კოლხეთი“ ხობი
,,მარგვეთი –2006“ ზესტაფონი –,,ტორპედო“ ქუთაისი
პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ხობელებმა იოლად იმარჯვეს. მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს და ფინალის საგზური მოიპოვეს. რაც შეეხება მეორე წყვილის შეხვედრას, იგი გაცილებით უფრო საინტერესო გამოდგა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში საბოლოოდ ზესტაფონლებმა ერთი ბურთის სხვაობით – (2:1) იმარჯვეს და ფინალურ შეხვედრაში ხობის ,,კოლხეთთან“ შეხვედრის უფლება მოიპოვეს.
ფინალური მატჩი წყალტუბოში ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ორივე გუნდს მრავლად ახლდნენ თავიანთი ერთგული გულშემატკივრები.
თამაში ზესტაფონელთა უპირატესობით დაიწყო და მე–3 წუთზე მათ ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. თანაგუნდელების დაწყებული კომბინაცია ლაშა გაბრიჭიძემ ზუსტი დარტყმით დაასრულა – 0:1.
ამის შემდეგ ხობელებიც გააქტიურდნენ და წურწუმიამ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან წონასწორობა აღადგინა –1:1.
ანგარიშში თანაფარდობა სულ სამ წუთს გაგრძელდა. სტანდარტულის გათამაშების შემდეგ ბრეგვაძემ თავური დარტყმით თავისიანები ისევ დააწინაურა –1:2 და პირველი ტაიმიც ამ ანგარიშით დასრულდა.
იგრძნო რა დამარცხების საშიშროება ხობელთა დამრიგებელმა გია გურულმა შესვენებაზე შეცვლებს მიმართა. მოედანზე პირველ ლიგაში მოთამაშე გამოცდილ ფეხბურთელებს უხმო. აღნიშნულმა ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და 64–ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ არქანიამ სტატუსკვო აღადგინა – 2:2.
ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი რანგით უფრო მაღალ მდგომ მეტოქეს არ შეუშინდნენ და თითქმის მაშინვე შეცვლაზე შესულმა ხიხაძემ მარგველები კიდევ ერთხელ დააწინაურა – 2:3.
ამის შემდეგ ხობელები მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდნენ და მასირებული შტურმის მოწყობა სცადეს. მეტოქის ზურგის მოშიშვლებით ზესტაფონელებმა დიდებულად ისარგებლეს და ერთი–მეორეზე სახიფათო კონტრშეტევები განახორციელეს. განსაკუთრებით ტვილდიანი აქტიურობდა რომელიც მარჯვენა ფლანგზე გარღვევებით ხობელთა მცველებს მოსვენებას არ აძლევდა და თანაგუნდელებს გამიზნული გადაცემებით ამარაგებდა.
ზესტაფონელთა უპირატესობა განსაკუთრებით ბოლო წუთებში გამოიკვეთა და ხიხაძემ და ასევე შეცვლაზე შესულმა დარსაველიძემ ზედიზედ გატანილი ორი გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 2:5.
მატჩის დასრულების შემდეგ გამარჯვებული გუნდის მწვრთნელს გავესაუბრეთ:
თამაზ გაბრიჭიძე: (,,მარგვეთი 2006“) – ,,ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა. ბიჭებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს და დადებითი შედეგიც მივიღეთ. უზომოდ კმაყოფილი ვარ თასის მოპოვებით. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმერეთის ფეხბურთის ფედერაციას ასეთი კარგი ტურნირის ჩატარებისთვის. მასში მონაწილე გუნდებმა პრაქტიკულად მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ, რომელიც ჩემპიონატის განახლებისას აუცილებლად სასიკეთოდ წაგვადგება.“
ბოლოს თავისი აზრი იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ გამოთქვა:
"ძალიან კარგი ტურნირი გამოვიდა. ბევრი იყო დაძაბული თამაშები . ჩემი აზრით ღირსეულმა გაიმარჯვა. ზესტაფონელებმა ტურნირზე 6 მატჩი ითამაშეს და ექვსივეში გამარჯვება მოიპოვეს. ვულოცავთ მათ თასის აღებას".
,,კოლხეთი’’ (ხობი) – ,,მარგვეთი–2006” (ზესტაფონი) 2:5 (1:2)
წყალტუბო. ,,26 მაისის სახელობის“ სტადიონი
,,კოლხეთი”: ქაჯაია (ჭურღულია 46), ლოლუა, რუხაია (ლატარია 78), გოგენია (ლომაია 46), ჭანტურიძე (გიორგაძე 78), ქირია (ჭედია 46), წურწუმია (კ), არქანია, გერგაია (მეფიშვილი 46), ბაკურაძე, თევზაძე (ონიანი 46) ;
მთ. მწვრთნელი: გია გურული
,,მარგვეთი–2006”: მახათაძე, ჭურაძე, რობაქიძე, ბრეგვაძე, ჩიტორელიძე (ბაბუნაშვილი 46), ტვილდიანი (მემანიშვილი 81), ზარნაძე (კ), (გ.გაბრიჭიძე 81). ღიბრაძე (ჩხიკვაძე 46), გაჩეჩილაძე (დარსაველიძე 87), ლ.გაბრიჭიძე (ხიხაძე 61), ჩინჩალაძე (გაბუნია 61);
მთ. მწვრთნელი: თამაზ გაბრიჭიძე
გოლები: 0:1 ლ.გაბრიჭიძე (3), 1:1 წურწუმია (19) (პენ), 1:2 ბრეგვაძე (22), 2:2 არქანია (64), 2:3, ხიხაძე (66), 2:4 ხიხაძე (90+1), 2:5 დარსაველიძე (90+3);
გაფრთხილება: ლოლუა(21), რობაქიძე (30), ონიანი(55), ხიხაძე (63), ჩხიკვაძე (64), ჭანტურიძე (70), ზარნაძე (76), გაბუნია (77), წურწუმია (83) ;
არბიტრი: ირაკლი ხერხაძე;
იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური