თბილისის “დინამომ” მარტვილის “მერანს” 2:0 მოუგო და 12-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. სასწაული უნდა მოხდეს, დინამოელები რომ ჩემპიონები ვერ გახდნენ. გუნდი პროგრესირებს და ეს იმედს იძლევა, რომ ქვეყნის საუკეთესო კლუბი ევროტურნირებზეც კარგად გამოვა.
“მერანს” რაც შეეხება, მეორე წრე მარტვილელებმა კარგად დაიწყეს, სამ მატჩში 7 ქულა ჰქონდათ და ბოლო ადგილზე აღარ არიან, ორი საფეხურით ზემოთ აინაცვლეს. ბადრი კვარაცხელიას გუნდი არც დღეს შერცხვენილა, რამდენიმე მომენტი ჰქონდა და შეიძლებოდა, რომ თამაშიც დაეძაბა.
პირველივე წუთებზე, მარტვილელთა შემტევმა შოთა ჯიქიამ ოდნავ გადააცილა კარს. მერე კი დინამოელებმა მოიპოვეს უპირატესობა და გიორგი ქვილითაიას შეეძლო გატანა, თუმცა თავურით ააცილა. ქვილითაიამ ტავისი მაინც გაიტანა – სეზონში მე-16 გოლი და ბომბარდირთა სიას ლიდერობს. 25-ე წუთი იყო, როცა ალექსანდრე იაშვილმა გაუჭრა დაფარული პასი, პირისპირ დარჩენილმა გიორგიმაც ზუსტად დაარტყა შორეულ კუთხეში. ასე გახდა 1:0.
დაახლოებით ხუთ წუთში მარტვილელთა ნახევარმცველმა ვანო ხაბელაშვილმა კარგი შანსი გააცუდა. მშვენიერი კომბინაციის შემდეგ, ხაბელაშვილმა ახლოდან ოდნავ ააცილა. ტაიმის ბოლოს კი იაშვილმა მეორე საგოლე პასი მიითვალა: კუთხური ჩააწოდა, ბურთს ყველა ასცდა (მათ შორის, მეკარეც) და ალეკო ამისულაშვილმა ყველას დაასწრო – 2:0.
მეორე ნახევარში, შესაძლოა, ბევრი ელოდა “მერანის” განადგურებას, მაგრამ სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ მოეშვნენ. რამდენჯერმე ხაბელაშვილმა და ლაშა ჯღამაიამ გაამწვავეს შეტევა, თუმცა ლიბორ ჰრდლიჩკა კარგად გაისარჯა.
“დინამოდან” კი ისევ ქვილითაიას შეეძლო დუბლის შესრულება, როცა თავით ააცილა გიორგი თევზაძის ჩაწოდების შემდეგ. ერთ მომენტში კი მსაჯმა “მერანი” დაინდო: ოთარ კიტეიშვილი სტუმართა საჯარიმოში აშკარად წააქციეს. ისე, მეორე ნახევარში დინამოელტაგან ყველაზე აქტიური სწორედ კიტეიშვილი იყო.
ბოლოს კი ბრაზილიელ რენე ფერეირასაც შეეძლო გატანა: საჯარიმოში მიიღო მაღალი ბურთი და ძლირადაც დაარტყა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად.
6 მარტი. 18:00. თბილისი. “დინამო არენა”
“დინამო” (თბილისი) – “მერანი” (მარტვილი) 2:0 (2:0)
დინამო: ჰრდლიჩკა, უჩა ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, თევზაძე (ალვარო 64), ჭელიძე, პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი (საბა ლობჟანიძე 86), იაშვილი (არაბული 71), ქვილითაია
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
მერანი: მამალაძე, კიკნაველიძე, მელიავა, გიორგაძე, ციმაკურიძე, ტეიდი, ჯიქია (აშორტია 46), ჯღამაია, ხაბელაშვილი (გეგია 64), უგულავა (შენგელია 75), საბანაძე
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
გოლები: 1:0 ქვილითაია (25), 2:0 ამისულაშვილი (39)
გაფრთხილება: ხაბელაშვილი (11), ციმაკურიძე (88), ჭანტურიშვილი (88), პარუნაშვილი 88 (88), ჯღამაია (88)
მსაჯი: ი. კვირიკაშვილი