მე მგონი ყველას გვყავს თუნდაც ერთი მეგობარი, რომელიც ტურინის “იუვენტუსს” გულშემატკივრობს და რომელსაც მიაჩნია, რომ სამყაროს მთელი სიკეთეები, ბედნიერება და ყოველივე დიადი, ალესანდრო დელპიეროში იყო თავმოყრილი. “იუვენტუსი” - ეს ის კლუბია, რომელსაც აურაცხელი წელია ევროპაში არაფერი მოუგია, მაგრამ მისი ქომაგები საქართველოსთანა პატარა და უცნაურ ქვეყნებშიც კი არ მცირდება. რატომ? პასუხი უმარტივესია – ჩვენ ხომ “იუვენტუსზე” ვლაპარაკობთ!
მე არა ერთი, არამედ რამდენიმე მეგობარი მყავს, რომელთაც “შავ_თეთრი” სენი შეჰყრიათ და არაფერი სჯობს მათ მოსმენას, როდესაც თვალებგაფართოებულები საუბრობენ დიად ”დელპოზე”, გასაოცარ პირლოზე და ”შეუცდომელ ჯიჯიზე”. ესაა ხალხი, მარადიული ღირებულებებით და აბა როგორ არ უნდა დამეწერა თუნდაც ორი სიტყვა ამ საოცარ ხალხზე, როდესაც ბოლო ერთი თვის მანძილზე ორჯერ მომეცა საშუალება ტურინული კლუბის თამაშები “იუვენტუსის” ქართულ ფან-კლუბთან ერთად მენახა...
ფან-კლუბი აბა ვის უკვირს? ჩვენ ხომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ფან-კლუბები ყოველთვის ქვიშასავით გვეყარა თავზე დაწყებული მავანი პოლიტიკოსების ფან-კლუბებითა და დამთავრებული ფსევდომომღერალი ჩრუტუნა ჯეელებით. მაგრამ ”ზებრების” ფან-კლუბი მაინც სულ სხვა რამ გახლავთ და იქაური ატმოსფერო, გარემო და “მუღამი” ბოლომდე რომ შეიგრძნოთ, თავად უნდა ეწვიოთ მათ.
წარმოიდგინეთ, ერთ-ერთ თბილისურ ტოტალიზატორში შეკრებილა რამდენიმე ასეული ადამიანი სულ სხვადასხვა გუნებისა, ილაჯისა, ფიქრებისა და შეძლებისა, სულ სხვადასხვა ასაკისა და წარსულისა. მათ შორის მესამედი მაინც გოგონები არიან და როდესაც “იუვენტუსი” ბურთს აგორებს, ყველა ეს ადამიანი ხდება ერთი, მაგრამ არა ერთსახოვანი და ერთნაირი.
ისინი მღერიან გასაოცარ საკლუბო სიმღერებს, ტაშს აყოლებენ “ბებერი ქალბატონის” ყველა შეტევას და გამაყრუებლად ყვირიან როდესაც ბურთი მეტოქეს აქვს. რომ არა მათი წმინდა ქართულ-ჯიგრული წამოძახებები და მოწინააღმდეგეთა ჭეშმარიტად ქიზიყურ-დედოფლისწყაროული კრულვა, შეიძლება ისიც კი იფიქროთ, რომ ეს ყველაფერი საქართველოში კი არა, პიემონტის გულისგუილში ხდება და ისიც დაიჯეროთ, რომ “იუვენტუსი” იქვე სადღაც ახლოს იოფლება, ესენი კი ბილეთის გარეშე დარჩენილი ტურინელი ტიფოზები ეკრანთან იკლავენ თამაშის “ცოცხლად” ვერნახვის იშტას.
როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს მჭმუნვარე ისტორიას მრავალი ფან-კლუბი ახსოვს და სწორედ ამიტომაც არის ტურინული კლუბის ქართული ტიფოზერია გამორჩეული, რომ მათი “იუვენტუსისადმი” ტრფობა არაა მხოლოდ ბეჩავი ფანატიზმი და შეუწყნარებელი წიოკი – “ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართო”, რადგან თქვენს მონა-მორჩილს იმ დიდებულ ტიფოზა შორის მჯდომს ყელზე სულ სხვა კლუბის კაშნე მეკეთა (ამ კლუბებს შორის ნამდვილად არაა თბილი და ძმაბიჭური განწყობა) და ჩემდამი მხოლოდ და მხოლოდ კეთილგანწყობილ მზერას ვიჭერდი – აგე, ეს სხვა გუნდის ქომაგი კაციც კი ამდგარა, ჩვენთან მოსულა და 2 საათით მაინც გაპიემონტებულაო”. ეს ყველაზე მაგარი გრძნობა იყო რაც კი შეიძლება განიცადო ფეხბურთის მოყვარე კაცმა.
დაბოლოს, რატომ დავწერე ეს ყველაფერი... ჩვენში ბოლო დროს ძალიან მომრავლდნენ ე.წ. “ჭკუის მასწავლებელი” ხალხი, რომლებიც მოსთქვამენ იმაზე, რომ “ქართველები სხვა კლუბებს ვქომაგობთ და ქართული დავივიწყეთ”. აი მათ, სწორედ მათ ვურჩევ ერთხელ მაინც უყურონ ფეხბურთს “იუვენტუისის” ქართულ ფან-კლუბთან ერთად და მიხვდებიან, რომ ფეხბურთი ბოღმაზე მეტია!