ავტოსპორტი

21:00 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგი შიშობს, რომ „ფერარი“ შეიძლება წინ იყოს

ნიკო როსბერგის თქმით, „მერსედესის“ მიერ ტესტების დროს მოპოვებული მონაცემების მიხედვით, „ფერარი“ ძალიან ახლოსაა და უფრო მეტიც, სეზონის დასაწყისში შესაძლოა წინაც აღმოჩნდეს. არადა, ტესტების შემდეგ ბევრმა ჩათვალა, რომ სამქიმიანების უპირატესობა შესაძლოა იმაზე მეტიც კი იყოს, ვიდრე გასული სეზონის წინ იყო.

„მერსედესის“ პილოტებმა, ბარსელონას ტესტების რვა დღეში დაახლოებით 20 რბოლის დისტანცია გაიარეს. მაგრამ საუკეთესო დროის ჩვენებით თავი არ შეუწუხებიათ. მათგან განსხვავებით, „ფერარის“ ორივე პილოტი მუდმივად ცხრილის სათავეში იყო. და მაინც, ბევრი თვლის, რომ საბაზო შესაძლებლობებით, „მერსედესი“ ისევ საუკეთესო იქნება.

„შემიძლია ვთქვა, რომ „ფერარი“ ძალიან სწრაფია. რა თქმა უნდა, ტესტებზე ყველა გუნდს თავისი სტრატეგია აქვს. ამიტომ, ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ მიახლოებითი ვარაუდი თუ შეგვიძლია, რადგან ჩვენ არ ვიცით, სხვას ავზში რამდენი საწვავი ესხა და სხვებმა არ იციან, ჩვენ რამდენი გვესხა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ახლოს ვართ. მაგრამ არავინ იცის, წინი ისინი არიან, თუ ჩვენ“, - ამბობს როსბერგი.

გამოცემა მოტორსპორტ.კომ-ის კითხვაზე, რას იტყვის იმაზე, რომ ზოგის აზრით, „მერსედესი“ თავის ლიგაშია, როსბერგი პასუხობს: „ამაზე მარტივი პასუხი მაქვს - მოვიცადოთ ორი კვირა... იმედი მაქვს, ისინი მართლები აღმოჩნდებიან“.

გერმანელი მრბოლი კმაყოფილი დარჩა სეზონისწინა ტესტებით და „მერსედესის“ მომზადების დონით. თუმცა ახალ ბოლიდ W07-ის პოტენციალის შეფასებისას ფრთხილობს: „ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი სიჩქარეა. და სწორედ ამაში არ ვართ ასი პროცენტით დარწმუნებულები. ჩვენ ვიცით, რომ „ფერარი“ ძალიან ახლოსაა. ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა საერთო ჯამში, ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგადაა. მე მელბურნისთვის მზად ვარ“.

0.093427