რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრები თბილისში ზეგ ჩამოფრინდება. როგორც იცით, 15-20 მარტს თბილისში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფური მატჩები გაიმართება – საქართველო, რუსეთი, იტალია, ბოსნია. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გავა ფინალურ ეტაპზე.
რუსებმა ბოლოს ორი ამხანაგური მატჩი გამართეს აზერბაიჯანელ თანატოლებთან და პირველი თუ 5:1 მოიგეს, მეორე 0:1 წააგეს. რუსეთის ნაკრებს სერგეი მატვეევი წვრთნის, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს დედაქალაქში ერთი კვირით ადრე ჩასვლა ადაპტაციისთვის აუცილებელია.
რუსებმა მანამდე ბელარუსში, ”განვითარების თასზე” ითამაშეს ქართველთა მსგავსად. მატვეევის გუნდმა სომხეთს 3:0, ხოლო ლიტვას 4:1 მოუგო, შემდეგ წააგო ისრაელთან 0:2, სლოვაკეთთან პენალტებში დამარცხდა (ძირითადი დრო 1:1), ხოლო ბოლოს ფინელებთანაც წაგებულმა დატოვა მინდორი – 2:3. საბოლოოდ, რუსები 12-გუნდიან ტურნირზე მეექვსე ადგილზე გავიდნენ, ვასილ მაისურაძის გუნდმა კი მეშვიდე პოზიცია დაიკავა.
მატვეევის გუნდში ყველაზე ბევრი ფეხბურთელი (7) მოსკოვის “დინამოს” ლევ იაშინის სახლობის აკადემიიდან გახლავთ, საუკეთესო მოთამაშეც ამ კლუბიდან ჰყავთ: შემტევი ნახევარმცველი ვიაჩესლავ გრულიოვი.
15 მარტი: რუსეთი – იტალია, საქართველო – ბოსნია
17 მარტი: რუსეთი – საქართველო, ბოსნია – იტალია
20 მარტი: ბოსნია – რუსეთი, საქართველო – იტალია