რაგბი

20:51 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ცაბაძე - რუმინეთის და რუსეთის რისხვა (+VIDEO)

ქართული რაგბის ასეთ სიმაღლეზე ყოფნა იმ ვეტერანების დამსახურებაა, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს ვაჟკაცური, ლამაზი სახეობა დაამკვიდრეს და განავითარეს. წარსულის დავიწყება უმადური საქმეა და worldrugby.ge პერიოდულობით ეცდება, რომ შედარებით ახალგაზრდა ქართველ გულშემატკივარს გააცნოს, ხოლო „ძველებს“ შეახსენოს ის ლეგენდები, რომელთა ზურგზეც თითქმის ექვსმა ათეულმა წელიწადმა გადაიარა.

განვლილ პერიოდში ქვეყნის ღირსება სხვადასხვა ასპარეზზე არაერთმა გამოჩენილმა მორაგბემ დაიცვა და როდესაც რუბრიკის გახსნა ლევან ცებაძით გადავწყვიტეთ, მორაგბისთვის დამახასიათებელი, ღირსეული პასუხი მივიღეთ - რატომ მე, როდესაც ჩემამდე რაგბი უამრავ დიდ ადამიანს უთამაშიაო. მაგრამ ახლა წინაა მატჩები რუსეთთან და რუმინეთთან, რომლებთანაც ისტორიული და უმნიშვნელოვანესი, გარდამტეხი გამარჯვებები სწორედ „ლეონსის“ დიდი დამსახურებით მოვიპოვეთ და ის ლეგენდის რუბკირის გახსნაზე დავითანხმეთ:

ქართული რაგბის აღზევება მე-20 საუკუნის მიწურულიდან იწყება, როდესაც ლევან ცაბაძემ და მისმა თანამედროვეებმა, ფრანგი კლოდ სორელის დახმარებით პირველებმა გაჭრეს ფანჯარა საფრანგეთში, შემდეგ კი, მთელს მსოფლიოში. ის, რომ ქართული რაგბის პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება, მეტწილად სწორედ იმ ლეგიონის დამსახურებაა, რომელთაც მათთვის და ქართული რაგბისთვის ბოძებული შანსი საუკეთესოდ გამოიყენეს.

„ლეონსიო“ - როგორც რაგბის გულშემატკივრები ვიხსენიებთ, ერთ-ერთი მოწინავე იყო მათ შორის, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რომ საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ესახელებინა და მიზანსაც მიაღწია. ავიდა კარიერული მწვერვალის უმაღლეს საფეხურზე და ესტაფეტა მომავალ თაობას გადასცა.

„ლეონსიოს“ სარაგბო კარიერა მას შემდეგ იღებს სათავეს, რაც მეგობრების თხოვნით ჭიდაობიდან რაგბიზე გადაინაცვლა და... ლევან ცაბაძე მოხვდა სწორედ იქ, სადაც მისი ადგილი იყო. თამაშობდა რუსთავის „აზოტსა“ და თბილისის „გუმარში“, ორივე გუნდის შემადგენლობაში მან საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 90-იან წლებში საკმაოდ რთული იყო კარიერის გაკეთება, მაგრამ „ლეონსიოს“ თავი არ დაუზოგავს. მისი მეგობრები იგონებენ, სავარჯიშოდ რომ წასულიყო, ფეხით უღრანი ტყის გავლა უწევდაო. თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო და ითამაშა საფრანგეთის უმაღლესი ლიგის ფინალში „კასტრს“ შემადგენლობაში. იმ პერიოდში ქართველებისთვის ფრანგულ კლუბებში დამკვიდრება იოლი საქმე არ იყო, მაგრამ „ლეონსიოს“ ფიზიკური ძალა და სისწრაფე, მოედანზე ბოლო წუთამდე ბრძოლა, წარმატებული უცხოური კარიერის საწინდარი გახდა.

რაც შეეხება ქართულ სინამდვილეს, ლევან ცაბაძემ „ბორჯღალოსნების“ კვართით პირველად 1994 წელს, ყაზახეთის წინააღმდეგ ითამაშა და ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრი გახდა. ოფიციალური მონაცემებით, 2002 წლამდე მან მოიხვეჭა 33 კეპი (12 კაპ.) და გაიტანა 10 ლელო გაიტანა (იმ პერიოდში სტატისტიკური მონაცემების ზუსტი აღრიცხვა არ ხდებოდა და „ლეონსიოს“ კეპების რაოდენობა 33-ს აღემატება).

ლევან ცაბაძის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერიოდი 2001 წელი იყო, როდესაც „ბორჯღალოსნები“ მისი კაპიტნობით პირველად გახდნენ ევროპის ერთა თასის მფლობელი. გადამწყვეტ მატჩში, რუმინეთთან დაპირისპირებისას კისრის მალების ტრავმა მიიღო, ექიმების რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ მოედანზე დაბრუნდა და გამარჯვების ლელო დადო. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა, კაცური შემართება და თვალზე მომდგარი ცრემლი ჩვენი ნაკრების გამარჯვებისას. „ლეონსიომ“ ნათლად დაგვანახა, თუ რას ნიშნავს, როცა შენს ზურგს უკან საქართველოს დროშა ფრიალებს, მის ღირსებას იცავ და ნაკრების გამარჯვებისთვის იღწვი.

ერთი წლის შემდეგ, 2002 წლის 13 ოქტომბერს, ცაბაძემ ასევე გადამწყვეტი ლელო გაიტანა და გუნდს რუსეთთან 17:13 მოეგბინა, რის შემდეგაც „ბორჯღალოსნები“ პირველად გავიდნენ მსოფლიო თასზე და მას შემდეგ უდიდესი სარაგბო ზეიმის მუდმივი მონაწილეები არიან. სამწუხაროდ, მწვრთნელთან კონფლიქტის გამო, „ლეონსის“ 2003 წლის მსოფლიო თასზე არ უთამაშია...

ლევან ცაბაძე: „კისრის მალებში დისკის პრობლემა მქონდა. შერკინების დროს, ეს დისკი დაიძრა და ნერვი მოიყოლა. საშინელი ტკივილი იყო, ორივე ხელი მომენტალურად დამიბუჟდა და ვიფიქრე, რომ კისერი მოვიტეხე. წყლის დასხმა რომ ვიგრძენი, მივხვდი, მოტეხილობა არ იყო, მაგრამ ნერვის მოყოლამ ატროფია გამოიწვია. მაშინ თამაშიდან კი გამოვედი, მაგრამ როცა გუნდს გაუჭირდა, მოედანზე დავბრუნდი და რუმინელებს ლელოც გავუტანე, თუმცა ისეთ დღეში ვიყავი, თითოეული შერკინებისას მეტირებოდა. მანამდე, როდესაც მოედანზე ვიყავი, სიტუაციას ვაკონტროლებდით, თუმცა, მერე ავირიეთ და რუმინელებმა გარდატეხა შეიტანეს. ალბათ, ფსიქოლოგიური მომენტი იყო. პატივცემულ კლოდს მაშინ ვუთხარი - სულ კარიერად რომ დამიჯდეს, უნდადავბრუნდე მოედანზეთქო. სიმართლე გითხრათ, ბევრი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ალბათ, ბიჭები ჩემმა დაბრუნებამ გაამხნევა და მათ სასწაულების კეთება დაიწყეს. ლელოს გატანა იღბლის ამბავი იყო და პირადად მე, მის გამტანზე მეტად, შემქმნელებს ვაფასებ“.

ლევან ცაბაძემ გადამწყვეტი ლელო გაიტანა „ეროვნულ სტადიონზე“, 2002 წლის 13 ოქტომბერს რუსეთთან მატჩშიც (17:13), როდესაც საქართველოს ნაკრებმა პირველად მოიპოვა მსოფლიო თასზე თამაშის უფლება. შეხვედრას 50 000 მაყურებელი ესწრებოდა და ტრიბუნები მთელი წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა. ყველას თვალი „ლეონსიოსკენ“ იყო მიმართული, რომელიც თავდაუზოგავად და შეუპოვრად იბრძოდა.

ტრავმისა და სხვა სუბიექტური მიზეზების გამო ლევან ცაბაძეს 2003 წლის მსოფლიო თასზე არ უთამაშია. პლანეტის უმთავრეს სარაგბო ტურნირს მიღმა დარჩენილმა „ლეონსიომ“ სანაკრებო კარიერა დაასრულა, მაგრამ მისი ფასდაუდებელი ღვაწლი დღემდე არავის დავიწყებია. მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული რაგბის ისტორიაში და დღემდე ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ბურჯად. ის,რომ დღესდღეისობით რუსეთისა და რუმინეთის ნაკრები უხერხულ მეტოქეებს აღარ წარმოადგენენ, მეტწილად სწორედ მისი დამსახურებაა. დღევანდელ სიტუაციასთან შედარებით, ლევან ცაბაძეს არ ჰქონდა პირობები, რომ უფრო მარტივად აეწყო კარიერა. „ლეონსიო“ ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას შიშველი ენთუზიაზმით, მხოლოდ იმიტომ, რომ შენს სამშობლოს გამარჯვება ჭირდება. ის იყო ადამიანი, რომელსაც კარგად ჰქონდა გააზრებული ის ფასეულობა, რასაც ქვეყნის სამსახურში დგომა ჰქვია და სწორედ მის მაგალითზე აღიზარდა უამრავი თაობა.

2016 წლის ერთა თასზე, „ბორჯღალოსნები“ ზედიზედ სამი პრემიალური გამარჯვების შემდეგ, 12 მარტს რუსეთთან, ხოლო 19-ში რუმინეთთან ეცდებიან წარმატებული სერიის გაგრძელებას. „ლეონსიო“, რომელიც საკუთარი გამოცდილებით ყველაზე კარგად იცნობს ამ ნაკრებებს, ფიქრობს, რომ საქართველო დღეს ბევრად უფრო მაღალ დონეზე დგას და სწორედ კლასის ხარჯზე უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება. ვიმედოვნებთ, ჩვენი ბიჭები გაამართლებენ „ლეგენდარული ლეონსიოს“ იმედებს და კიდევ ბევრ მნიშვნელოვან გამარჯვებას ჩაწერენ ქართული რაგბის ისტორიაში.

12 მარტი. სოჭი

საქართველო - რუსეთი

19 მარტი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა

საქართველო - რუმინეთი

ელენე ლომსაძე

www.worldrugby.ge

0.171172