უმცროსი ბორჯღალოსნების სამხრეთამერიკული ტურნე მალე დასრულდება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხვალ, 4 მარტს სერიის დამაგვირგვინებელ რკენაში ურუგვაის მეორედ ეთამაშება. მატჩი ჩვენი დროით 23:30 საათზე დაიწყება, რომლისთვისაც თვალყურისდევნება მხოლოდ ტექსტური ლაივით იქნება შესაძლებელი, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის თვითერზე იწარმოებს >>> @GeorgianRugby
ტურნეში, რომელიც 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს და გუნდის შენებისა და შეთამაშებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უკვე სამი მატჩი გამართეს, რომლებიც დავთმეთ. პირველ 2 მატჩში არგენტინას ვეთამაშეთ (36:17 და 49:11), ხოლო მესამეში ურუგვაის (21:19).
დღეს უმცროსი ბორჯღალოსნები მონტევიდეოში კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ და მოემზადებიან ხვალინდელი, ტურნეს დამაგვირგვინებელი მატჩისთვის. ვარჯიშის შემდეგ სამწვრთნელო შტაბი ჩამოყალიბდება სამატჩო რაზმზე. ამ მომენტისათვის რამდენიმე კითხვის ნიშანია. წინა მატჩში ხელი დაიზიანა გიორგი ცუცქირიძემ, ასევე ფეხი აწუხებს სანდრო ილურიძეს. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გაირკვევა შეძლებენ თუ არა ხვალ თამაშს. სავარაუდოდ არ ითამაშებს ირაკლი სვანიძეც, რომელმაც პირველ შეხვედრაში ფეხი დაიზიანა.
მთლიანობაში სამწვრთნელო შტაბი ტურნეს ძალიან დადებითად აფასებს. უმცროს ბორჯღალოსანთა ერთ-ერთი მწვრთნელის, ზურა ამონაშვილის განცხადებით, სერია ძალზე მნიშვნელოვანია გუნდის მშენებლობისათვის, ვინაიდან ამ შემდაგენლობით 20-წლამდელებს ერთად ბევრი არ უთამაშიათ.
„ხვალ ვნახოთ რას ვიზამთ. მთლიანობაში ძალიან სასარგებლო და საჭირო ტურნე იყო. მიუხედავად ყველა სირთულისა ახლანდელი გუნდი (96-97 წელს დაბადებულები) ერთად დიდი ხანია არ ყოფილა. ფაქტიურად ორი სხვადასხვა თაობის გუნდია. იმას არ ვამბობთ, რომ რომელიმე მორაგბე ვინმეზე წინ ან უკანაა, მაგრამ წინა ნაკრები დიდხანს იყო ერთად და ბევრად უკეთ შეთამაშებული და „აშენებული“ გუნდი იყო - შესაბამისად ეს ტურნე გუნდის მშენებლობაში გვეხმარება.
„ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლასა და წნეხში მოხდა, როგორც ინდივიდუალური, ასე გუნდური სისტემების გამოცდა. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული თუ რისთვის ვემზადებით - მსოფლიოზე სუსტი მოწინააღმდეგე არ არსებობს. შესაბამისად ძლიერ მეტოქეებთან ყველაფრის გამოცდა ძალიან სასარგებლოა. ჩვენ ყველა მოთამაშეს მივეცით თამაშის და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ზეწოლის ქვეშ. გვინდა ვნახოთ რა „მასალისგან“ ვაშენებთ გუნდს.
„ტურნეს შემდეგ უკეთესად გამოჩნდება საერთო სურათი, რაც კითხვის ნიშნებს შეამცირებს. მსოფლიოს წინა შეკრებაზე აქცენტს უკვე გუნდის ოპტიმიზაციაზე გადავიტანთ და დროს სელექციაზე აღარ დავხარჯავთ. საერთოდ ძნელია თამაშიდან თამაშამდე ბევრ გუნდში ბევრი ცვლილებები როდესაც ხდება, რასაც ჩვენ განზრახ ვაკეთებთ, რათა ყველას მიეცეს სათამაშო დრო.
„ბიჭების სასარგებლოდ მინდა ავღნიშნო, რომ მატჩის შემდგომ ვიდეო ანალიზზე, ვიდრე კონკრეტულ შემჩნევას ვეტყვით, თვითონ გვასწრებენ თავიანთი შეცდომის აღნიშვნას, რაც იმას აღნიშნავს, რომ ბიჭები თამაშიდან თამაშამდე იზრდებიან. მიუხედავად სამი წაგებული თამაშისა, გუნდში კარგი მდგომარეობაა და კარგადაა შეკრული. ერთად ვართ და ერთად ვზრუნავთ იდენტიფიცირებული პრობლემების აღმოფხვრაზე და ყველა ვიაზრებთ პასუხისმგებლობას. ბოლოს მინდა ავღნიშნოთ, რომ სამი თამაშის გამოცდილებას გავიზიარებთ და ვეცდებით ხვალ მაქსიმალურად მივუახლოვოდ ჩვენ თამაშს.
„საუბრის ბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო არგენტინაში საქართველოს საელჩოს - ელჩს, ბატონ გელა სეხნიაშვილს, მრჩეველს, ქალბატონ ქეთი საბაურსა და საელჩოს ყველა თანამშრომელს დიდი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის. მთელი ტურნეს მსვლელობისას ისინი ყველაფერში გვერდში დაგვიდგნენ და დაგვეხმარნენ უამრავი საორგანიზაციო საკითხის უმტკინვეულოდ გადაწყვეტაში. მეტიც ისინი ხვალ მონტევიდეოში ჩამოვლენ და გვიქომაგებენ.“
შეგახსენებთ, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ ამერიკული ტურნეს დამაგვირგვინებელ მატჩში ურუგვაის თანატოლთა გუნდს ხვალ, ჩვენი დროით 23:30 საათზე ერკინებიან.
www.rugby.ge