თბილისის “ვითა” კიდევ ერთმა ამერიკელმა ლეგიონერმა დატოვა. ფორვარდი ომარ ტომასი (სიმაღლე – 196 სმ. წონა – 104 კგ.), რომელიც 25 თებერვალს 34 წლის გახდა, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” ჩაირიცხა.
რუსული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ტომასი 34-ნომრიან მაისურს მოირგებს და “ზენიტის” რიგებში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
ცნობისთვის, ომარმა “ვითას” რიგებში 9 მატჩის ჩატარება მოასწრო, ბოლოს კი თბილისური კლუბის ღირსება 28 თებერვალს ყაზანის “უნიკსთან” შეხვედრაში დაიცვა, რომელშიც 21 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.
ჯამში, “ვითაში” ტომასის საშუალო მონაგარი 19.9 ქულა, 10.2 მოხსნა, 1.8 პასი და 1.2 ჩაჭრა გახლდათ. ცხადია, თბილისურ კლუბს, რომელსაც ვთბ-ლიგაში 23-ვე მატჩი წაგებული აქვს, ამერიკელი ლიდერის წასვლა კიდევ უფრო დაასუსტებს.
ერთი საინტერესო დეტალიც. 13 მარტს თბილისს ვთბ-ლიგის მორიგი მატჩის ჩასატარებლად სწორედ “ზენიტი” ესტუმრება და ტომასს თამაში ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოუწევს.