ფეხბურთი

11:08 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას არჩევანი: “ემპოლის” მთავარი გუნდი ან სერია B...
“ვიარეჯოს” ტურნირს დიდი გუნდების სკაუტები დაესწრებიან და იმედია, მანამდე ფორმის სრულად აღდგენას მოვასწრებ”

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების თავდამსხმელი რომან ჭანტურია მომავალი სეზონიდან “ემპოლის” მთავარ გუნდში ითამაშებს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა ჩვენთან საუბრისას თქვა. როგორც რომანმა worldsport.ge-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, შემოთავაზებები არ აკლია, თუმცა ტოსკანური გუნდის პრეზიდენტს მისი გაშვება ამ ეტაპზე არ სურს. იმედისმომცემმა ქართველმა შემტევმა ისიც თქვა, მომავალ სეზონში შესაძლოა იტალიის სერია B-ს რომელიმე გუნდში გამანათხოვრონო, სადაც მისი თქმით, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება.

ჭანტურია იტალიური “ემპოლის” ახალგაზრდულ გუნდში წარმატებულ სეზონს ატარებს. 20 წლის ფორვარდს ამ დროისთვის 16 გოლი აქვს გატანილი (13 პრიმავერას ჩემპიონატში, 3 იტალიის თასზე) და 6 საგოლე გადაცემა გაკეთებული. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ მთავარ გუნდში მის დაწინაურებაზე უკვე სერიოზულად ფიქრობენ...

- პირველ ყოვლისა, როგორ ფორმაში ხარ? გარკვეული პერიოდი გაგიცდა...

- იმის გათვალისწინებით, რომ 10 დღეა რაც ვარჯიში დავიწყე, თავს კარგად ვგრძნობ და ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას ვუბრუნდები. ისე კი, 1 თვე გამიცდა.

- სეზონის პირველი ნახევარი წარმატებული გამოდგა: 16 გოლი და 6 საგოლე გადაცემა... ელოდი ასეთ შედეგს და მთავარი გუნდიდან ინტერესი არ ყოფილა?

- შედეგს ველოდი, რადგან თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი. კი როგორ არ ყოფილა, ძირითად დროს მთავარ გუნდთან ერთად ვატარებ, დუბლებში მხოლოდ ვთამაშობ.

- მარკო ჯამპაოლო თუ გესაუბრა და რა მოსაზრებისაა შენზე?

- ჯამპაოლოს ვესაუბრები და მისგან ყოველთვის სწორ და კარგ დარიგებებს ვიღებ. ჩემს მიმართ დადებითადაა განწყობილი და იმედია, მალე შანსს მომცემს.

- ბუნებრივია ლევან მჭედლიძესთან ხშირი ურთიერთობა გექნება...

- ლევანი პირველ ყოვლისა ჩემთვის დიდი მეგობარი და მისაბაძი პიროვნებაა. ყოველთვის ვგრძნობ მისგან გვერდში დგომას. მიხარია, რომ ასეთი ადამიანი დამხვდა ემპოლიში და ადაპტაციაში დამეხმარა.

- წლევანდელ სეზონს ალბათ პრიმავერაში ჩაამთავრებ. გუნდის მიზანი რა არის?

- დიახ, წელს პრიმავერაში დავამთავრებ სეზონს. გუნდის მიზანი კი ფინალურ ეტაპზე გასვლაა.

- ამჟამად საპლეი-ოფო ადგილზე იმყოფებით. თუმცა დრო იყო, როდესაც პირველ პოზიციას იკავებდით. რამ გამოიწვია ბოლო დროს ცუდი თამაში?

- პირველ ყოვლისა ძირითადი ფეხბურთელების არყოფნამ. მერე კი ალბათ, არასწორმა მიდგომამ, რაც მომავალში აუცილებლად გამოსწორდება.

- საერთოდ, იტალიაში პრიმავერას დიდ ყურადღებას აქცევენ. ყოველწლიურად ტურნირიც ტარდება “ვიარეჯო”, რომელსაც გრანდების სკაუტებიც მრავლად ესწრებიან. შენ “ემპოლის” ლიდერი ხარ და ინტერესი ხომ არ გაქვს სხვა გუნდებისგან?

- დაინტერესება ბევრი ძლიერი გუნდისგან იყო და არის, მაგრამ გუნდის პრეზიდენტს ჩემი გაშვება არ უნდა და ჯერჯერობით ამ ვარიანტს არ განიხილავს. “ვიარეჯოს” ტურნირი კი მარტში დაიწყება და მართალია, ბევრი მაღალი დონის სკაუტი დაესწრება, როგორც წინა წლებში.

- “პესკარასთან” თამაშს ვუყურე და ცუდ ფორმაში არ ხარ. აქტიურიც იყავი და მშვენიერი საგოლე პასიც გააკეთე. თუმცა, ბოლომდე ფორმის აღდგენას “ვიარეჯომდე” მოასწრებ?

- დიახ. დღითიდღე უფრო მეტს ვაკეთებ, რაშიც გუნდიც მეხმარება. ფიზმომზადებისა და ტექნიკის მწვრთნელები არიან ჩართულნი ამ საქმეში და იმედია, ოპტიმალურ ფორმას მალე დავუბრუნდები.

- იტალიის ჩემპიონატის დონეზე რას იტყვი? ნუთი მართლა კრიზისშია სერია A, როგორც გარედან ჩანს და ამბობენ...

- არამგონია ასეთი კრიზისი ჰქონდეს, როგორსაც ამბობენ. სერია A ყოველთვის იყო და იქნება უმაღლესი ჩემპიონატების სამეულში. ეს ჩემი პირადი აზრია.

- ზემოთ დაინტერესება ახსენე და, რომელი გუნდებიდან იყო, ალბათ უმეტესად იტალიიდან...

- გუნდების ვინაობის დასახელება არ შემიძლია, რადგან ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს საუბარი. შემოთავაზებები კი არის, როგორც იტალიიდან, ისე სხვა წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან. პირადად მე, რა თქმა უნდა, იტალიაში დარჩენა მინდა.

- რომელი გუნდია შენი ფავორიტი აპენინზე?

- ტურინის “იუვენტუსი”.

- შენი პოზიციის მოთამაშეებიდან რომელს გამოარჩევდი, როგორც იტალიაში, ისე მთლიანად?

- სერია A-ში ალბათ საუკეთესო გონსალო იგუაინია, მსოფლიოში კი რაღა თქმა უნდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

- მთავარი გუნდის დროც მოვიდა.. მომავალ სეზონში რა იქნება?

- მომავალ სეზონში ქართველი გულშემატკივარი აუცილებლად მიხილავს პირველ გუნდში ან განათხოვრებით სერია B-ს რომელიმე კლუბში, სადაც სრული სათამაშო პრაქტიკა მექნება. ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია.

- რომელი გირჩევნია - “ემპოლიში” მცირე სათამაშო დრო თუ სერია B-ში მუდმივი პრაქტიკა? თანაც, იტალიის ქვედა ლიგაში თამაში საკმაოდ რთულია...

- გააჩნია, ახალი სეზონის დაწყებამდე ყველაფერი გადაწყდება, რა და როგორ, როცა მოსამზადებელ ეტაპს გავივლით. გეთანხმებით, სერია B-ში თამაში ძალიან რთულია, განსაკუთრებით, თავდამსხმელისთვის.

- არადა, “ემპოლი” მაინცდამაინც არ გამოირჩევა მაღალი დონის თავდამსხმელებით. მასიმო მაკარონე ასაკშია, იმედი და მოლოდინი ვერც პუჩიარელიმ გაამართლა. როგორც ვიცი, ტოსკანელები არც ხორვატი ლივაიას გამოსყიდვას აპირებენ ყაზანის “რუბინიდან”, ხოლო ალესანდრო პიუ ძალიან ახალგაზრდაა და ვერ ბრწყინავს. შენი და მჭედლიძის დუეტი კარგი სანახავი იქნებოდა...

- დიახ, ძალიან მინდა ლევანისთან ერთად მომიწიოს თამაში და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

- იტალიაში უკვე ორი წელია ხარ. “ლოკომოტივისა” და “ემპოლის” ახალგაზრდულ გუნდებს შორის დიდი სხვაობაა?

- კი, ძალიან. შედარებაც არ შეიძლება, “ემპოლის” იტალიაში ყოველთვის წამყვანი საბავშვო სკოლა ჰქონდა და აქვს.

- თავიდან არ გაგიჭირდა ახალ გარემოსთან, ახალ ვარჯიშებთან შეგუება?

- დიახ, მაგრამ როგორც გითხარით, მჭედლიძე ძალიან დამეხმარა. იტალიური ენის შესწავლაში მან დიდი წვლილი შეიტანა.

- რომელი მატჩი იყო შენთვის წელს საუკეთესო და ასევე გოლი?

- საუკეთესო გოლი ჩემთვის არ არსებობს. ყველა ერთნაირია, როგორც სილამაზით, ასევე სიხარულით. იგივეს ვიტყოდი თამაშზეც, გამორჩეულად არცერთს გამოვყოფ.

- ახალგაზრდულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, გია გეგუჩაძე...

- ჩემი აზრით, გამართული და ლამაზი ფეხბურთის მოყვარული მწვრთნელია.

- ალბათ, მთავარი მიზანი ეროვნული ნაკრებია...

- რა თქმა უნდა. დიდი იმედი მაქვს, ეროვნულ ნაკრებში მალე მოვხვდები.

- ფეხბურთში შენი ოცნება?

- უმაღლეს დონეზე თამაში, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო კარიერაში.

- და ბოლოს, მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები რომ შეადგინო...

- ნოიერი, დანი ალვეში, რამოსი, ტიაგო სილვა, ალაბა, მოდრიჩი, ბუსკეტსი, ნეიმარი, მესი, რონალდუ და იბრაჰიმოვიჩი. ტაქტიკა 4-2-3-1.

- და ბუფონი?..

- ლეგენდებს არ ვეხებით (იცინის).

0.115453