ბოლნისის „ყოჩების“ აწ უკვე ყოფილი მორაგბე მიხეილ არჩუაშვილი, პარასკევს გამთენიისას რუმინეთში გაემგზავრა, სადაც კარიერას ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, ბუქარესტის „სტიაუაში“ გააგრძელებს.
ეს გუნდი 1948 წელს რუმინეთის არმიის ბაზაზე დაფუძნდა და მას შემდეგ 24-ჯერ იზეიმა ქვეყნის ჩემპიონობა (უახლოესმა მდევარმა ბუქარესტის „დინამომ“ 16-ჯერ), მაგრამ უკანასკნელად თასი 10 წლის წინ (2006) შემართა. გუნდი ძველი დიდების დასაბრუნებულად იბრძვის და მომავალი სეზონის წინ არჩუაშვილის გარდა სამხრეთ აფრიკელი და ფიჯელი მორაგბეებით გაძლიერდა.
რუმინეთის სუპერ-ლიგაში ექვსი გუნდი თამაშობს, რომელთაგან სამი ბუქარესტისაა. გარდა ამისა, გუნდები იბრძოლებენ ქვეყნის თასისთვის და არჩუაშვილის ახალი გუნდი პირველ თამაშს 19 მარტს გამართავს. worldrugby.ge „ტარზანას“ რუმინეთში გამგზავრებამდე ესაუბრა, მაგრამ სანაკრებო მატჩების ფონზე ინტერვიუს მოგვიანებით გთავაზობთ.
მიხეილ არჩუაშვილი: ხვალ გამთენიისას რუმინეთში მივდივარ და კარიერას ბუქარესტის „სტიაუაში“ გავაგრძელებ. გუნდი მომავალი სეზონის წინ ძლიერდება და მეც ცოტა ხნის წინ აგენტი დამიკავშირდა, რომელსაც CV და ჩემი თამაშების ვიდეო გავუგზავნე. როგორც ჩანს მოვეწონეთ. მეც ბევრი ფიქრის მიუხედავად წასვლა გადავწყვიტე. მიმაჩნია, რომ ჩემი კარიერული წინსვლისთვის ამ ეტაპზე ასე აჯობებს. რაც მთავარია, ნორმალურ ფორმაში ვარ, თავს არ დავზოგავ და იმედია ყველაფერი კარგად გაგრძელდება.
- რადგან აგენტი გყავდათ, ესეიგი დიდი ხანია წასვლაზე ფიქრობთ.
- არა, ეს შემთხვევით მოხდა. რუმინელმა აგენტმა ადრე საზღვარგარეთ ერთ-ერთი ქართველი, ქუთაისელი ირაკლი ულუმბელაშვილი წაიყვანა. ახლა ის საფრანგეთში ჩემს მეგობარ აჩო ბეჟიაშვილთან ერთად თამაშობს. როდესაც მათ გაიგეს, რომ „სტიაუა“ მეორეხაზელს ეძებდა, აგენტს დამაკავშირეს.
- კლუბთან პირდაპირ კონტრაქტს აფორმებთ?
- დიახ, კონტრაქტის წინაპირობა გამომიგზავნეს და მას ხელი მოვაწერე. ადგილზე რომ ჩავალ ორიგინალზე მოვაწერ ხელს და სექტემბრამდე „სტიაუას“ მოთამაშე ვიქნები. სწორედ ამ დროს სრულდება რუმინეთის სუპერ ლიგა. მე მათ ჩემი თამაშების მხოლოდ ერთი ჩანაწერი გავუგზავნე, მაგრამ ამ პერიოდში ინფორმაციის მოპოვება რთული არაა და შესაძლოა, რუმინელებს სხვა თამაშებიც ჰქონდათ ნანახი. სექტემბერში კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრა მექნება და თუ თანამშრომლობით ორივე მხარე კმაყოფილი იქნება, არაა გამორიცხული „სტიაუაში“ სამომავლოდაც დავრჩე.
- რა დონის გუნდია ახლა „სტიაუა“?
- რა სტილს თამაშობს ახლა ეს გუნდი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ყოველ სეზონში მიზნად ჩემპიონობას და ფინალში გასვლას ისახავს. სტაბილურად სამეულის გუნდია, თუმცა მომავალ ჩემპიონატში მიზანი პირველობა იქნება. ამისათვის გუნდი საგანგებოდ ემზადება და ჯამში 9 მოთამაშე დაიმატა, მათ შორის ლეგიონერები სამხრეთ აფრიკიდან და ფიჯიდან.
- საზღვარგარეთ თამაშისას ენის ცოდნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და თუ იცით ვინ იქნებიან თქვენი კონკურენტები?
- ვფიქრობ, ენის არცოდნა მართლაც პრობლემა იქნება. როგორც ვიცი რუმინელები რუსულად ვერ საუბრობენ და მე ინგლისური ძალიან ცუდად ვიცი. გამიჭიერდება, მაგრამ სარაგბო ენას აუცილებლადს გავუგებ. რაც შეეხება პოტენციურ კონკურენტებს, მათზე წარმოდგენა არა მაქვს. რუმინეთის ნაკრებში „სტიაუადან“ ჩემს პოზიციაზე ვერავინ ხვდება. ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, კონკურენტებთან მნიშვნელოვანი უპირატესობა მექნება, რადგან საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს და კარგ ფორმაში ვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შემადენლობაში რეგულარულად ვითამაშო და გუნდს წარმატების მოპოვებაში დავეხმარო.
- რუმინეთის ჩემპიონატის დონეზე რას იტყვით?
- რუმინეთის ჩემპიონატის რამდენიმე თამაში ვნახე და საგრძნობლად განსხვავდება საქართველოს ჩემპიონატისგან, ტემპითაც და სათამაშო დისციპლინითაც. დონე საგრძნობლად მაღალია.
- ალბათ, პირობებიც განსხვავებულია.
- მექნება სახლი მოედანთან ახლოს. „სტიაუაში“ და ზოგადად რუმინეთში რაგბისადმი პროფესიონალური მიდგომაა და მექნება ორჯერადი ვარჯიშები. გუნდს ახალგარემონტებული ბაზა აქვს და როგორც ვიცი, სავარჯიშოდ ძალიან კარგი პირობებია. ფაქტობრივად მთელი დღე ბაზაზე მომიწევს ყოფნა
- „ყოჩებში“ თქვენი თანაგუნდელი გიორგი ხოსიტაშვილი დიდი ხნის განმავლობაში რუმინეთში თამაშობდა. რამე რჩევები თუ მოგცათ?
- ხოსიტაშვილი და ლაშა თავართქილაძე სიტუაციის გარკვევაში ძალიან დამეხმარნენ. მომიყვნენ იქაური ჩემპიონატის შესახებ, მითხრეს, რომ მაღალი დონის თამაშები ტარდება, გამაცნეს რუმინელების ფსიქოლოგია და მომცეს რჩევები, რომელთაც აუცილებლად გავითვალისწინებ.
- რუმინეთში ბიძინა სამხარაძე თამაშობს.
- დიახ, ოღონდ ბუქარესტიდან ძალიან შორს, ბეია მარიში და სამწუხაროდ, მასთან შეხება ვერ მექნება. როგორც მითხრეს, სათამაშოდ წასვლაც დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული. გუნდი ავტობუსში ფაქტობრივად სამ დღე-ღამეს ატარებს - მივდივართ, ვთამაშობთ და ეგრევე უკან ვბრუნდებით.
- ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც სათამაშოდ უცხოეთში მიდიხართ
- პირველ შემთხვევას სერიოზულად ვერც აღვიქვამ. ვიყავი საფრანგეთში, არაპროფესიონალურ კლუბში, სადაც მხოლოდ სამი თვე გავატარე. მაშინ ვფიქრობდი, რომ იქ წასვლა ჩემთვის ერთგვარი ტრამპლინი იქნებოდა, მაგრამ 3 თვის შემდეგ იქით აღარც გამიხედავს. ეს სხვა სიტუაციაა, „სტიაუა“ პროფესიონალური კლუბია.
- და ბოლოს, თუ გსმენიათ „სტიაუასა“ და ბუქარესტის „დინამოს“ ისტორიულ დაპირისპირებაზე?
- ეს ქალაქის უდიდესი დერბია! გულშემატკივრები დიდი ხნით ადრე ემზადებიან ამ შეხვედრისთვის და რა დონეზეც არ უნდა იყვნენ გუნდები, ერთმანეთის წინააღმდეგ განსაკუთრებული მონდომებით თამაშობენ. დანარჩენს ადგილზე ვნახავ. ჩემპიონატის დაწყებამდე ორი ამხანაგური თამაშია დაგეგმილი და პირველი შეხვედრა სწორედ „დინამოსთან“, 5 მარტს გვექნება, მერე კი, ბუქარესტის კიდევ ერთ გუნდს ვხვდებით.
წყარო - www.worldrugby.ge