“მსოფლიო სპორტი” კვიპროსის “ანორთოსისის” ნახევარმცველ ირაკლი მაისურაძეს დაუკავშირდა. 27 წლის მაისურაძეს ბოლო პერიოდში კარგი პრესა აქვს კვიპროსზე, იქაურ ჩემპიონატში ერთ-ერთ საუკეთესოდაც მიიჩნევენ თავის პოზიციაზე.
ირაკლიმ ხუთიოდე წლის წინ რუსთავის ”მეტალურგში” მიიქცია ყურადღება, როცა მართლაც კარგად ათამაშდა. მერე იყო გორის “დილაში” კარგი სეზონიც. კიდევ, მალტის “ლა ვალეტაში” ითამაშა ნუკრი რევიშვილთან ერთად და ქვეყნის ჩემპიონიც გახდა:
- რას იტყოდი ამ სეზონში შენს თამაშზე? რამდენად ხარ კმაყოფილი?
- ჩემთვის ცუდად დაიწყო სეზონი, სათადარიგო ვიყავი. “ანორთოსისთან” კონტრაქტის განახლებისას მოვილაპარაკეთ ერთზე და დამახვედრეს მეორე. ბევრმა ჩამომწერა კიდეც, მითუმეტეს, გუნდში ნამდვილად ძლიერი და სახელიანი ფეხბურთელები მოიყვანეს. თუმცა ეს არ მადარდებდა, ჩემსას ვაკეთებდი და თავი დავიმკვიდრე სასტარტო შემადგენლობაში. ახლაც ვიბრძვი ადგილის შესანარჩუნებლად. ბევრი კარგი თამაშიც ჩავატარე და შეიძლება ითქვას, ძირითადად კმაყოფილი ვარ.
- “ანორთოსისის” მიზნებზე: რა შეუძლია ამ სეზონში გუნდს?
- მართალია, ჩემპიონობა რთულია, მაგრამ წინ 11 ტურია და 33 ქულა თამაშდება. ბოლომდე ვეცდებით ყველაფერს, ჩვენს უკან ჩვენი გუნდია და გულშემატკივარს იმედები არ უნდა გავუცრუოთ. ვნახოთ, ვეცდებით. პროგრამა-მინიმუმი კი ევროპის ლიგაზე გამსვლელი ადგილის დაკავებაა.
- რამდენად სასიამოვნოა კვიპროსზე თამაში – რა მოგწონს და რით ხარ უკმაყოფილო?
- კვიპროსზე ყველაფერი მომწონს, მშვენიერი საფეხბურთო გარემოა და აღარაფერს ვამბობ ინფრასტრუქტურაზე და სხვადასხვა წვრილმანებზე. აქ ფეხბურთის ნამდვილი გიჟები არიან. მართალია, გიორგი აბურჯანია აღარ მყავს გვერდში, მაგრამ უკეთეს ადგილას წავიდა წარმატებებს ვუსურვებ მთელი “ანორთოსისის” სახელით. ისე, აბურჯანია ძალიან დაგვაკლდა როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში.
- ამდენი ლეგიონერი რომ ჰყავთ კვიპროსულ კლუბებს, ადგილობრივები ხომ არ ღიზიანდებიან?
- არანაირად. მთავარია დაინახონ, რომ მათთვის იხარჯები და არ აინტერესებთ, საიდან ხარ, რომელი ქვეყნიდან... მაინც თავისიანად გთვლიან.
- “ანორთოსისის” ფანები აპოლ-ის მწვრთნელ თემურ ქეცბაიას მტრულად დახვდნენ. არადა, ქეცბაია “ანორთოსისის” ლეგენდაა. რა იყო ამის მიზეზები?
- მიზეზი ერთადერთია: ქეცბაია “ანორთოსისის” ლეგენდაა და გადავიდა აპოელ-ში. ასეთ რაღაცეებს აქ ცუდად უყურებენ და ღალატის ტოლფასად მიაჩნიათ.
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახების იმედი თუ გაქვს? და რამდენად მზად ხარ სანაკრებოდ?
- არ შევეხები ამ თემას და ვერ დავიწყებ საუბარს, მზად ვარ თუ არა. ერთი კი არის, წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ როგორც ნაკრებს, ასევე მთლიანად ქართულ ფეხბურთს.
- ვიცით, რომ წიგნის კითხვა გიყვარს. შენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის განათლება?
- საინტერესოა და მომწონს კითხვა. რუსთავის “მეტალურგში” ჩემი ყოფილი თანაგუნდელი ლექსო კვახაძე სულ მეუბნებოდა, წიგნი იკითხეო და დღემდე მისგან ვირჩევ წიგნებს. ჩემი აზრით, მხატვრული ლიტერატურა გონებრივად გზრდის და ფეხბურთშიც გეხმარება. ფეხბურთში ყველაზე მთავარია ტვინი და ვფიქრობ, ტვინსაც ვარჯიში უნდა, ისევე როგორც კუნთებს.
- უფრო რომელი მწერლები მოგწონს, რომელი ჟანრია შენთვის ახლობელი?
- ადრე უცხოურ ლიტერატურას ვკითხულობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ქართველი მწერლების შემოქმედება უფრო ახლოსაა ჩვენს მენტალიტეტთან და რეალობასთანაც. ამიტომაც, უფრო ქართულებზე გადავედი. ყველაზე ძალიან არ მომწონს, როცა რემარკისა და ცვაიგის კითხვით იწონებენ თავს, ამ დროს კი ქართველთა შემოქმედებას იმდენად არ იცნობენ. ჩვენც გვყავდა ასეთი დიდი შემოქმედები. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას დონის, თან მის ჟანრში, რაღაც ვერ წარმომიდგენია, ვინმე ყოფილიყო.