ფეხბურთი

10:23 | 29.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი “წყალქვეშა ნავის” კაპიტნად

ზინედინ ზიდანის გადაწყვეტილება, რომ მადრიდის “რეალს” ჩასდგომოდა სათავეში, თავიდანვე უცნაური და ერთგვარად პროვოკაციული იყო. არავის შეაქვს ეჭვი ზინედინის ნიჭსა და ფეხბურთის კუთხით განსწავლულობაში, მაგრამ ყოველგვარი განსაკუთრებული სამწვრთნელო პრაქტიკის გარეშე მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გაწვრთნა ნიშნავს იმას, რომ ატომური წყალქვეშა ნავი ახალბედა რიგითს მიანდო, რომელიც შეიძლება ძალიანაც ნიჭიერია, მაგრამ ეს უბრალოდ არაა საკმარისი.

მადრიდის ”რეალი” ყოველთვის შემჩნეული იყო პროვოკაციულ და უცნაურ გადაწყვეტილებებში და ამით ამ კლუბმა ფინანსურად არაერთხელ იხეირა. მოგეხსენებათ, გულშემატკივრებს არაორდინალურობა ძალიან უყვართ და მათთვის ხშირად უცნაური ამბები და გადაწყვეტლებები უფრო საინტერესოა, ვიდრე კონკრეტულ მატჩებში დაფიქსირებული შედეგი. ზიდანი კი თვალსა და ხელს შუა დიდ გაურკვევლობაში აღმოჩნდა და აშკარაა, რომ ამ გაურკვევლობიდან ადვილად გამოძვრომაც ვერ მოხერხდება.

ერთხელ სეუ ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ მას ტყუილად აბრალებენ ვარსკვლავებისა და დიდი ფეხბურთელების უაზრო სიძულვილს. ჟოზემ განაცხადა, რომ მას უბრალოდ ძალიან უჭირს ახალ გუნდში მისვლის შემდეგ გუნდის ავტორიტეტებისა და უდავო ლიდერების მოთოკვა და სათამაშო სქემაში ჩასმა. ამიტომ, ჟოზე მარტივ გამოსავალს ნახულობდა – სათადარიგოთა სკამზე სვამდა, ან გუნდიდან უშვებდა ლიდერებს და ამით ორ კურდღელს იჭერდა - პირველ ყოვლისა გუნდში ამყარებდა მწვრთნელის ერთპიროვნულ დიქტატურას და სხვა ფეხბურთელებს აჩვენებდა თუ ვინ იყო პირველი და გადაწყვეტილების მიმღები კაცი.

ზიდანს სამწუხაროდ ეს არ შეუძლია, რადგან იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში თავად იყო ყველა გუნდში, სადაც კი უთამაშია, ლიდერიცა და უდავო ავტორიტეტიც. ზიდანი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ხშირად მწვრთნელთან ერთად იღებდა გადაწყვეტლებებს და ვერავინ გაბედა მისი “მოთოკვა” მაგალითად ისე, როგორც ამას ჟოზე აკეთებდა. ზინედინს ვერ წარმოუდგენია თუნდაც ხმამაღლა დასჭყივლოს გუნდის ლიდერებს და კრიშტიანუ რონალდუსთან მისი მცირე კონფლიქტიც არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მაგალითად სერ ალექს ფერგიუსონი ფეხბურთელებს უკეთებდა. ამ დროს ალბათ ყველას დევიდ ბექჰემის სისხლიანი წარბი გვახსენდება, რომელსაც სერ ალექსმა გასახდელში ბუცი ესროლა.

ასეთ სიტუაციაში გამოსავალზე საუბარიც რთულია, რადგან ზიდანი არაა ის კაცი, რომელიც ზნესა და ფეხბურთისადმი დამოკიდებულებას ადვილად შეიცვლის და არც “რეალია” ის კლუბი, სადაც ბევრი ჩაგდებული თამაშის მოთმენა შეუძლიათ. “ზიზუსა” და მადრიდული კლუბების საერთო ინტერესი რა თქმა უნდა კლუბის წარმატებაა, მაგრამ ერთია იყო მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და მეორეა გქონდეს იმ კლუბის ღირსეულად წაძღოლის ამბიცია, რომელსაც თავის დროზე “რეალიდან” გაშვებულმა რაულ გონსალესმა “მონსტრების კორპორაცია” უწოდა.

მომავლის ჭვრეტა რთულია და შესაძლებელია ამ წვალებასა და ნერვიულობაში ზიდანისგან მართლაც გამოიჭედოს კარგი ევროპელი მწვრთნელი, მაგრამ საჭვოა ეს ახლა და სახელდობრ მადრიდის “რეალში” მოხდეს. ამ გუნდის მწვრთნელს ჩემოდანი სულ ჩალაგებული უნდა ქონდეს და ეს ყველაზე კარგად ანჩელოტიმ, მოურინიომ, დელ ბოსკემ და მადრიდელთა სხვა ყოფილმა მწვრთნელებმა იციან. ზიდანი კი ძალიან, ძალიან წვალობს...

0.148132