პრაღაში გამართულმა ევროპის ღია ტურნირმა ძიუდოში კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებში კრიტიკული მდგომარეობაა. პრობლემის სწრაფად მოგვარების და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვების შანსიც ტურნირიდან ტურნირამდე მცირდება.
ჩეხურ ტატამზე ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი სწორედ 100 კილოგრამში მოჭიდავე ძიუდოისტებით გავიდა. კონკურენციაში ნაკრების ოთხი უმთავრესი კანდიდატი ჩაება. ალექსანდრე მსხალაძე, გურამ თუშიშვილი, ალექსანდრე ზაალიშვილი და ლაშა ტაველური სატურნირო ბადეში ისე გადანაწილდნენ, ერთმანეთს ნახევარფინალამდე არ ხვდებოდნენ, მაგრამ იქამდე ვერც ერთი ვერ მივიდა.
ევროპის ღია ტურნირზე ჭიდაობისგან, მოლოდინისამებრ, მსოფლიო რეიტინგსიის მაღალრეიტინგიანი ძიუდოისტების უმრავლესობამ თავი შეიკავა, მაგრამ ქართველთათვის ეს დიდი ვერაფერი შვება გამოდგა.
ყველაზე შედეგიანად ალექსანდრე მსხალაძე გამოვიდა – მე-7 ადგილი დაიკავა და პირად რეიტინგს 16 სარეიტინგო ქულა შემატა.
ძირითად ბადეში მსხალაძემ გერმანელი დინო პფაიფერი უილეთო ბრძოლაში გაფრთხილებებით ჩამოიშორა. მეოთხედფინალში კი სუფთად წააგო იტალიელ ჯულიანო ლოპორჩიოსთან და მარცხით იმედგაცრუებულმა მსაჯის და დიქტორის თხოვნის მიუხედავად, მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა. სულ მალე საორგანიზაციო მაგიდასთან საქართველოს ნაკრების მწვრთნელს უხმეს, სავარაუდოდ, მსხალაძის საქციელთან დაკავშირებით. ჯერ უცნობია, მიზეზი მკაცრი სანქცია იყო, თუ ტრავმა, რეპეშაჟის ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი ტატამზე აღარ გასულა.
გურამ თუშიშვილი პირველსავე წრეში იპონით დამარცხდა რუსეთის ნაკრების წევრ ნიაზ ბილალოვთან. ლაშა ტაველურმა და ალექსანდრე ზაალიშვილმა კი თითო ეტაპი დაძლიეს და ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშნენ. ტაველური უკრაინელი დმიტრო ლუჩინის ძლევის შემდეგ, მონღოლ ცოგტგერელ ხუთაგთან დამარცხდა. ზაალიშვილმა კი პოლონელი იაკუბ ვოიჩიკი ჩამოიშორა და უნგრელ მიკლოშ ცირიენიჩთან ვეღარას გახდა.
100 კილოგრამში ევროპის ღია ტურნირის ჩემპიონი მასპინძელთა ჯილა – პირველ ნომრად განთესილი ჩეხი ლუკაშ კრპალეკი გახდა, რომელმაც ფინალში ბილალოვს აჯობა. მესამე საპრიზო ადგილები კი ხუთაგმა და ლოპორჩიომ დაიკავეს.