ფეხბურთი

14:28 | 28.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანიამ "ხიმნასტიკს" ქართული ბაზარი გაუხსნა...
"ინტერესი არის, დანარჩენი მასზეა დამოკიდებული"

გიორგი აბურჯანია “ხიმნასტიკში” ახალი გადასულია, თუმცა იქაურ პუბლიკას თავი უკვე კარგად დაამახსოვრა. ქართველმა ფეხბურთელმა კატალონელთა შემადგენლობაში აქამდე სულ 4-ჯერ ითამაშა და 2 ისეთი საგოლე პასი აქვს გაკეთებული თქვენგან მოწონებული...

თუმცა, როგორც მან worldsport.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ეს ჯერ არაფერს ნიშნავს და დასამტკიცებელი ბევრი აქვს. გიორგის "ხიმნასტიკი" დღეს სეგუნდა დივიზიონში მორიგ შემხვედრას გამართავს და ტარაგონაში, "ნოუესტადზე" "ვალიადოლიდს" უმასპინძლებს. თამაშამდე აბურჯანიამ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრა, თავისი ოცნების გუნდი გაგვანდო - მადრიდის “რეალი”, ხოლო მისი პოზიციის ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად ხორვატი ლუკა მოდრიჩის თამაში იზიდავს.

აბურჯანიამ ისიც გვითხრა, “ხიმნასტიკი” ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს აკვირდებაო...

- პრიმერაში გადასვლის ძალიან კარგი შანსი გაქვთ...

- გეთანხმები, თუმაც ჯერ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი, რადგან შეიძლება ამ ეტაპზე გუნდი მე-10 ადგილზე იყოს, მაგრამ მაინც გადავიდეს ლა ლიგაში. აპრილი და მაისი გარდამტეხი იქნება, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ქულის აღება. გუნდის მიზანი, პროგრამა მინიმუმია შეინარჩუნოს ის ადგილი, სადაც ახლა იმყოფება. 6-ეულში, რომელიც პლეი-ოფში თამაშის საშუალებას იძლევა.

- აქამდე, 4 თამაში ჩაატარე, მაგრამ გუნდის ლიდერად ყალიბდები. როგორი გამოხმაურება იყო ესპანური მედიისგან, გუნდის ხელმძღვანელობისგან?

- “ნასტიკის” ხელძღვანელობა დარწმუნებული იყო ჩემს შესაძლებლობებში და შესაბამისად არც გაკვირვებიათ ეს ამბავი. რაც შეეხება მედიას, ესპანური მედია მართლაც გააკვირვა ამ ფაქტმა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. თუმცა, არ ვაქცევ ყურადღებას მსგავს რამეებს, ვცდილობ ყოველთვის ჩემ საქმეზე ვიყო კონცენტრირებული.

- თუ ესაუბრე გუნდის ხელმძღავნელობას ან თავად ისინი თუ დაგელაპარაკნენ?

- დიახ, მესაუბრა გუნდის პრეზიდენტი, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. ცდილობენ რაც შეიძლება მალე დამეხმარონ ადაპტაციაში. რაც შეეხება სპორტულ დირექტორს, ქართველ ფეხბურთელზე მივაწოდე ინფორმაცია და დაკვირვების პროცესში არიან.

- ხომ ვერ გააგვიმხელ რომელი ფეხბურთელია?..

- არა, ამ ეტაპზე უმჯობესია არაფერი ვთქვა. ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ახალგაზრდაა.

- რამდენად რეალურია, რომ ტრანსფერი შედგეს?

- არ ვიცი. თუმცა, ინტერესი გაჩნდა რაც მთავარია და დანარჩენს დაველოდოთ.

- გულშემატკივრებთან როგორი დმოკიდებულება გაქვს და საერთოდ, როგორი ხალხი ცხოვრობს ტარაგონაში?

- ძალიან კარგი. ვგრძნობ მათ დამოკიდებულებას ჩემს მიმართ.... ტარაგონაში ტიპური კატალონელები ცხოვრობენ...

- სეგუნდას დონეზე რას იტყოდი?

- შესამჩნევად კარგი დონეა. ყველა გუნდს ჰყავს მაღალი დონისა და კვალიფიკაციის ფეხბურთელები. შესანიშნავი სტადიონები, რომლებიც თითქმის ბოლომდე ივსება... სატელევიზიო გადაცემები... მატჩების შემდეგ განხილვაა, როგორც პრიმერას, ისე სეგუნდას თამაშების.

- ბუნებრივია, პრიმერადან სკაუტებიც მრავლად ესწრებიან მატჩებს... თავს თუ გამოიჩენ სეზონის ბოლომდე...

- რა თქმა უნდა, ბევრ პრიმერას გუნდს განათხოვრებული ჰყავს სეგუნდაში მოთამაშეები და ისინი აკვირდებიან. ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდამ, მაგრამ არ ვფიქრობ ამ ეტაპზე გუნდის შეცვლაზე. 2-3 თამაშის კარგად ჩატარება არაფერს ნიშნავს. სისტემატურ სახეს თუ მიიღებს ეს ყველაფერი, შემდეგ შეიძლება ამაზეც ვიფიქრო.

- “ხიმნასტიკი” და “ანორთოსისი”; შეგიძლია შეადარო ეს გუნდები და რა განსხვავებაა მათ შორის?

- “ანორთოსისი” კვიპროსში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუნდია ამას ფეხის თითოეულ ნაბიჯზე გრძნობ. ყველა ავტოგრაფს, სურათს გთხოვს. კვიპროსში მართლა კარგი დრო გავატარე და ყოველთვის მემახსოვრება ეს გუნდი, თუმცა, ესპანეთი, ესპანეთია... პირველი ვარჯიშიდან მოყოლებული ვრგძნობ, რომ სხვა დონის გუნდში და ქვეყანაში მოვხვდი, სადაც ფეხბურთით ცხოვრობენ. ხოლო რაც შეეხება გუნდების დონეს, ჩემი აზრით, “ნასტიკში” ბევრად მაღალი დონეა ფეხბურთელების ჩათვლით. ერთადერთი რაც დამაკლდა ირაკლი მაისურაძეა (იცინის).

- “ანორთოსის” ქომაგები თემურ ქეცბაიას არცთუ თბილად დახვდნენ...

- მას არ დაუმსახურებია ის, რაც მოხდა. კარგად ვიცი კვიპროსელი ხალხის დამოკიდებულება თემურის მიმართ და ყველას უყვარს. ეს იყო იმ ხალხის ჯგუფი, ვინც დაივიწყა წარსული, ის ყველაფერი რაც ქეცბაიას “ანორთოსისთვის” გაუკეთებია.

- საყვარელი გუნდი, შენს პოზიციაზე მოთამაშე რომელი ფეხბურთელის თამაში გიზიდავს?

- მადრიდის “რეალი” და ლუკა მოდრიჩი. ხორვატი მოძრავი ნახევარმცველია, რომელიც თამაშს აკონტროლებს.

- და ბოლოს, ორივე საგოლე პასი ერთნაირ სტილში გააკეთა და ორივე შემთხვევაში ნარანხომ გაიტანა. დამთხვევაა თუ დამუშავებული კომბინაცია ესპანელ შემტევთან?

- არა, უბრალოდ დამთხვევაა (იცინის).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129089