ფეხბურთი

0:09 | 28.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივმა” ომარი ვერ გატეხა

გია ცეცაძის გაწვრთნილმა “სამტრედიამ” ბუდუ ზივზივაძის ერთადერთი გოლით დაამარცხა თბილისის “ლოკომოტივი” და ცხრილში მეოთხე ადგილზეა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ირაკლი სიხარულიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მოატყუა და მის დარტყმულ ბურთს მცველები გადაეფარნენ, თუმცა ზივზივაძემ ცაციით დაამატა და ასე გავიდა გოლი – 0:1.

არადა, პირველ ტაიმში “ლოკომოტივს” ჰქონდა უპირატესობა და გაცილებით მწვავე შეტევებსაც ახორციელებდა. ყველაზე აქტიური იყო რატი არდაზიშვილი, რომელსაც დებიუტშივე შეეძლო თავისიანების დაწინაურება: მამია გავაშელიშვილის პასის შემდეგ ახლოდან ურტყამდა და მცველი გადაეფარა ბურთს.

მე-18 წუთზე კი ერეკლე სულთანიშვილი წააქციეს სტუმართა საჯარიმოში, დაინიშნა პენალტი და... “ლოკომოტივს” გოლის გატანა არ ეწერა: ალექსი ბენაშვილმა დაარტყა, ომარ მიგინეიშვილმა კი ნახტომში მოახერხა მოგერიება. უნდა ითქვას, მიგინეიშვილი საუკეთესო იყო მინდორზე, ფაქტობრივად, უშეცდომო მატჩი ჩაატარა. გამოსვლები იქნებოდა თუ ხაზზე თამაში, ომარი საჯარიმოს ბატონ-პატრონი იყო.

ტაიმის შუაწელს კიდევ ერთხელ იაქტიურა არდაზიშვილმა, მარცხნიდან სოლო-გარღვევით შევიდა საჯარიმოში და შორეულ ძელთან გააკეთა გამჭოლი პასი, იქ კი ოდნავ ვერ მიუსწრეს ბურთს.

ისეთი მატჩი იყო, რომელშიც შემტევები დიდ როლს ვერ ასრულებდნენ, ხშირი იყო წუნი და საჯარიმოს მისადგომებთან უწყინარ სიტუაციებში ბურთის დაკარგვა. ამას წესით კონტრშეტევები უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ამ კომპონენტშიც მოიკოჭლებდნენ გუნდები.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე “სამტრედია” დაწინაურდა და უნდა ითქვას, შესვენების შემდეგ სტუმრები შედარებით უკეთ ათამაშდნენ შეტევაში. ეს მხოლოდ ათიოდე წუთით, მერე კი ისევ შენელდა ტემპი. “ლოკომოტივს” შეეძლო გათანაბრება და ყველაზე კარგი შანსი ბაჩანა ცხადაძეს შექმნა:Lდავით სამურკასოვისგან კარგი პასი მიიღო, კარიდან წინ გამოსულ მიგინეიშვილს თავზე გადაუგდო ბურთი და გოლს თითქმის არაფერი აკლდა, მაგრამ ორმა სამტრედიელმა მცველმა ხელი შეუშალა ად ბურთი კარს ოდნავ ასცდა.

ბოლო 15-20 წუთის განმავლობაში “სამტრედიამ” კონტრშეტევებზე ითამაშა და ორიოდე მწვავე მომენტიც ჰქონდა, აი, “ლოკომოტივმა” კი ბოლო წუთებში შტურმი ვერ მოაწყო. შორიდან დარტყმებმა შედეგი ვერ მოიტანა.

27 თებერვალი. 20:00 საათი. თბილისი. “დინამო არენა”

“ლოკომოტივი” (თბილისი) – “სამტრედია” 0:1 (0:0)

ლოკომოტივი: თევდორაძე, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, მახარაძე, გიორგი ფოფხაძე, ქიქავა, სულთანიშვილი (სამურკასოვი 72), ბენაშვილი (ჩიხლაძე 31), ცხადაძე, არდაზიშვილი (კიკნაძე 61), გავაშელიშვილი

მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, ცნობილაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, ენდელაძე, მარკოზაშვილი, რაჟამაშვილი, ზივზივაძე (ახალაძე 88), სიხარულიძე (იოსელიანი 64)

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გოლი: 0:1 ზივზივაძე (47)

მე-18 წუთზე ბენაშვილმა ვერ გამოიყენა პენალტი (მეკარე)

გაფრთხილება: გეთიაშვილი (76), ჩიტეიშვილი (83)

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

0.126487