ავტოსპორტი

20:49 | 27.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფ1-ის კვალიფიკაციის ახალი ფორმატი ესპანეთიდან ამოქმედდება

ბერნი ეკლსროუნი ამბობს, რომ ფორმულა 1-ში ახალი საკვალიფიკაციო ფორმატის ამოქმედება მხოლოდ ესპანეთის დიდი პრიზიდან იქნება შესაძლებელი, რადგან უფრო ადრე, დროის გაზომვის სისტემის ამოქმედება ვერ ესწრება. დროის ათვლის სისტემაზე პასუხისმგებელი არის „ფორმულა ვან მენეჯმენტი“ (FOM), რომლის წარმომადგენლებიც, ახალი სისტემის განხილვებს არ ესწრებოდნენ, რადგან მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა იმრთებოდა.

სავარაუდოდ, ამ სიტუაციით უკმაყოფილო დარჩება საერთაშორისო საავტომობილო ფედრაცია (FIA), რადგან სიახლე უკვე მოწონებული აქვს და მართალია, მსოფლიო მოტორსპორტის საბჭოს მიერ ის ჯერ დამტკიცებული არაა, მაგრამ ფედერაციას სიახლისთვის უკვე მწვანე შუქი აქვს ანთებული.

„სეზონის დაწყებამდე ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. არამარტო ჩვენ, არამედ FOM-საც, რომელსაც დროის ათვლის სისტემები და შესაბამისი პროგრამა აქვს მოსამზადებელი, რაც იოლი არაა“, - ამბობს „უილიამსის“ პეტ სიმონდსი.

ეკლსტოუნმა უკვე დაადასტურა, რომ კომპლექსური სისტემა, რომელმაც ახალი ფორმატის შესაბამისად, დროის ათვლა უნდა უზრუნველყოს, მელბურნისთვის მზად ვერ იქნება: „ახალი საკვალიფიკაციო სისტემის შემოღება გადაიდება, რადგან დროის ათვლის სისტემის შექმნა იგვიანებს. ეს გადაწყვეტილება რომ ცოტა ადრე მიეღოთ, ჩვენ მომზადებას მოვასწრებდით. სავარაუდოდ, ახალი ფორმატით კვალიფიკაცია პირველად ესპანეთის დიდ პრიზზე გაიმართება. ავსტრალიაში საკვალიფიკაციო რბოლას ისევ ძველი ფორმატით ჩავატარებთ. ახალი პროგრამაა დასაწერი, რაც იოლი არ იქნება“, - ამბობს ეკლსტოუნი.

0.126455