რაგბი

18:45 | 27.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯღალოსნებმა” ესპანელები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში წარმატებულ სვლას განაგრძობს. “ბორჯღალოსნებმა” დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ესპანეთის ნაკრები 38:7 დამარცხეს.

ქართველებმა ანგარიში მე-14 წუთზე ტექნიკური ლელოთი გახსნეს, რასაც მერაბ კვირიკაშვილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. მილტონ ჰეიგის შეგირდები მალევე მეორე ლელოს დასადებად ემზადებოდნენ, თუმცა კვირიკაშვილის არაზუსტი გადაცემის შემდეგ ბურთი ჩაიჭრა, ესპანელებმაც მასპინძელთა ჩათვლის მოედანში იოლად შეღწიეს და ანგარიშიც გათანაბრდა.

26-ე წუთზე “ბორჯღალოსნები” ისევ ტექნიკური ლელოთი დაწინაურდნენ და გარდასახვაც ისევ ზუსტი იყო. შესვენებამდე კიდევ ერთი ლელო-გარდასახვა და ტაიმი 21:7 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყიში კვირიკაშვილმა ჯერ მეტოქეს ჩაუშალა სალელოვე შეტევა, მერე კი თავად დადო ბონუსქულის მომტანი მეოთხე ლელო.

ქართველი მორაგბეები მიღწეულზე არ შეჩერებულან, კიდევ ორი ლელო მიითვალეს და მიმდინარე ტურნირში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 12 მარტს, სოჭში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. III ტური

თბილისი. „მიხეილ მესხი“. 17:00 საათი

საქართველო - ესპანეთი 38:7

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი („მონლიუსონი“, საფრანგეთი, 89 კეპი, 681 ქულა - 13 ლელო, 116 გარდასახვა, 125 ჯარიმა, 3 არეკნი), 14. გიორგი აფციაური („არმია“, თბილისი, 16, 0), 13. დავით კაჭარავა („ენისეი“, რუსეთი, 89, 17 ლელო), 12. თამაზ მჭედლიძე („აჟენი“, საფრანგეთი, 36, 4), 11. სანდრო თოდუა („ლელო-სარასენსი“, თბილისი, 52, 5), 10. ლაშა ხმალაძე („ლელო-სარასენსი“, თბილისი, 41, 38 ქ. – 6 ლ, 4 გ.), 9. ვასილ ლობჟანიძე („არმაზი“, თბილისი, 12); 1. მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი, 34, 2), 2. შალვა მამუკაშვილი („გლაზგო“, შოტლანდია, 37, 3), 3. დუდუ ქუბრიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი, 41, 2), 4. გიორგი ჩხაიძე („ლილი“, საფრანგეთი, 88, 10), 5. გიორგი ნემსაძე („ტარბი“, საფრანგეთი, 56, 10), 6. შალვა სუთიაშვილი („მასი“, საფრანგეთი, 54, 2), 7. გიორგი თხილაიშვილი („ბათუმი“, ბათუმი, 26, 5), 8. ლაშა ლომიძე („ბეზიე“, საფრანგეთი, 17, 4).

სათადარიგოები: 16. ზურაბ ჟვანია („სტად ფრანსე“, საფრანგეთი, 21, 8), 17. კარლენ ასიეშვილი („ბრივი“, საფრანგეთი, 18, 1), 18. ანტონ ფეიქრიშვილი („ბეიონი“, საფრანგეთი, 18, 2), 19. ნოდარ ჭეიშვილი („ლელო-სარასენსი“, თბილისი, 0), 20. ბექა გორგაძე („მონ-დე-მარსანი“, საფრანგეთი, 4, 1); 21. გიორგი ბეგაძე („ყოჩები“, ბოლნისი, 42), 22. ლაშა მალაღურაძე („ყოჩები“, ბოლნისი, 64, 176 ქ. - 4 ლ., 36 გ., 25 ჯ., 3 ა.), 23. გიორგი ფრუიძე („აია“, ქუთაისი, 6, 0).

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

ესპანეთი: 15. სერხიო ობანელი, 14. ხულენ გოია, 13. ფედერიკო კასტილიონი, 12. გარეთ გრიფითსი, 11. გოტიე მენგიონი, 10. დენ სნი, 9. პაბლო ხილი; 1. ფერნანდო ლოპესი, 2. ჯო ჰაჩინსონი, 3. ხერომ სივილი, 4. მანუელ მორა, 5. დავიდ ბარერა, 6. ხოსე-ლუის დელ ვაჯე, 7. ადამ ნიუტონი, 8. ხაიმე ნავა (კაპ.).

სათადარიგოები: 16. ჯონ ინსაუსტი, 17. ხუან ანაია, 18. ხავიერ სანსი, 19. დანიელ შტორი, 20. ოიერ გოია; 21. პაბლო ფონტესი, 22. ანტუან სანჩესი, 23. რაფაელ სანტიაგო.

მთავარი მწვრთნელი: სანტიაგო სანტოსი

0.128558