საკალათბურთო სუპერლიგის დღევანდელი ტურის ბოლო შეხვედრაში ჩემპიონატის ერთ ერთი ლიდერი "დინამო" "სოხუმს" დაუპირისპირდა. აღნიშნულ შეხვედრას ორივე გუნდისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში "დინამო" ერთპიროვნული ლიდერი გახდებოდა, ხოლო თუ "სოხუმი მოიგებდა, სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ "ბათუმთან" და "დინამოსთან" სხვაობას 1 ქულამდე შეამცირებდა.
სამი მეოთხედის განმავლობაში შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ბოლო მეოთხე მეოთხედის წინ ანგარიშში სხვაობა 3 ქულა იყო "სოხუმის" სასარგებლოდ. მატჩის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა. დროის ეს მონაკვეთი ზღვისპირელებმა დიდი ანგარიშით 28:7 მოიგეს და მეტოქე 85:61 დაამარცხეს.
ზღვისპირელთა გამარჯვებაში ლომის წილი ამერიკელმა უკანახაზელმა ფილიპ მილერმა და მოთამაშე მწვრთნელმა ფორვარდმა ლევან ფაცაციამ შეიტანეს, რომლებმაც საერთო ჯამში 50 ქულა დააგროვეს, მათგან მილერმა 29 ხოლო ფაცაციამ 21 ქულა მიითვალა. "დინამოს" შემადგენლობაში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შარაბიძე იყო.
წაგების მიუხედავად "დინამომ" და "ბათუმმა" ლიდერობა შეინარჩუნეს, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილებს "სოხუმი" და "ქუთაისი 2010" ინაწილებენ.
"სოხუმი" - "დინამო" 85:61 (18:18, 20:22, 19:14, 28:7)







