ფეხბურთი

21:23 | 26.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯანი ინფანტინო ფიფას ახალი პრეზიდენტია
ფიფას პრეზიდენტად კვლავ შვეიცარიელი დარჩა

ფიფას ახალი პრეზიდენტი უეფას აწ უკვე ყოფილი გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო გახდა. ციურიხში მიმდინარე მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე 207 ქვეყნიდან შვეიცარიელს მხარი 115-მა დაუჭირა.

ინფანტინოს კონკურენციას აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი შეიხი სალმან იბრაჰიმ ალ ჰალიფა, იორდანიის პრინცი ალი ალ-ჰუსეინი და ფიფას ყოფილი გენერალური მდივანი ჟერომ შამპანი უწევდნენ. კონგრესის დაწყებამდე სამხრეთ აფრიკელმა ბიზნესმენმა ტოკიო სექსვალემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. არჩევნებში მონაწილეობა 209 ქვეყანას უნდა მიეღო, თუმცა ქუვეითსა და ინდონეზიას ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს.

“გრძნობების გამოხატვა მიჭირს. მე ვთქვი, რომ წინ მელოდა დიდი მოგზაურობა, რომელიც ბევრ ფანტასტიკურ ადამიანს გამაცნობდა, რომელთაც ფეხბურთი უყვართ, ამით ცხოვრობენ და ბევრი ადამიანი იმსახურებს პატივსაცემ ფიფას. მსოფლიოში ყველა ტაშს დაგვიკრავს ჩვენი სამომავლო საქმეების გამო და ყველა იამაყებს ჩვენით.” – განაცხადა იტალიური ფესვების მქონე ინფანტინომ.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნების პირველ რაუნდში გამარჯვებული არ გამოვლინდა, რადგან ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 2/3 ვერ მიიღო. პირველ რაუნდში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი - 27

შეიხი სალმან ალ ჰალიფა - 85

ჟერომ შამპანი - 7

ჯანი ინფანტინო – 88

მეორე რაუნდში ინფანტინოს მხარი 115-მა ქვეყანამ დაუჭირა, შეიხ სალმანის კანდიდატურა 88 ქვეყანამ აირჩია, პრინცმა ალი ალ ჰუსეინმა კი 4 ხმა მიიღო. მეორე რაუნდში შამპანს მხარი არ დაუჭირეს.

ამრიგად, ჯანი ინფანტინო ფიფას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ბოლოს ზეპ ბლატერი 1998-დან 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა.

0.122527