ჭადრაკი

20:53 | 26.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო პრიორიტეტულ ქვეყნებს შორის მოხვდა

ბრიუსელში ჩატარებულ ევროპარლამენტის საგანმანათლებო კომისიის სხდომაზე განხილვის ერთადერთი თემა 2015 წლის წარმატებული პროექტი ,,ჭადრაკი სკოლაში“ გახლდათ. კონფერენციის ჩატარება ევროპარლამენტის კომისიისა და ევროპის საჭადრაკო კავშირის ერთობლივი თანამშრომლობის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

სხდომაზე 8 ქვეყნის (საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, უნგრეთი, თურქეთი, ესპანეთი, რუმინეთი) საჭადრაკო ფედერაციების წარდგინება მოისმინეს. ინგლისისა და უნგრეთის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარდგინება ერთ- ერთ საუკეთესოდ აღიარეს. სწორედ ამ სამი ქვეყნის პროექტის ,,ჭადრაკი სკოლაში’’ განხილვა იქნება პრიორიტეტული ევროპარლამენტის საბიუჯეტო კომისიის მომავალსხდომაზე.

საქართველოდან ევროპარლამენტის სხდომას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და ,,ჭადრაკი სკოლაში’’ კომისიის წევრი ვალერიან გაფრინდაშვილი ესწრებოდნენ.

აღნიშნულ თემას მიეძღვნა პრესკონფერენცია, რომელიც დღეს ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა. მასმედიის წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენციას გია გიორგაძე და ვალერიან გაფრინდაშვილი ესწრებოდნენ.

გია გიორგაძე: „24 თებერვალი ქართული და არამარტო ქართული ჭადრაკისათვის ისტორიული დღე იყო. სხდომაზე მყოფმა რვავე ქვეყანამ გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა.

2015 წლის 15 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება განეხორციელებინა პროექტი ,,ჭადრაკი სკოლაში“ . აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის დახმარება ვთხოვე ცნობილ მოჭადრაკეებს გარი კასპაროვსა და იუდიტ პოლგარს, რომლებმაც თბილისის სკოლებში ლექციები წაიკითხეს. ამ საქმეში ასევე ჩართულები არიან ცნობილი ქართველი მოჭადრაკეები, მსოფლიოსა და საჭადრაკო ოლიმპიადის მრავალგზის გამარჯვებულები ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე.

ამ ეტაპისათვის 309 სკოლაში არის ჭადრაკის გაკვეთილები, რომლისთვისაც 309 მასწავლებელი გადავამზადეთ.

ევროპარლამენტში ვაჩვენეთ სვანეთის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ჭადრაკის თამაშით არიან დაკავებულები. ამ ფაქტს პარალმენტში კარგი რეზონანსი მოჰყვა. ძირითადად, სწორედ ამ და სხვა ფაქტებმა განაპირობა, რომ ინგლისსა და უნგრეთთან ერთად საქართველო პრიორიტეტულ ქვეყნებს შორის მოხვდა. მას შემდეგ, როცა ევროპარლამენტი 2017 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს და ამ ბიუჯეტში გარკვეული თანხა პროექტისათვის ,,ჭადრაკი სკოლაში“ ჩაიდება, ერთ-ერთი ჩვენი ფედერაცია იქნება, რომელიც ამ დაფინანსებას მიიღებს.

სამომავლოდ, ვეცდებით, რომ ჭადრაკი საქართველოს ყველა სკოლაში დავნერგოთ...“

0.124225