ციურიხში მიმდინარე ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველ რაუნდში მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ახალი მეთაურის ვინაობა ვერ გაირკვა. ფიფას კონგრესზე მეორე რაუნდის დანიშვნა გახდა საჭირო.
ფიფას წესების თანახმად, თუ რომელიმე კანდიდატი პირველ რაუნდში ხმების 2/3-ს ვერ აგროვებს, ასეთ შემთხვევაში ინიშნება მეორე რაუნდი.
ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე საკუთარი კანდიდატურა სამხრეთ აფრიკელმა ბიზნესმენმა ტოკიო სექსვალემ მოხსნა. პირველ რაუნდში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი - 27
შეიხი სალმან ალ ჰალიფა - 85
ჟერომ შამპანი - 7
ჯანი ინფანტინო - 88
არჩევნებში ხმის მიცემა 207 ქვეყანას შეუძლია. კონგრესამდე ქუვეითსა და ინდონეზიას ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს. უეფას გენერალურ მდივანს ჯანი ინფანტინოს ან აზიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეიხ სალმან იბრაჰიმ ალ ჰალიფას გასამარჯვებლად 104 ხმა სჭირდება.
თუ მეორე მცდელობისას გამარჯვებული არ გამოვლინდება, მესამე რაუნდში მონაწილეობას ყველაზე დაბალი ხმების რაოდენობის მქონე კანდიდატი ვერ მიიღებს.
ფიფას აქამდე ზეპ ბლატერი მართავდა. შვეიცარიელს მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ბლატერი ფიფას 1998-დან 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა.