ციურიხში მიმდინარე ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებს ერთი კანდიდატი გამოაკლდა. კენჭისყრის დაწყების წინ კრიტიკული განცხადება გააკეთა სამხრეთაფრიკელმა ბიზნესმენმა ტოკიო სექსვალემ და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
მისი განცხადებით, ფეხბურთი კორუფციულ სიბინძურეშია ჩაფლული და ბოლო წლებში ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელთა შედეგების გამოსწორება შეუძლებელია.
ფიფას პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ოთხი კანდიდატი განაგრძობს: უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი შეიხი სალმან იბრაჰიმ ალ-ჰალიფა, იორდანიის პრინცი ალი ალ ჰუსეინი და და ფიფას ყოფილი გენერალური მდივანი ჟერომ შამპანი.