სტადიონი წყნეთშიც დაინგრევა... სტადიონების ტოტალური განადგურება უკვე თბილისის ფარგლებს გასცდა. ამჯერად წყნეთის სტადიონია მიზანში ამოღებული, შემოღობილია და ზედ უკვე ხეებიც დარგეს. ორი დღის წინ მეგობარმა მომაწოდა ეს ფოტოები და თავად განსაჯეთ... ის ხალხი, ვინც სტადიონის მესაკუთრედ აცხადებს თავს, ირწმუნება, რომ ეს ადგილი კანონიერად აქვთ შეძენილი 2002 წელს... არ მესმის, როცა საქმე სტადიონს ეხება, როგორ შეიძლება კანონიერად მოხდეს მისი გაყიდვა, ისევე, როგორც - კანონიერად მისი ყიდვა... არ მეგულება დედამიწაზე ქვეყანა, სადაც სტადიონს კანონიერად გაასხვისებენ და შემდეგ ბიზნესმენი კანონიერადვე იყიდის, კანონიერად დაანგრევს და კანონიერად ააშენებს ზედ კორპუსებსა თუ სასახლეებს... მაგრამ ჩვენ ყველასგან გამორჩეული ერი ვართ...
პ.ს. შევიტყვე, წყნეთის კანონიერ მფლობელს განუცხადებია, ამ სტადიონის სანაცვლოდ აქვე ახალ, სტანდარტულ სტადიონს ავაშენებო. მე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ ერთი დამფუძნებელი მამუკა კვარაცხელია, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ თუკი ეს ხალხი მართლა ააშენებს სტანდარტულ სტადიონს წყნეთში, ღმერთისა და მშობლების გარდა მუხლი რომ არავისთვის მომიყრია, სწორედ მუხლმოყრილი ვეაჯები ამ ფირმის მეპატრონეებს, სახალხოდ მოვიხდი ბოდიშს, უფასოდ ვიმუშავებ ახალი სტადიონის მშენებლობაზე და მათ გმირობას უამრავ სტატიას ვუძღვნი. ცნობისათვის კი worldsport.ge-ს საშუალებით სტანდარტული მოედნის გეგმებს მივაწოდებ - 105 მეტრი 68-ზე...
მამუკა კვარაცხელია







