„ფერარი“ რომ ტესტებზე ყველაზე სწრაფია, ამას უკვე მივეჩვიეთ. თუმცა, კიმი რაიკონენმა პირველად დააფიქსირა საუკეთესო დრო. ამისთვის მან ულტრა სოფტ რეზინი გამოიყენა. ჯამში მან 80 წრე გაიარა და წამზე ოდნავ ნაკლებით აჯობა „რედ ბულის“ დანილ კვიატს. ამანაც თავისი საუკეთესო წრე ულტრა რბილი საბურავებით გაიარა.
კვლავ კარგი შთაბეჭდილება დატოვა „ფორს ინდიამ“. ამჯერად შემსრულებელი მექსიკელი ტესტ პილოტი ალფონსო სელისი იყო. მან ნახევარ წამზე მეტით აჯობა კევინ მაგნუსენს, რომელმაც ყველაზე მეტი - 153 წრის გავლა მოასწრო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „რენოსთვის“ ეს ყველაზე პროდუქტიული სესია იყო. საინტერესოა ისიც, რომ დანიელ პილოტს საუკეთესო დრო ჰქონდა მათ შორის, ვისაც ულტრა სოფტები არ გამოუყენებია. საუკეთესო დრო სოფტებით დააფიქსირა და ტესტების დასრულებას ცოტაღა აკლდა, როცა მე-3 მოსახვევში მისი მანქანა გაჩერდა.
ტესტების მეოთხე დღეს, „მერსედესმა“ ტრასაზე ორივე პილოტი გამოიყვანა. მართალია, საუკეთესო დროები არ უჩვენებიათ, მაგრამ ნიკო როსბერგმა (86 წრე) და ლუის ჰამილტონმა (99 წრე) ჯამში ისევ ყველაზე მეტი მანძილი დაფარეს. საინტერესოა ისიც, რომ „მერსედესმა“ ბარსელონას ტესტების პირველ ოთხ დღეს 229 წრით მეტი გაიარა, ვიდრე ამდენივე სატესტო დღეს წინა სეზონის წინ. თანაც, სამქიმიანებმა ჯამში სხვა გუნდებზე მინიმუმ 1000 კილომეტრით მეტის გავლა შეძლეს.
მეოთხე დღეს ავარია მოუვიდა ფ1-ის დებუტანტ რიო ჰარიანტოს, რომელმაც მე-5 მოსახვევში თავის „მენორზე“ კონტროლი დაკარგა და დამცავ ზღუდეს დაეჯახა. ბედად, ინდონეზიელ პილოტს ტრავმა არ მიუღია და მანქანაც ძლიერ დაზიანებას გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ ეს ამ ტესტებზე პირველი შემთხვევა იყო, როცა პილოტმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო.
ყველაზე ცუდ დღეში კი ფერნანდო ალონსო აღმოჩნდა, რომელმაც სამჯერ სცადა ვარჯიშის დაწყება, თუმცა სამივეჯერ წარუმატებლად და საბოლოოდ, დროის დაფიქსირებაც კი ვერ მოახერხა. მის „მაკლარენ MP4-31-ზე“ გაგრილების სისტემა დაზიანდა.
ტესტების მე-4 დღე
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:23.477 (80)
- დანლ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:24.293 (96)
- ალფონსო სელისი (მექსიკა, ფორს ინდა) 1:24.640 (75)
- კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:25.263 (153)
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, ტორო როსო) 1:25.393 (110)
- ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:26.053 (121)
- ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:26.187 (86)
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:26.295 (99)
- ფელიპე მასა (ბრაზილი, უილიამსი) 1:26.483 (54)
- ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:27.802 (89)
- რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:28.266 (51)
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) დროის გარეშე (3)







