მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” ევროლიგის ტოპ-16-ის გათამაშებაში მე-2 გამარჯვება იზეიმა და E ჯგუფში ბოლო ადგილს თავი დააღწია.
სტამბოლურ კლუბს ესპანური “უნიკახა” სტუმრობდა, რომელიც თავიდანვე ჩამორჩა და საბოლოოდ, მოულოდნელად დიდი სხვაობით – 55:78 წააგო.
მარკოიშვილმა გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა. ქართველმა მცველმა მოედანზე 26:34 წუთი დაჰყო (ამ მხრივ მხოლოდ ლუკ ჰერენგოდის ჩამორჩა) და 9 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
ამასთან, ქართველი დაცვაში ედვინ ჯეკსონის წინააღმდეგ ჩინებულად გაისარჯა. ფრანგმა უკანახაზელმა 23:46 წუთში თამაშიდან 6-ვე სროლა ააცილა და მხოლოდ ორ ქულას დასჯერდა.
თავად მანუჩარმა 5-დან 4 ორქულიანი და 1 საჯარიმო გამოყენა, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხსენებული ჰერენგოდი გახდა, რომელმაც 31:36 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
“დარუშაფაკას” 8 მატჩში 2 მოგება მოუგროვდა და ჯგუფში ბოლო მერვედან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. სტამბოლური კლუბის დარი მონაგარი გააჩნიათ “უნიკახას” და ზაგრების “ცედევიტას”, თუმცა, მარკოიშვილის კლუბი მათ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.
“დარუშაფაკას” მომდევნო მატჩი 3 მარტს ელის, როდესაც ხსენებულ “ცედევიტას” ესტუმრება. ხორვატულმა კლუბმა მიმდინარე ტურში ყუბანის “ლოკომოტივთან” გასვლითი მატჩი 63:87 წააგო, ჯეიკობ პულენმა კი, რომელმაც გასულ ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ითამაშა, 19:16 წუთში ერთადერთი ქულა ჩააგდო.