ჭიდაობა

23:50 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ბერძენ-რომელები ავსტრიის ღია ტურნირზე იასპარეზებენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები 26 თებერვალს ავსტრიაში ქალაქ გოტზისში მიემგზავრება, სადაც ავსტრიის რიგით მე-6 ღია ტურნირზე იასპარეზებს.

მთავარი მწვრთნელის ზაზა სილაგაძის და უფროსი მწვრთნელის მუხრან მაჭუტაძის განკარგულებაშია საქართველოს ჩემპიონატის ყველა გამარჯვებული, ერთი გამონაკლისის გარდა – რამაზ ზოიძეს (66), რომელიც დღეს 23-წლამდელთა ნაკრებს გაყვა სოფიაში საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ, გიორგი კურტანიძე ჩანაცვლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ნუგზარ წურწუმია (50), დავით ჩხარტიშვილი (55), ლევან ქავჟარაძე (60), გიორგი კურტანიძე (66), თემურ ჭკუასელიძე (74), გურამ ხეცურიანი (84), გიორგი მელია (96) და ზვიად პატარიძე (120).

ტურნირი ერთდღიანია და 27 თებერვალს გაიმართება, საქართველოს ნაკრები კი ავსტრიული მხარის მოწვევით იქვე დარჩება და ორკვირიან შერეულ სამწვრთნელო შეკრებას გაივლის ავსტრიულ და იქ ჩასულ სხვა გუნდებთან ერთად.

სილაგაძის გუნდი 11 მარტს ავსტრიიდან ლატვიაში გადაფრინდება და რიგაში ორვირიან შეკრებას გამართავს. იქ ნაკრებს უფროსი მწვრთნელები მუხრან მაჭუტაძე და გიორგი ჯინჭველაშვილი დაემატებიან, 26-27 მარტს კი ჩვენი ნაკრები რიგაშივე ფრეიდენფელდსის თასზე იასპარეზებს.

www.wrestling.ge

0.121893