ავტოსპორტი

17:06 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ში სიჩქარე გაიზრდება

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) შეიმუშავა ფორმულა 1-ის ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მთავარი მიზანიც, ბოლიდების სიჩქარის გაზრდაა. რეგლამენტი გუნდების უმეტესობამაც მოიწონა და სავარაუდოდ, მას ახალ საკვალიფიკაციო ფორმატთან ერთად, მალე დაამტკიცებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი რეგლამენტი „მაკლარენის“ მიერაა შეთავაზებული და ამ ეტაპზე, მას ხმა არ მისცეს „მერსედესმა“, „რედ ბულმა“ და „ტორო როსომ“. არადა, ახალი რეგლამენტის პროექტი მანქანების ჩაჭიდების დაახლოებით 25 პროცენტით გაზრდას ითვალისწინებს, რაც „რედ ბულის“ ინტერესებში შედის. ასეა თუ ისე, პროექტმა საკმარისი ხმები დააგროვა იმისათვის, რომ ის ფ1-ის კომისიას წარედგინოს.

გუნდებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, 30 აპრილამდე აქვთ ვადა იმისათვის, რომ ალტერნატიული პროექტი წარადგინონ. თუ ასე არ მოხდა, „მაკლარენის შეთავაზება“ ძალაში 2017 წლიდან შევა.

ახალი რეგლამენტის პროექტის მიხედვით, სარბოლო ავტომობილების პარამეტრები ასე შეიცვლება:

2016 2017

წინა ბორბლების სიგანე 245 მმ 305 მმ

უკანა ბორბლების სიგანე 325 მმ 405 მმ

საკიდარის კვალი 1800 მმ 2000 მმ

წინა ფრთის სიგანე 1650 მმ 1800 მმ

უკანა ფრთის სიგანე 750 მმ 950 მმ

უკანა ფრთის სიმაღლე 950 მმ 800 მმ

მანქანის ძარის სიგანე 1400 მმ 1600 მმ

მანქანის წონა 702 კგ 722 კგ

წინასწარი ვარაუდით, რეგლამენტში ცვლილებათა შედეგად, სარბოლო ავტომობილების საშუალო სიჩქარე, წრეზე საშუალოდ სამი წამით გაიზრდება. ამას გამოიწვევს მოსახვევების უფრო მაღალი სიჩქარით გავლა, რასაც განიერი საბურავები და უფრო დიდი ფრთები უზრუნველყოფს.

სიახლეებია მოსალოდნლი ძრავების რეგლამენტშიც. ამ მიმართულებით, FIA-ს და გუნდების მთავარი მიზანი, აგრეგატების ღირებულების შემცირებაა. ძრავების რეგლამენტი ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არაა, რადგან გუნდებს ამასთან დაკავშირებით, ბევრად განსხვავებული მოთხოვნები აქვთ. კვლავ პრობლემად რჩება ძრავების დაბალი ხმა.

FIA ასევე ადასტურებს, რომ 2017 წლიდან სავალდებულო გახდება კოკპიტების დაცვა. ამ მხრივ, დიდი შანსია იმისა, რომ „მერსედესის“ მიერ შემუშავებული კონცეპცია დამკვიდრდეს.

დაბოლოს, FIA-ს ფ1-ის კომისიამ უკვე მოიწონა ახალი საკვალიფიკაციო ფორმატი, რომელიც მსოფლიო მოტორსპორტის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

0.163232