საჩხერის “ჩიხურამ” უმაღლესი ლიგის გასულ ტურში 5:0 სძლია “საბურთალოს”. ანგარიში შთამბეჭდავია და საერთოდ, სოსო ფრუიძის გუნდი ზამთრის შესვენებისას შემადგენლობით მოძლიერდა, რაც ზემოიმერლებს ევროტურნირებზე გასვლის იმედს აძლევს.
“მსოფლიო სპორტი” სოსო ფრუიძეს ესაუბრა:
- უპირველესად, სერბი ფეხბურთელების ვინაობა გვაინტერესებს: როგორც ვიცით, დღეს “ჩიხურაში” ორი სერბი ჩამოვიდა გასინჯვაზე.
- დიახ, მეკარე მილოშ ვესიჩი და ცენტრალური ნახევარმცველი ნენად იანიჩი. ვესიჩი 1989 წელსაა დაბადებული, სამი წელი “ნოვი სადში” იყო, მერე ერთი სეზონი “ცრვენა ზვეზდაში” და ბოლოს “რადნიჩკიში”. იანიჩს რაც შეეხება, 22 წლისაა და აქამდე სერბეთის პირველ ლიგაში გამოდიოდა. მათ გავსინჯავთ და ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ თავს.
- თორნიკე მუმლაძე ესტონურ “ლევადიაში” იყო წასული. ამჟამად ისევ თქვენთანაა?
- დიახ, “ჩიხურაში” დაბრუნდა.
- “საბურთალოსთან” მატჩზე რას იტყვით, რის ხარჯზე მოიპოვეთ ასეთი გამარჯვება?
- “საბურთალო” ნამდვილად არაა სუსტი და კარგი ახალგაზრდებიც ჰყავს, მაგრამ ეტყობა, “ცხინვალთან” წინა ტურში დაძაბული მატჩის შემდეგ ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს. დაღლა ემჩნეოდათ.
- თასის ნახევარფინალში მეტოქედ თბილისის “დინამო” გერგოთ და წილისყრით კმაყოფილი ვერ იქნებით.
- ვფიქრობ, არც “დინამოს” ესიამოვნებოდა წილისყრის შედეგები. რა თქმა უნდა, “დინამო” ძლიერია და დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ვეცდებით, რომ ფინალში გავიდეთ. ვფიქრობ, ამის პოტენციალი გაგვაჩნია.
- რეალურად, “ჩიხურა” მეორე წრეში უკეთესი გუნდი იქნება?
- ოპტიმისტურად ვუყურებ სეზონის მეორე ნახევარს. შემადგენლობის მხრივ, შეტევაც გავაძლიერეთ. ველით დავით ვოლკოვის გამოჯანმრთელებას, რომელსაც ტრავმა ჰქონდა. დავით კირკიტაძეც დაშავებული იყო, მაგრამ ახლა მწყობრშია და “საბურთალოსთან” კარგადაც ითამაშა. დანარჩენი ფორვარდები კი, აქამდეც აქამდე ვინც გვყავდა, ისევ გუნდში არიან და უკმაყოფილონი არ ვართ. ამას გარდა, დაცვაშიც ისეთი გამოცდილი ფეხბურთელი დავიმატეთ, როგორიც გიორგი რეხვიაშვილია.
- რეხვიაშვილს დიდი ხანი გაუცდა და როგორ ფორმაშია?
- თავის შესაფერის ფორმაში ჯერ ვერ არის, მაგრამ ვიცით, რა დონის ფეხბურთელია და მისი იმედი გვაქვს.