ფეხბურთი

13:44 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინოს მუნდიალის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა სურს

ფიფას პრეზიდენტობის ერთ ერთი კანდიდატი ჯანი ინფანტინო მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე ქვეყნების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. თუკი ინფანტინო მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტი გახდება, 2026 წლიდან მუნდიალის მონაწილეთა რაოდენობის 40-მდე გაზრდის ინიციატივას დააყენებს. ამჟამად ფინალურ ეტაპზე 32 ქვეყნის ეროვნული ნაკრები ასპარეზობს.

“მივიჩნევ, რომ 2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე 40-მა გუნდმა უნდა ითამაშოს. მუნდიალი გასაკუთრებული ღონისძიებაა, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს. ესაა დედამიწის ნებისმიერ წერტილში ფეხბურთის განვითარების უდიდესი ინსტრუმენტი. თუკი დამატებით რვა ქვეყანას მივცემთ მინაწილეობის საშუალებას, ამით ამ ქვეყნების მოქალაქეებს დიდი ზეიმის ნაწილად გახდომის შესაძლებლობა მიეცემათ. მზად ვარ ეს საკითხი ყველა დაინტერესებულ მხარესთან განვიხილო. უეფაში მუშაობის პერიოდში უშუალოდ ვმონაწილეობდი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის საკითხში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კონტინენტის პირველობის მონაწილე გუნდთა 16-დან 24-მდე გაზრდა მომგებიანი პროექტი გამოდგა, როგორც სპორტული, ასევე სარეკლამო და მარკეტინგული კუთხით. დარწმუნებული ვარ, იგივე ეფექტს მივიღებთ მსოფლიოს ჩემპიონატის შემთხვევაშიც” - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს AS-ი.

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 26 თებერვალს ციურიხში გაიმართება. ჯანი ინფანტინოს გარდა პრეზიდენტობის კანდიდატები არიან: აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი შეიხი სალმან იბრაჰიმ ალ-ჰალიფა, იორდანიის პრინცი ალი ალ ჰუსეინი, სამხრეთაფრიკელი ბიზნესმენი ტოკიო სექსველი და ფიფას ყოფილი გენერალური მდივანი ჟერომ შამპანი.

0.127064