ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ცენტრალურ დაპირისპირებად “იუვენტუსისა” და “ბაიერნის” მატჩი მიიჩნევა. აღნიშნულ წყვილში გადაჭრით ფავორიტის დასახელება ძნელია, მაგრამ უპირატესობას მაინც გერმანულ გიგანტს ანიჭებენ, რაც დიდად გასაკვირი არაა. პეპ გვარდიოლას გუნდი ბუნდესლიგაში ჩემპიონობისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს და დღევანდელ შეხვედრას კარგ ფორმაში ხვდება. “იუვენტუსი” კი სეზონის საშინლად დაწყების მერე გონზე კარგა ხნის წინ მოვიდა და სერია A-ში ზედიზედ 15 თამაშის მოგება მოახერხა. “იუვემ” სარეკორდო სერია პარასკევს “ბოლონიასთან” (0:0) შეწყვიტა, თუმცა ამასაც ახსნა მოეძებნება: ტურინელები დღევანდელ მატჩზე ფიქრობდნენ...
ორივე გუნდს დანაკლისი აქვს: “ბაიერნს” ცენტრალური მცველები ხავი მარტინესი, ჟერომ ბოატენგი და ჰოლგერ ბადშტუბერი არ ეყოლება, ხოლო “იუვენტუსს” კვადვო ასამოა, ალექს სანდრო, ჯორჯო კიელინი და მარტინ კასერესი. როგორც ხედავთ დაშავებულ ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა მცველია და შესაბამისად დაცვის ხაზში გადახალისებული შემადგენლობით მოუწევთ თამაში. ეს განსაკუთრებით გერმანელებზე ითქმის, რადგან მათი ცენტრალური დაცვის წყვილი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება: კიმიჩი-ალაბა.
“იუვენტუსში” უფრო სერიოზული ტრავმიანობა გახლდათ, თუმცა ზედ მნიშვნელოვანი თამაშის წინ მასიმილიანო ალეგრის ორი ფეხბურთელი დაუბრუნდა – სამი ხედირა და მარიო მანჯუკიჩი, რომელთათვისაც “ბაიერნი” კარგად ნაცნობია. ორივე ზემოხსენებულმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად უკვე სრული დატვირთვით ივარჯიშა და დღეს მოედანზე პირველივე წუთიდან ვიხილავთ.
აღსანიშნავია, რომ “ბებერ ქალბატონს” 2004-2005 წლების სეზონიდან მოყოლებული უეფას ტურნირებში საკუთარ მოედანზე 45 ჩატარებულ მატჩში ორი მარცხი აქვს განცდილი და ორჯერვე “ბაიერნთან” წააგო – 2009 და 2013 წელს.
წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მასპინძელთა თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, მეტოქის არ უნდა შეგვეშინდეს და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთო. ისიც დაუმატა, დღევანდელ მატჩს უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება, ვიდრე მიუნხენში გასამართსო. რაც შეეხება გვარდიოლას, მან მოწინააღმდეგეს კომპლმენტები უძღვნა. ამასთან, შეგირდები გააფრთხილა სტანდარტულ სიტუაციებსა და ფლანგურ ჩაწოდებებს უფრთხილდითო.
მასიმილიანო ალეგრი (“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი): “ვეთამაშებით გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მაგრამ მეოთხედფინალში გასვლის შანსი ჩვენც გაგვაჩნია. ეს ჩვენთვის დიდი გამოცდაა და მჯერა დღეს საღამოს დიდებულ თამაშს ვაჩვენებთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ.
თუ მატჩი 0:0 დასრულდება, ეს კარგი შედეგი იქნება, რადგან სტუმრად სამი შედეგიდან ორი ხელს მოგვცემს. თუმცა არ მჯერა, რომ ასეთი ანგარიში დაფიქსირდება. ჩვენი მთავარი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა და მნიშვნელობა სხვას არაფერს აქვს.
ჩემი აზრით, ეს მერვედფინალზე მეტია. უფრო მეტად ნახევარფინალის ტოლფასი შეხვედრაა.
მარიო მანჯუკიჩი და სამი ხედირა კარგად არიან, მათ უკვე ივარჯიშეს და ჩვენს დახმარებას შეძლებენ. ალექს სანდრო და ჯორჯო კიელინი კი ვერ გამოჯანმრთელდნენ.
პეპ გვარდიოლა დიდებული მწვრთნელია, რომელმაც ეს ჯერ “ბარსელონაში”, ახლა კი “ბაიერნში” დაამტკიცა. მისი ფილოსოფია ყოველთვის უცვლელია.
პეპ გვარდიოლა (“ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი): “მერვედფინალის თამაში ყოველთვის რთულია. “იუვენტუსს” სეზონი კარგად არ დაუწყია, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. საინტერესო შეხვედრა იქნება, ჩვენ გოლის ან გოლების გატანას ვეცდებით, მაგრამ ეს არ იქნება ადვილი, რადგან “იუვე” ძალიან ცოტას უშვებს და ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავს.
გვაქვს პრობლემები ტრავმების მხრივ, მაგრამ რა შეგვიძლია? – გვყავს ტასკი და ბენატია, თუმცა ისინი ახლახან დაგვიბრუნდნენ. ველოდები “იუვეს”, რომელიც პრესინგს მიმართავს და თუ ამას გავუმკლავდებით, წარმატებას მივაღწევთ.
ჩვენ არ გვყავს ცენტრალური მცველები და მაღალ ბურთებზე ფრთხილად უნდა ვიყოთ. “იუვენტუსი” საუკეთესო გუნდია მეორე სართულზე თამაშში. ბონუჩი, ბარძალი, მანჯუკიჩი, ხედირა, პოგბა თავით კარგად თამაშობენ და მაღლებიც არიან. ჩვენ კი ყველაზე მაღალი მცველი კიმიჩი გვყავს (1.76მ)”.
ფაქტები
“იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოუგია, თუმცა ბოლო გათამაშების ფინალისტია. რაც შეეხება “ბაიერნს”, “რეკორდმაისტერმა” ტიტული ხუთჯერ მოიპოვა, ბოლოს 2013 წელს. ხოლო 2014 და 2015 წლებში ასპარეზობა ნახევარფინალში დაასრულა.
“იუვენტუსი” პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა, მაგრამ ევროპულ ტურნირებზე საკუთარ მოედანზე კარგად თამაშობს. “ბაიერნმა” კი თავისი ჯგუფი ადვილად მოიგო. აღსანიშნავია, რომ “ბაიერნი” ერთადერთი არაიტალიური გუნდია, რომელმაც ტურინში “იუვეს” დამარცხება ბოლო ათლწეულში შეძლო. თანაც, ორჯერ.
პრეცედენტი
“ბაიერნმა” “იუვენტუსს” “იუვენტუს სთედიუმზე” 2013 წლის აპრილში 2:0 მოუგო. მაშინ გოლები ამჟამად “იუვეს” შემტევმა მარიო მანჯუკიჩმა და კლაუდიო პიზარომ გაიტანეს. საბოლოოდ კი, იმ სეზონში ლიგის გათამაშება გერმანულმა გრანდმა მოიგო.
გუნდებმა მაშინ ასეთი შემადგენლობით ითამაშეს (10 აპრილი, 2013 წელი):
“იუვენტუსი”: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, პირლო, პადოინი (სილა 69), ასამოა, პოგბა, მარკიზიო (ჯაკერინი 79), ვუჩინიჩი, კვალიარელა (მატრი 66)
“ბაიერნი”: ნოიერი, ლამი, ვან ბუიტენი (ბოატენგი 35), დანტე, ალაბა, მარტინესი, შვანშტაიგერი, რობენი, მიულერი, რიბერი (ლუის გუსტავო 80), მანჯუკიჩი (პიზარო 83)
“ბაიერნს” “იუვენტუსთან” ბოლო სამი მატჩიდან ყველა მოგებული აქვს. მათ შორის 2009 წლის დეკემბერში ჯგუფურ ეტაპზე – ტურინში “რეკორდმაისტერმა” 4:1 იმარჯვა. გოლები კი მეკარე ჰანს იორგ ბუტმა, ივიცა ოლიჩმა, მარიო გომესმა და ანატოლი ტიმოშჩუკმა გაიტანეს. ტურინელთაგან იმ დღეს ანგარიში დავიდ ტრეზეგემ გახსნა.
იმ მატჩში იტალიელთაგან ჯანლუიჯი ბუფონმა და კლაუდიო მარკიზიომ ითამაშეს, ხოლო გერმანელთაგან ფილიპ ლამმა, ჰოლგერ ბადშტუბერმა, ტომას მიულერმა და არიენ რობენმა. ეს, ის ფეხბურთელებია, რომლებიც ახლაც იცავენ ამ ორი გრანდის ღირსებას.
“იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნი” სამჯერ ჰყავს დამარცხებული: ბოლოს “ბიანკონერიმ” 2005 წელს იმარჯვა ჯგუფურ ეტაპზე დავიდ ტრეზეგეს დუბლის წყალობით – 2:1.
“იუვენტუსი”
“იუვეს” საკუთარ მოედანზე ევროპული მასშტაბით უკვე მიჯრით 16 თამაშია არ წაუგია – 10 მოგება, 6 ფრე. ბოლო მარცხი მათ სწორედ “ბაიერნთან” განიცადეს.
თუ მხედველობაში 2004-2005 წლების სეზონიდან ჩატარებულ საშინაო მატჩებს მივიღებთ, რომელიც 45 შეხვედრას შეადგენს, “იუვენტუსი” მხოლოდ ორჯერ დამარცხდა; ორჯერვე “ბაიერნთან”.
მასიმილიანო ალეგრის გუნდი მიმდინარე სეზონში გერმანულ გუნდს უკვე ეთამაშა: მიონხენგლაბდახის “ბორუსიას” “იუვე” ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ დაუზავდა (შინ 0:0, სტუმრად 1:1). საერთო ჯამში კი მისი ბალანსი გერმანულ გუნდებთან, ოღონდ ტურინში ასეთია: 14 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება.
“იუვენტუსს” გერმანულ გუნდებთან ორჯერ წაუგია ჩემპიონთა ლიგის ფინალი – 1983 წელს “ჰამბურგთან” (0:1) და 1997 წელს, მიუნხენში დორტმუნდის “ბორუსიასთან” (1:3). თუმცა, 1993 წელს, უეფას თასის ფინალში იმავე “ბორუსიას” ორი მატჩის ჯამში 6:1 აჯობა.
“ბაიერნი”
“ბაიერნს” უეფას ტურნირებში ყველაზე დიდი ანგარიშით სტუმრად აქვს მოგებული და სწორედ იტალიურ გუნდთან. შარშან პეპ გვარდიოლას გუნდმა “რომა” “ოლიმპიკოზე” 7:1 გაანადგურა. საერთო ჯამში კი იტალიაში მისი მონაგარი შემდგენაირია: 7 მოგება, 3 ფრე, 9 წაგება.
“ბაიერნი” ბოლოს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში იტალიურ გუნდთან 2010-2011 წლების სეზონის მერვედფინალში დამარცხდა, როცა მილანის “ინტერთან” შინ გაშვებული მეტი გოლის წყალობით გამოეთიშა ტურნირს (1:0 მილანში, 2:3 მიუნხენში).
ამასთან, “რეკორდმაისტერმა” 2010 წელს ფინალი სწორედ იტალიელებთა წააგო. კერძოდ, “ინტერთან” – 0:2.
ფეხბურთელები და მწვრთნელები
პეპ გვარდიოლა პირველად იტალიელებს ჯერ კიდევ 1992 წელს, ფეხბურთელის რანგში დაუპირისპირდა. მაშინ პეპის “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ფინალი გენუის “სამპდორიას” დამატებით დროში მოუგო (1:0). ორი წლის შემდეგ კი, ლიგის იმავე ეტაპზე “მილანთან” დამარცხდა – 0:4.
გვარდიოლა 2001-2003 წლებში სერია A-ში თამაშობდა - “ბრეშასა” და “რომას” რიგებში. მაშინ პეპს “იუვესთან” თამაში ორჯერ მოუწია და ორჯერვე დამარცხდა. 2002 წელს 0:5, 2003 წელს კი 1:2.
გვარდიოლა “ბარსელონაში” ყოფნისას “იუვენტუსის” ამჟამინდელ წევრ მარტინ კასერესს ავარჯიშებდა და 2009 წელს ერთად ლიგაც მოუგიათ.
არტურო ვიდალი და კინგსლი კომანი “ბაიერნში” “იუვენტუსიდან” აღმოჩნდნენ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს. ვიდალმა ტურინში ოთხ წელიწადში 157 თამაში ჩაატარა, კომანმა ერთ სეზონში 17-ჯერ ითამაშა.
მარიო მანჯუკიჩი “ბაიერნში” 2012-2014 წლებში თამაშობდა (74 მატჩი, 39 გოლი). გოლი 2013 წლის ლიგის ფინალშიც გაიტანა და ბუნდესლიგა ორჯერ მოიგო. აღსანიშნავია, რომ მანჯუკიჩს “ბაიერნის” წინააღმდეგ 4 შეხვედრაში აქვს ნათამაშები და გოლი არ გაუტანია.
სამი ხედირას “ბაიერნთან” დადებითი ბალანსი გააჩნია: 3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება (2 გოლი). 2007 წელს კი, მისმა “შტუტგარტმა” ბუნდესლიგის “ვერცხლის სინი” სწორედ “ბაიერნს” წაართვა. “რეალში” ყოფნისას კი ნახევარფინალი “ბაიერნთან” დათმო 2012 წელს.
ანდრეა ბარძალი გერმანულ “ვოლფსბურგში” თამაშობდა 2008-2010 წლებში და 2009 წელს ბუნდესლიგაც მოუგია. ბარძალის “ბაიერნთან” 7 მატჩიდან ერთადერთხელ მოუგია: 2009 წელს, 5:1.
“იუვენტუსელ” ალექს სანდროს “რეკორდმაისტერთან” თამაში შარშანაც მოუწია მეოთხედფინალში (3:1, 1:6).
ტიაგო ალკანტარა იტალიაშია დაბადებული. მამამისი მაზინიო თავის დროზე “ლეჩეში” თამაშობდა. მას იტალიის 21-წლამდე ნაკრების კარში ევროპის 2013 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული.
ჯანლუიჯი ბუფონს ფილიპ ლამის წინააღმდეგ 2006 წლის მსოფლიოსა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატებზე მოუგია. 2006 წლის ფინალში კი ფრანკ რიბერის საფრანგეთსაც აჯობა.
მეჰდი ბენატია და რაფინია ადრე იტალიაში თამაშობდნენ. პირველი “უდინეზესა” და “რომას”, ხოლო მეორე “ჯენოას” რიგებში.
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში იტალიამ გერმანიის ნაკრებს 2:1 მოუგო. მაშინდელ გუნდში იტალიელთა ღირსებას ჯანლუიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი, ანდრეა ბარძალი და ლეონარდო ბონუჩი იცავდნენ. გერმანიისას კი, სამი ხედირა, ტომას მიულერი, ჰოლგერ ბადშტუბერი, ჟერომ ბოატენგი, ფილიპ ლამი და მანუელ ნოიერი.
ფეხბურთელები, რომელთაც ერთად უთამაშიათ:
ალვარო მორატა, ტიაგო ალკანტარა, ხუან ბერნატი, ხავი მარტინესი (ესპანეთის ნაკრები).
პატრის ევრა, პოლ პოგბა, კინგსლი კომანი და ფრანკ რიბერი (საფრანგეთის ნაკრები).
ალვარო მორატა და ჩაბი ალონსო (“რეალი”).
ალექს სანდრო, ერნანესი და დუგლას კოშტა (ბრაზილიის ნაკრები).
სამი ხედირა და სვენ ულრეიხი (“შტუტგარტი”).
სამი ხედირა, მანუელ ნოიერი, ჟერომ ბოატენგი, ჰოლგერ ბადშტუბერი, ფილიპ ლამი, მარიო გიოტცე და ტომას მიულერი (გერმანიის ნაკრები).
სავარაუდო შემადგენლობები:
“იუვენტუსი” (4-4-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, ევრა; კუადრადო, ხედირა, მარკიზიო, პოგბა; დიბალა, მანჯუკიჩი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, კიმიჩი, ალაბა, ბერნატი; ჩაბი ალონსო; რობენი, მიულერი, ალკანტარა, დუგლას კოშტა; ლევანდოვსკი
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)