ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ წყვილებში “არსენალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. “ბარსელონასთან” ინგლისურ გუნდს ცუდი მოგონებები აკავშირებს, რადგან 2010 და 2011 წლებში მიჯრით ორჯერ დამარცხდა. “მეთოფეები” ფავორიტად ახლაც არ ითვლებიან და მათი შანსი არცთუ ისე ფასობს. ამას მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერიც ხვდება და ამბობს, ჩვენი საგოლე მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთო. ვენგერის სიფრთხილე გასაგებიცაა, რადგან “ბარსას” უკვე 32 თამაშია არ წაუგია, რაც ამ გუნდის ისტორიაში საუკეთესო წაუგებელი სერიაა. “ბლაუგრანა” ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს და დიდი ალბათობით, წელსაც ჩემპიონი გახდება. “არსენალიც” პრემიერლიგაში ოქროს მედლებისთვის იბრძვის, თუმცა საქმე “ბარსელონასავით” არხეინად არ აქვს. თანაც, ვენგერის ბიჭები არასტაბილურად თამაშობენ. “არსენალი” სამი დღის წინ ინგლისის ასოციაციის თასზე ქვედალიგელ “ჰალ სიტის” შინ დაუზავდა – 0:0.
ვენგერს დღეს მიკელ არტეტას, სანტი კაზორლას, გაბრიელის, ჯეკ უილშირისა და ტომაშ როსიცკის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომელთაც სხვადასხვა სახის ტრავმები აწუხებთ. რაც შეეხება “ბარსელონას”, კატალონელთა დანაკლისი შედარებით მსუბუქია – ტრავმირებული რაფინია და დისკვალიფიცირებული არდა თურანი.
“ემირეითსზე” გასამართ მატჩში ფრთხილად მასპინძელთაგან ოლივიე ჟირუ, მესუტ იოზილი და ჟოელ კემპბელი უნდა იყვნენ, რომელთაც ყვითელი ბარათები აქვთ. ესპანელთაგან იგივე სიტუაციაში ჟერარ პიკე იმყოფება.
ერთი საინტერესო დეტალი: “ბარსელონას” ვარსკვლავ ლიონელ მესის პეტერ ჩეხისთვის ჯერ გოლი არ გაუტანია. არადა, მესისა და ჩეხს აქამდე ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში 6-ჯერ მოუწიათ.
არსენ ვენგერი (“არსენალის” მთავარი მწვრთნელი): “მათ წარმოუდგენელი თავდამსხმელები ჰყავთ, რომელთაც გატანა ნებისმიერ ეპიზოდში შეუძლიათ. შესაძლოა ბურთს არ აკონტორლებდნენ და მაშინაც. ასე იყო შარშანდელ ფინალში “იუვენტუსთან”, როცა ანგარიში 1:1 იყო. ლუის ენრიკეს ჯერ კიდევ იქედან ვიცნობ, როცა ფეხბურთელი გახლდათ და “უემბლიზე” გოლიც გაგვიტანა. მან დიდი სამუშაო გასწია, პირველივე წელს “ტრიპლეტი” შეასრულა.
მახსოვს, 2006 წლის ფინალიც. მაშინ მესის არ უთამაშია ტრავმის გამო, თუმცა 10 წელიწადში უდიდესი ნაბიჯი გადადგა”.
ლუის ენრიკე (“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი): “არსენალი” კარგია და ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს შეტევაში. ფავორიტად ყოფნა ცოტას ბევრს არ ნიშნავს, ამიტომ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ. კმაყოფილი ვიქნები დღეს დადებით შედეგს თუ მივაღწევთ.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ძლიერი სამეული მყავს შეტევის ხაზში. მათი მწვრთნელობა შესანიშნავია”.
პრეცედენტი
ბოლოს “არსენალი” და “ბარსელონა” ერთმანეთს 2010-2011 წლების სეზონში შეხვდნენ. მაშინ ლონდონელებმა შინ 2:1 მოიგეს რობინ ვან პერსისა და ანდრეი არშავნის გოლებით. “ბარსა” კი დავიდ ვილიამ დააწინაურა. საპასუხო თამაშში კი ესპანელებმა 3:1 იმარჯვეს. დუბლით ლეო მესი გამოირჩა. თავიდან კი “არსენალი” იგებდა სერხიო ბუსკეტსის ავტოგოლით.
მაშინ გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს (16 თებერვალი, 2011 წელი):
“არსენალი”: შჩესნი; ებუე, კოშელნი, ჯურუ, კლიში, სონგი (არშავინი 68), უილშირი, ფაბრეგასი, ნასრი, უოლკოტი (ბენტნერი 77), ვან პერსიე
“ბარსელონა”: ვალდესი, დანი ალვეში, პიკე, აბიდალი, მაქსველი, ჩავი, ბუსკეტსი, ინიეტსა (ადრიანო 89), პედრო, მესი, ვილა (კეიტა 68)
ერთი წლით ადრე კი “ბარსამ” მეტოქე 4:1 გაანადგურა. “მეთოფეთა” კარში ოთხივე გოლი მესიმ გაიტანა, ხოლო მანამდე ლონდონში გუნდები დაზავდნენ – 2:2. მასპინძელთაგან თეო უოლკოტმა და ჩესკ ფაბრეგასმა გაიტანეს.
2006 წელს “ბარსელონამ” “არსენალს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2:1 მოუგო. ინგლისელები იენს ლემანის გაძევების შემდეგ დასაწყისიდანვე კაცნაკლულნი დარჩნენ. სოლ კემპბელმა თავიდან არსენ ვენგერის გუნდი დააწინაურა, ხოლო სამუელ ეტოომ და ჟულიანო ბელეტიმ თასი “ბარსას” მოაგებინეს.
“ბარსელონას” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე “არსენალს” ფეხბურთელობისას 1999-2000 სეზონში დაუპირისპირდა და გოლიც გაიტანა .
სტატისტიკა
“არსენალი”
“არსენალი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2010 წლის მერე აღარ გასულა.
ლონდონური გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მიჯრით მეთექვსმეტედ გავიდა. არადა, ჯგუფურ ეტაპზე პირველი ოთხი თამაშიდან სამი წააგო, მაგრამ “ოლიმპიაკოსს” ურთიერთშეხვედრების ხარჯზე მაინც აჯობა.
“მეთოფეებს” მერვედფინალში საკუთარ მოედანზე ბოლო სამი მცდელობიდან პირველივე მატჩი წაგებული აქვს – 2013 და 2014 წელს “ბაიერნთან” და შარშან “მონაკოსთან”.
“არსენალს” ესპანურ გუნდებთან ბოლო რვა საპლეი-ოფო დაპირისპირებიდან ხუთი აქვს მოგებული. ბოლოს ასეთი რამ 2008-2009 წლების სეზონის მეოთხედფინალში “ვილიარელთან” მოხდა, როცა ორი მატჩის ჯამში 4:1 იმარჯვა.
“ბარსელონას” გარდა, ლონდონელებს ორი ფინალი სხვა ესპანურ გუნდებთანაც წაუგია – 1995 წელს, თასების თასის გადამწყვეტი მატჩი “სარაგოსასთან” და 1980 წელს, იმავე ტურნირზე “ვალენსიასთან”.
მთლიანობაში კი, ესპანურ გუნდებთან “არსენალს” ლონდონში დადებითი ბალანსი გააჩნია: 8 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება.
“ბარსელონა”
“ბარსელონამ” ჯგუფური ეტაპი წაუგებლად გაიარა. სტუმრად კი სამი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ორჯერ ფრედ ითამაშა.
“ბარსას” შანსი აქვს მეოთხედფინალში ზედიზედ მეცხრედ გავიდეს.
ბოლო ორ სეზონში “ბლაუგრანა” მერვედფინალის პირველ მატჩს იგებდა. ორჯერვე მან წარმატების მოპოვება ინგლისში მოახერხა და ორჯერვე “მანჩესტერ სიტის” მოუგო – 2014 წელს 2:0, ხოლო 2015 წელს 2:1.
კატალონელებს ინგლისელებთან აქამდე 4 ფინალი აქვს ნათამაშები – 2006 წელს სწორედ “არსენალს” მოუგეს, 2009 და 2011 წლებში კი “მანჩესტერ იუნაიტედს”. თავის მხრივ, იმავე “იუნაიტედთან” 1991 წელს თასების თასის ფინალი წააგეს – 1:2.
საერთო ჯამში ინგლისურ გუნდებთან სტუმრად “ბარას” შედეგი ასეთია: 8 მოგება, 8 ფრე, 14 წაგება.
ფეხბურთელები და მწვრთნელები
არსენ ვენგერმა “მონაკოს” მთავარი მწვრთნელის რანგში 1993-1994 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონასთან” ორივე მატჩი წააგო – 0:1, 0:2.
ალექსის სანჩესს “ბარსელონას” შემადგენლობაში 2011-2014 წლებში 141 თამაშში 47 გოლი აქვს გატანილი.
“ჩელსის” ფეხბურთელის რანგში პეტერ ჩეხს “ბარსელონასთან” 2009 წელს ნახევარფინალი აქვს წაგებული, როცა ანდრეს ინიესტასგან ბოლო წუთზე გადამწყვეტი გოლი გაუშვა. თუმცა, 2012 წელს, იმავე “ბარსას” მოუგო და ფინალში გავიდა. გარდა ამისა, 2005 წელს მერვედფინალში იმარჯვა ჩეხმა, ერთი წლის მერე კი დამარცხდა.
ლუის სუარესს “ლივერპულის” რიგებში “არსენალისთვის” ორი გოლი გაუტანია: 2011 წლის აგვისტოში და 2013 წლის იანვარში.
ტომას ვერმაელენი “არსენალში” 2009-2014 წლებში თამაშობდა და “მეთოფეთა” მაისური პრემიერლიგაში 110-ჯერ მოურგია.
სანტი კაზორლას 2007 წელს “ვილიარეალის” რიგებში “ბარსას” კარში გაუტანია. ჯამში კი “ყვითელი სუმბარინასა” და “მალაგას” შემადგენლობაში კატალონიელთა წინააღმდეგ 13 მატჩიდან 2 მოგება, ფრე და 9 წაგება აქვს.
ჰექტორ ბელერინი კარიერას “ბარსელონას” სკოლაში იწყებდა, ხოლო “არსენალში” 2011 წელს გადაბარგდა. მის გარდა, მიკელ არტეტაც “ბლაუგრანას” სკოლის აღზრდილია. “ლა მაზიადან” არტეტამ ჯერ პსჟ-ს მიაშურა და შემდეგ “გლაზგო რეინჯერსში” გადავიდა.
“რეალის” ფეხბურთელის რანგში მესუტ იოზილს “ბარსელონას” წინააღმდეგ 16-ჯერ უთამაშია – 4 მოგება, 4 ფრე, 6 წაგება. 2011 წელს, ესპანეთის სუპერთასზე კი მოედნიდან გააძევეს.
ფეხბურთელები, რომელთაც ერთად უთამაშიათ:
სანტი კაზორლა, ჟორდი ალბა, მარკ ბარტრა, სერხიო ბუსკეტსი, ჟერარ პიკე, ანდრეს ინიესტა (ესპანეთის ნაკრები).
მესუტ იოზილი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანიის ნაკრები).
ლორენ კოშელნი, ოლივიე ჟირუ და ჟერემი მატიე (საფრანგეთის ნაკრები).
ალექსის სანჩესი და კლაუდიო ბრავო (ჩილეს ნაკრები).
სავარაუდო შემადგენლობები:
“არსენალი” (4-2-3-1): ჩეხი; ბელერინი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი; რემსი, კოკელნი; უოლკოტი, იოზილი, სანჩესი; ჟირუ
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
მსაჯი: ჩიუნეთ ჩაკირი (თურქეთი)