ფორმულა ერთის 2016 წლის სეზონი ფაქტობრივად დაიწყო - გუნდებმა და მათმა პილოტებმა, ბარსელონას მონტმელოზე თავიანთი ახალი ტექნიკის გამოცდები დაიწყეს. და დიდი პრიზების სამყაროს ყურადღება, რა თქმა უნდა, ამ ტრასისკენ არის მიპყრობილი, რადგან როგორც ამბობენ, სადაც ხარ წინასასეზონო ტესტებზე, იქ გაატარებ სეზონს.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ლიდერები პირველივე დღეს თავიანთი შესაძლებლობების ჩვენებას აპირებენ. მათი უპირველესი მიზანი, ახალი ბოლიდების ბრძოლისუნარიანობის შემოწმება, სხვადასხვა მომართვის მოსინჯვა, გამძლეობაზე ტესტები და საბურავების ტესტები წარმოადგენს. ამასთან, ტესტები მოკლე და ხანგრძლივი გამოსვლებით ტარდება. ტესტებზე გუნდები ბოლიდების სრულყოფას ეცდებიან, რათა მელბურნში, პირველ ეტაპზე, მაქსიმალურად მომზადებულები გამოვიდნენ.
და მაინც, პირველივე დღეს ყველას აინტერესებს, ვინ იქნება ყველაზე სწრაფი. დღეს ასეთი სებასტიან ფეტელი იყო, რომელმაც ორი სესიის ჯამში, 69 წრის გავლა მოასწრო და მათგან საუკეთესო, 1:24.939-ში გაიარა. ის ერთადერთი პლოტია, ვინც მონტმელოს წრის წუთსა და 25 წამზე ნაკლებში გავლა მოახერხა.
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონზე გაცილებით მეტი, 156 წრე გაიარა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა, რომელმაც მეორე საუკეთესო დროც დააფიქსირა და ყველაზე მეტი მანძილის გავლაც მოასწრო. თან არანაირი პობლემა არ შექმნია. ამგვარად, „მერსედესმა“ თავისი ერთ-ერთი ძლიერი მხარე - გამძლეობა გამოავლინა. ორივე პილოტმა საუკეთესო დრო „პირელის“ მედიუმ რეზინით დააფიქსირა.
დანიელ რიკარდომ 87 წრე გაიარა მესამე უსწრაფესი იყო, თუმცა ფეტელს წამზე მეტით ჩამორჩა. მართალია, თავიდან სისწრაფით ვერ დაიკვეხნიდა, თუმცა მთავარი ისაა, რომ მანაც ტესტების პირველი დღე უპრობლემოდ დაასრულა. მეოთხე უსწრაფესი ვალტერი ბოტასი იყო, მეხუთე დრო კი „ფორს ინდიას“ ახალგაზრდა ტესტ პილოტს, მექსიკელ ალფონსო სელისს ჰქონდა, რომელმაც ეს რბილი საბურავებით შეძლო.
მეექვსე იყო ჯენსონ ბატონი, რომელმაც თავისი ახალი „მაკლარენით“ 83 წრის გავლა შეძლო. ეს კი ნიშნავს, რომ უოკინგელებმა და მათმა პარტნიორმა „ჰონდამ“ ერთი დიდი პრობლემა მოაგვარეს - მათი ბოლიდი აღარ ფუჭდრბეა ყოველ ფეხის ნაბიჯზე. და როგორც ჩანს, სიჩქარეც მოემატა. მართალია სოფტებით, მაგრამ მაინც. ოღონდ, ეს „მაკლარენ-ჰონდასთვის“ საკმარისი ნამდვილად არ იქნება - მათ გაცილებით მეტის ამბიციები აქვთ.
პირველი ტესტები ნაადრევად დაასრულა კარლოს საინსმა, ვინც საბოლოოდ მე-7 დროს დასჯერდა. „ტორო როსოს“ ტელემეტრიამ აჩვენა, რომ გადაცემათა კოლოფის შეზეთვის სისტემაში პრობლემა წარმოიქმნა, რის გამოც, ესპანელს ბოქსებში ნაადრევად უხმეს.
ერთადერთი პილოტი, რომელმაც ტესტებზე გასული სეზონის ბოლიდი გამოიყენა, მარკუს ერიკსონია. ამის მიუხედავად, „ზაუბერის“ პილოტი მაინც არ იყო ყველაზე ნელი. მან უკან ჩამოიტოვა „მენორის“ გერმანელი ახალბედა პასკალ ვერლაინი, რომელმაც 54 წრე გაიარა.
პრობლემა შეექმნა ახალბედა „ჰაასის“ რომენ გროჟანს. მის მანქანაზე მწყობრიდან გამოვიდა წინა ფრთა, რის გამოც ფრანგმა ბოქსებში რამდენიმე საათი გაატარა. სხვათა შორის, სწორედ მისი მომტვრეული ფრთის გამო, ტესტები დროებით შეწყდა, რათა ტრასა ნამსხვრევებისგან გაეწმინდათ. გროჟანმა მაინც შეძლო უკან ჩამოეტოვებინა „რენოს“ დებიუტანტი ჯოლიონ პალმერი, რომელმაც ფრანგულ გუნდში სწორედ მისი ადგილი დაიკავა. პალმერსაც გარაჟში ყოფნამ დიდხანს მოუწია.
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:24.939 (69)
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:25.409 (156)
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:26.044 (87)
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:26.091 (80)
- ალფონსო სელისი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:26.298 (58)
- ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:26.735 (84)
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:27.180 (55)
- მარკუს ერიკსონი (შვედთი, ზაუბერი) 1:27.555 (88)
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:28.292 (54)
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:28.399 (31)
- ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:29.356 (37)







