ფეხბურთი

19:04 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ექსპერტთა შეფასება: ბუფონი VS ნოიერი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები როდესაც ცნობილი გახდა, იმთავითვე ნათელი იყო, რომ მთავარი დაპირისპირება ტურინის “იუვენტუსსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის შედგებოდა. აღნიშნულ მატჩამდე სულ რაღაც ერთი დღე დარჩა და ბუნებრივია მისდამი ინტერესი უფრო და უფრო მატულობს.

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა მცირე ჩანახატი მიუძღვნა ორივე გუნდის მეკარეებს – ჯანლუიჯი ბუფონსა და მანუელ ნოიერს.

საერთოდ, დღეს თუ ვინმეზე ითქმის მსოფლიოში საუკეთესო მეკარეოა, უპირველეს ყოვლისა ადამიანს თავში ან ბუფონის სახელი ამოუტივტივდებდა, ან ნოიერის. uefa.com-ი კი თამაშამდე ორივე კიპერზე აზრს მათ ძველ კოლეგებს დაეკითხა – აღნიშნულ სტატიას აქვე გთავაზობთ:

იენს ლემანი (გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე): “რა თქმა უნდა, ბუფონი ბრწყინვალე მეკარეა, თუმცა მე არ მომწონს, რომ მან იტალიის გარეთ არ ითამაშა. ეჭვგარეშეა ჯიჯიმ სერია A-ში და იტალიის ნაკრებში წარმოუდგენლად კარგად ითამაშა, მაგრამ ვფიქრობ, ნოიერი მას უსწრებს”.

დინო ძოფი (იტალიის ნაკრების ყოფილი მეკარე): “ბუფონი ჯერ კიდევ მაღალ დონეზე თამაშობს და მიუხედავად ასაკისა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს სადაო საკითხი არაა. სრულყოფილი მეკარეა, რომელიც მუშაობას აგრძელებს წლიდან წლამდე; სურს, რომ საუკეთესო იყოს ყოველთვის და ეს მნიშვნელოვანი ასპექტია ყველა ფეხბურთელისთვის.

ნოიერი კიდევ ერთი დიდი მეკარეა, ისიც საუკეთესოებშია. ძალიან ძლიერია ფიზიკურად და ჭკვიანი მოთამაშეა. მართალია, ხშირად რისკავს, განსაკუთრებით ფეხით თამაშის დროს, მაგრამ ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს.

რთული სათქმელია, რომელია მათ შორის საუკეთესო. ფაქტია, ორი დიდებული მეკარე განსხვავებული სტილით. შესანიშნავი იქნება ერთმანეთის წინააღმდეგ მათი ნახვა”.

ლუკა მარკეჯანი (იტალიის ნაკრების ყოფილი მეკარე): “რთულია ასარჩევია, რომელი სჯობს, ბუფონი თუ ნოიერი – გერმანელმა მეკარეების თამაშის სტილი ბოლო წლებში შეცვალა. იგი თანამედროვე კიპერების რევოლუციას ახდენს და საჯარიმოს გარეთ ძალიან მშვიდად თამაშობს. ბუფონი ამ მხრივ არ გამოირჩევა, მაგრამ ძელებს შორის კვლავინდებურად საუკეთესოა”.

უეფას ოფიციალური ვებგვერდი ბუფონზე თავად მანუელ ნოიერსაც დაეკითხა:

მანუელ ნოიერი (გერმანიის ნაკრებისა და “ბაიერნის” მეკარე): “ჯიჯი არის მეკარე, რომელიც უმაღლეს დონეზე წლებია თამაშობს და მსოფლიოში ტოპ მეკარეებს შორისაა ყოველ წელს. ვუყურებ ჩემპიონთა ლიგაზე და იტალიის ნაკრებში მის გამოსვლას, ეს ჩემთვის სამაგალითოა. შესანიშნავია, რომ ბუფონი ისევ ფეხბურთშია და მის წინააღმდეგ ისევ ვითამაშებ. იგი დიდი მეკარეა და ჩვენს შორის უდიდესი პატივისცემაა.

ვიქნები თუ არა იმ დონეზე 40 წლის ასაკში, როგორც ბუფონია? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია; რთული წარმოსადგენია რა იქნება მომავალში, რადგან 29 წლის ეს-ესაა გავხდი. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა, თუ რა მოხდება 4 ან 5 წლის შემდეგ”.

“იუვენტუსისა” და “ბაიერნის” უაღრესად საინტერესო მატჩის პირველი რაუნდი სამშაბათს, “იუვენტუს სთედიუმზე” შედგება და იგი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109624