საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე (სანდრო) მეტრეველი მონაწილეობას არ მიიღებს 4-6 მარტს თბილისში დაგეგმილ დევისის თასის მატჩში, რომელშიც მეტოქე დანიის ეროვნული გუნდი იქნება.
მეტრეველმა ფეისბუქის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელი განმარტება გამოაქვეყნა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს. სანდრო გულდაწყვეტილი იმ დამოკიდებულებითაა, რომელსაც მისდამი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას იჩენს და აღნიშნავს, ფედერაციის ამ შემადგენლობასთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ გააჩნია.
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების წევრის
ალექსანდრე (სანდრო) მეტრეველის
ღია წერილი
საქართველოს ჩოგბურთის გულშემატკივრებს!
თქვენდამი ჩემი მიმართვა მინდა დავიწყო პატიების თხოვნით იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გამორიცხავს ჩემს მონაწილეობას დევისის თასის მატჩში – საქართველოსა და დანიის ჩოგბურთის ნაკრებ გუნდებს შორის, რომელიც გაიმართება ა.წ. 4, 5, 6 მარტს ქ. თბილისში.
როგორც ცნობილია, წარუმატებელი ასპარეზობის შედეგად, საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდა დევისის თასის გათამაშების ყველაზე დაბალი კატეგორიის ქვეჯგუფში. მხოლოდ 2015 წლის ივლისში, ჩვენი ნაკრების (ნ.ბასილაშვილი, ა.მეტრეველი, გ.ცივაძე, გ.ჯავახიშვილი) წარმატებული ასპარეზობის შედეგად, შევძელით ოთხი ქვეყნის გუნდის დამარცხება, რის შედეგადაც მოვიპოვეთ ზემდგომი კატეგორიის ჯგუფში მონაწილეობის უფლება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირის ყველა მატჩში მივაღწიე გამარჯვებას და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების ამ მნიშვნელოვან წარმატებაში.
2016 წლის 4, 5, 6 მარტს ქ. თბილისში დაგეგმილი დევისის მატჩში საასპარეზოდ, მწვრთნელთან ერთად შევიმუშავეთ მომზადების გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა 2016 წლის იანვარ-თებერვალში: ტაილანდის, ფილიპინების, იტალიისა და პოლონეთის საჩოგბურთო ტურნირებში ჩემს მონაწილეობას.
აღნიშნული გეგმის განხორციელება დამოკიდებული იყო საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მიერ დაპირებულ პრემიალურ ფონდზე, რომელიც უნდა გადმოგვცემოდა ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა, თავისი პირობა პირნათლად შეასრულა, ხოლო საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ ნაკრებს შეპირებული თანხის მხოლოდ ნახევარი გამოუყო, საიდანაც ჩემს წილად მიღებული ჰონორარი იმდენად მცირე იყო, რომ მხოლოდ ტაილანდის ტურნირის დაფინანსებისთვის ვიმყოფინე.
მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მოთხოვნისა, დარჩენილი თანხა არ იქნა გადმორიცხული და მისი მიუღებლობის გამო, იძულებული გავხდი იანვრის შუა რიცხვებში დავბრუნებულიყავი თბილისში და შესაბამისად, შემეწყვიტა სპორტული მომზადების პროგრამა დევისის თასისთვის.
ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ჩემი სპორტული საქმიანობის დაფინანსების საკითხზე, ბოლო 3 წლის განმავლობაში მუდმივ დაპირისპირებაში ვარ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ ჩემმა დასაბუთებულმა მოთხოვნებმა არავითარი შედეგი არ გამოიღო.
მეტი გამჭვირვალობისთვის, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ბიუჯეტმა მიახლოებით 1 200 000 (მილიონ ორასი ათასი) ლარი შეადგინა. ხოლო ამავე სამი წლის მანძილზე, ჩემი დაფინანსების მიზნით გამოყოფილი ჯამური თანხა, 19 000 (ცხრამეტი ათასი) ლარს არ აღემატება.
ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს ფედერაციის ბიუჯეტი საგრძნობლად გაზრდილია და დაახლოებით 1 000 000 (მილიონი) ლარს აღწევს, თუმცა პირადად მე დღეის მდგომარეობით არ მიმიღია ფედერაციისგან არანაირი ოფიციალური დოკუმენტი მიმდინარე წლის დაფინანსების შესახებ, რაც ბუნებრივია არ მაძლევს საშუალებას ეფექტურად დავგეგმო ჩემი მონაწილეობის გრაფიკი საერთაშორისო ტურნირებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ნათლად ჩანს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გულგრილი დამოკიდებულება ჩემს მიმართ. იგი არ თვლის საჭიროდ ხელი შემიწყოს წარმატებული სპორტული კარიერის ფორმირებაში, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა, შესაბამისად აღარც მე გამაჩნია ფედერაციის ამ შემადგენლობასთან ურთიერთობის არანაირი სურვილი.
ამრიგად, ჩემი ამჟამინდელი მომზადების ხარისხი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა სარგებელს ვერ მოუტანს ვერც საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებს და ვერც თქვენს ნდობას გაამართლებს 2016 წლის დევისის თასისის გათამაშებაში. შესაბამისად უარს ვამბობ დაგეგმილ მატჩში მონაწილეობის მიღებაზე, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას.
პატივისცემით თქვენი ალექსანდრე (სანდრო) მეტრეველი
22.02.2016
P.S. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების დანარჩენ წევრებს ვუსურვებ გამარჯვებას დანიის ნაკრების წინააღმდეგ.