ფორმულა 1-ის ახალმა გუნდმა, ამერიკულმა „ჰაასმა“ თავისი პირველი ავტომობილი, VF-16 წარმოგვიდგინა, რომელსაც საქმეში პირველად ბარსელონას ტესტების დაწყებისთანავე, ხვალ გამოსცდის. ავტომობილი „ფერარის“ აგრეგატითაა აღჭურვილი და ის „ჰაასის“ ინჟინრების ორწლიანი გარჯის შედეგია.
ბოლიდის სახელი არის გაგრძელება „ჰაას ავტომეიშნის“ საქმიანობისა - ეს კომპანია აბრევიატურა VF-ით ავტომატიზებულ ჩარხებს აწარმოებს. პირველი ასეთი დანდგარი VF-1, ჯერ კიდევ 1988 წელს აქვს შექმნილი. ჩარხების შემთხვევაში, V ვერტიკალურ ტიპზე მიანიშნებს, ფ1-ის ბოლიდის შემთხვევაში კი, გუნდის შეფმა ჟენ ჰაასმა აბრევიატურას უწოდა „ვერი ფირსტ ვან“.
„ჰაასის“ ევროპული შტაბ-ბინა ბრიტანეთში, ბანბერიში მდებარეობს, თუმცა გუნდს მჭიდრო ტექნიკური თანამშრომლობა აქვს „ფერარისგან“, რომლის ძრავის გარდა, აეროდინამიკურ მილსაც იყენებს. ერთი საპრიზო პილოტიც კი, „ფერარისგან“ ჰყავს - ესტებან გუტიერესი სწორედ მარანელოელთა სარეზერვო პილოტი იყო.
ასეთი სოლიდური მხარდაჭერის იმედზე, გუნდის შეფი გიუნტერ შტაინერი ამბობს, რომ პირველივე სეზონში ქულების აღებას გეგმავს: „ამ მანქანით ჩვენი მიზანი ქულების აღებაა. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ ამ საქმისთვის თავის გართმევა შეგვიძლია, რომ ფინიშთან მიღწევის უნარი გაგვაჩნია. ჩვენ ფანების და სხვა გუნდებისგან პატივისცემა უნდა დავიმსახუროთ. შემდეგ კი ქულების აღებაზეც ვიზრუნებთ. ესაა მთავარი მიზანი“.
მექსიკელ გუტიერესთან ერთად, ამერიკული გუნდის ბოლიდით ფრანგი რომენ გროჟანიც იასპარეზებს, რომელმაც „ლოტუსი“ (ახლანდელი რენო) გასული სეზონის ბოლოს დატოვა. „ჰაასის“ პირველმა ბოლიდმა, ეგრეთ წოდებული საინსტალაციო წრე უკვე გაიარა ბარსელონას ტრეკზე.







