კალათბურთი

22:51 | 21.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 16 ქულა და დასანანი მარცხი თასის ფინალში

მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკას” თურქეთის თასის მოგებამდე ორიოდ წამი დააკლდა. სწორედ ამ დროს, “ფენერბაჰჩეს” სერბმა ლეგიონერმა ბოგდან ბოგდანოვიჩმა სამქულიანი გაისროლა და თავის გუნდს 67:65 მოაგებინა.

არადა, “დარუშაფაკას” გამარჯვების შემთხვევაში, დიდი შანსი იყო, ფინალის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი მცველი დაესახელებინათ, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მარკოიშვილმა 24:47 წუთი ითამაშა და 16 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა, რაც “დარუშაფაკას” რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. მანუჩარმა 4-დან 2 ორქულიანი და 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

15 ქულა ჩააგდო ქართველის ამერიკელმა თანაგუნდელმა სკოტი ვილბეკინმა, “ფენერბაჰჩეს” მხრიდან კი, ბოგდანოვიჩის (21 ქულა) გარდა, ჩეხი ცენტრი იან ვესელი გამოირჩა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – 14 ქულა, 9 მოხსნა.

მარკოიშვილისთვის ეს მარცხი ძალიან დასანანი იქნებოდა, თუმცა, ჩვენი ნაკრების ქომაგისთვის მთავარი მანუს დამაჯერებელი თამაში უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ მან თასის მეოთხედფინალში ასევე 16 ქულა ჩააგდო, ნახევარფინალში კი – 10 და ჯამში, სათასო ბატალიების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.

0.120372