ბარსელონას ტესტების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, „მაკლარენმა“ თავისი ახალი ბოლიდი, MP4-31 ინტერნეტით გავრცელებული ფოტოებით გაგვაცნო. „ჰონდას“ ძალური დანადგარით აღჭურვილ ბოლიდზეა დამოკიდებული, უოკინგელები კრიზისის დაძლევას შეძლებენ, თუ ისევ მაჩანჩალებად დარჩებიან. ფაქტია, რომ გასული სეზონი, მათთვის 1980 წლის შემდეგ ყველაზე უარესი იყო.
მაგრამ ასეთი ცუდი გამოსვლის მიუხედავად, „მაკლარენში“ დარწმუნებულები არიან, რომ ახალი ძრავი მოწინავეთა შორის დაბრუნების საშუალებას მისცემთ. გუნდის აღმასრულებელ დირექტორ რონ დენისს სჯერა, რომ მულტინაციონალური კომპანიის სრული მხარდაჭერით, თანამედროვე ფ1-ში წარმატების მიღწევა სრულიად შესაძლებელია.
„მერწმუნეთ: მულტინაციონალური საავტომობილო კომპანიის სრული საქარხნო მხარდაჭერა ის პლატფორმაა, საიდანაც თანამედროვე ფორმულა ერთში წარმატების მიღწევაა შესაძლებელი. როგორც „მაკლარენ-ჰონდა“, ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ერთადვე ვაპირებთ წარმატების მიღწევას, გამარჯვებას. და ეს მონდომება, კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ურთიერთობას. და ჩვენ ახალ სეზონში ერთად მივიღებთ გამოწვევებს“, - ამბობს დენისი.
მაგრამ ის თავს არიდებს პროგნოზს იმაზე, თუ როდის შეძლებს მისი გუნდი მოწინავეთა რიგებში დაბრუნებას: „ჩვენ პარტნიორობის მეორე წელს ვიწყებთ. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ იმაზე, რომ საერთო მიზანს მივაღწიოთ. ეს მიზანი კი გამარჯვებაა. ოღონდ, ვერ ვიტყვით, თუ როდის შევძლებთ გამარჯვებას. ერთის თქმა შემიძლია - ყოველი ჩვენგანი დაუღალავად მუშაობს ამ მიზნის მისაღწევად“.
ახალ ავტომობილზე, პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ ის ისევ კონცეპცია „საიზ ზიროს“ მიხედვით შემუშავდა. ამ კონცეპციის არსი, მანქანის უკანა ნაწილის ძალიან მჭიდრო შეთანწყობას ეფუძნება. თუმცა, აშკარაა, რომ ძრავის არეში, მანქანა ოდნავ გაფართოებული. როგორც ჩანს, ამ კომპრომისული გადაწყვეტისკენ, ინჟინრებს იმ პრობლემების მოგვარების აუცილებლობამ უბიძგა, რომლებმაც გასული სეზონის ფიასკო განაპირობა. უფრო კონკრეტულად კი, „ჰონდას“ მიერ მოდიფიცირებული აგრეგატი, ძველ გაბარიტებში ვერ ჩაეტია.
ტესტების დროს, ყველაზე მეტ ინტერესს ERS სისტემების (თბური და კინეტიკური ენერგიის აღდგენის სისტემები) გამართული მუშაობა წარმოადგენს. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ გასულ სეზონში მანქანას სიმძლავრე და შესაბამისად, სიჩქარეც აკლდა.
დაბოლოს, „მაკლარენს“ ორი ახალი სპონსორი ჰყავს - ცქრიალა ღვინის მწარმოებელი „შანდონი“ (რომლის ღვინითაც, წლების განმავლობაში ტარდებოდა დაჯილდოების ცერემონიები) და ძვირფასი საათების მწარმოებელი „რიშარ მილე“.







